თბილისში კალანდაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება

გამოწერა
იუბილარის შემოქმედება მოიცავს ფერწერას, პოეზიას, ლიტერატურას, კვლევებსა და სარედაქციო-გამომცემლობით საქმეს

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქართველი მხატვრის, ზურაბ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენა სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში 2018 წლის 9 თებერვალს გაიხსნება. გამოფენა მის 65 წლის იუბილეს ეძღვნება.

გამოფენა კალანდაძის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენებისა და შეხვედრების ციკლის ნაწილია, რომელიც ასევე გაიმართება ჰააგაში, როტერდამში, ბერხენში, ლარენსა (ჰოლანდია) და ჰასელტში (ბელგია), ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ზურაბ კალანდაძე - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის ცხოვრებისეული ფერწერა ჰოლანდიაში

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კალანდაძის 2002-2012 წლებში შექმნილი 27 ნამუშევარი. მათი მთავარი სტილისტური ნიშან-თვისებაა ორგანული კავშირი მითოსსა და პოეზიასთან.

ექსპოზიციაზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქანდაკება სახელწოდებით: "სიყვარულის ხე", რომელიც შესრულებულია მინაზე ლაზერული კვეთის მეთოდით.

ზურაბ კალანდაძე 1994 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს. მისი მოღვაწეობის არეალი მოიცავს მხატვრობას, პოეზიას, ლიტერატურის კვლევასა და სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობას. მას გამოცემული აქვს მხატვრული ნაწარმოებების ოცზე მეტი კრებული ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ზურაბ კალანდაძე ჰოლანდიის პროფესიონალ მხატვართა კავშირის (BBK) და იუნესკოს პარტნიორი ორგანიზაციის — ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის (IAA) წევრია.

© Photo: Courtesy of Publishing house Mtatsmindaზურაბ კალანდაძის შემოქმედება
ზურაბ კალანდაძის შემოქმედება - Sputnik საქართველო
ზურაბ კალანდაძის შემოქმედება

კალანდაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ორასამდე გამოფენაში. ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით. მისი თაოსნობით მოეწყო ქართველი მხატვრების ორმოცამდე გამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

გამოფენა 18:30 საათზე გაიხსნება და 2018 წლის 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმის მისამართია შოთა რუსთაველის 3.

 

ყველა ახალი ამბავი
0