ნადეჟდა მიხალკოვას ლევან კოღუაშვილის ფილმში იღებენ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშინადეჟდა მიხალკოვა
ნადეჟდა მიხალკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ ფილმში რუსი მსახიობი ნიუ-იორკში მომუშავე ემიგრანტის როლს ასრულებს, რომელიც მოხუცებულთა დღის სახლში მუშაობს

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ცნობილ რუს მსახიობს, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილს, ნადეჟდას ქართველი რეჟისორი, ლევან კოღუაშვილი ფილმში „მეოთხე ბრაიტონი" იღებს, რომლის მოვლენებიც ნიუ-იორკში ვითარდება.

დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულ არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.

ნადეჟდა მიხალკოვა რუსი ემიგრანტის, ლენას როლს ასრულებს, რომელიც ბრუკლინის მოხუცებულთა დღის ცენტრში მუშაობს.

ფილმში ნაჩვენებია ქართველი ემიგრანტების პრობლემები, ასევე ის ეხება მამებისა და შვილების ურთიერთობების მარადიულ საკითხებს. თუმცა, რეჟისორის თქმით, ფილმის მთავარი თემა მაინც თანამედროვე ქართველების ცხოვრების ჩანახატებია.

„ბრაიტონი — ეს საინტერესო, ეგზოტიკური და ძალზე კინემატოგრაფიული ადგილია, რომლის ფონზეც ვითარდება ჩვენი ისტორია — მარადიული და უნივერსალური ისტორია მამისა და ვაჟის ურთიერთობების. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ჩვენი სცენარის ნამდვილი ღირსება, რადგან, ერთი მხრივ, არის ბრაიტონის ორიგინალური ფაქტურა, მეორე მხრივ, კარგი აზრით, უბრალო და ადამიანური ისტორია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მაყურებლისთვის გასაგები იქნება. „მეოთხე ბრაიტონი" — ესაა ფილმი-განწყობა, ფილმი კარგი დასაწყისითა და ძლიერი ფინალით — ორი ფაქტორი, რომლებიც ხშირად ფილმის წარმატებას განაპირობებს", — განაცხადა ლევან კოღუაშვილმა, იუწყება კინოკომპანია „მოსკვიჩი".

მიხალკოვასთან ერთად, კოღუაშვილის ახალ ფილმში მონაწილეობენ ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე და ქართველი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილი.

ფილმის ოპერატორია ამერიკელი კინოოპერატორი, რეჟისორი და პროდიუსერი ფიდონ პაპამაიკლი.

ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, საბერძნეთის ადა ბულგარეთის ერთობლივი ნამუშევარია.

„მეოთხე ბრაიტონის" პირველი ნაწილის გადაღებები 2017 წლის თებერვალში დაიწყო და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონებში მიმდინარეობდა. დანარჩენი და ძირითადი ნაწილის გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

ფილმის პრემიერა 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კინოპორტალის Ioncinema ვერსიით, ის მიმდინარე წლის ყველაზე მოსალოდნელი 200 ფილმის სიაში შევიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0