ბრიტანელები ქართულად ამღერდნენ: ჯოს სტოუნმა Salio-ს სიმღერა შეასრულა

გამოწერა
ვიდეო პეტრას ციხის ფონზე 2017 წლის ზაფხულშია გადაღებული

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბრიტანელი სოულ და R&B მომღერალი და მსახიობი ჯოს სტოუნი, რომელმაც საკუთარი კარიერის პერიოდში მთელ მსოფლიოში ათ მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა და პრემიების Brit Awards-ისა და Grammy Award-ის მფლობელი გახდა, ქართულ ენაზე ამღერდა.

პოპულარულმა ბრიტანელმა, რომელიც ბათუმში Black Sea Jazz Festival-ზე 2017 წლის ივლისში წარდგა, ქართველ მომღერალსა და ავტორ-შემსრულებელ სალომე კორკოტაშვილთან (Salio) ერთად იმღერა.

„ეს საოცარია — იმღერო სიყვარულზე მისტიურ ნანგრევებზე, რომლებიც ოდესღაც ციხე ყოფილა. სიყვარულს მუსიკის ძალით ბევრი გამოხატავს. მაგრამ ეს იყო მშვენიერი ბგერა, რომელსაც მშვენიერი ადამიანი გამოსცემდა. მადლობა Salio-ს იმისათვის, რომ მან ჩვენი დღე უკეთესი გახადა“, — წერს ჯოს სტოუნი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ვიდეოში, რომელიც პეტრას ციხის ფონზეა გადაღებული, Salio ეუბნება ჯოს სტოუნს, რომ ეს ქართული სიმღერა სიყვარულზეა და რომ ის თერთმეტი წლის ასაკში დაწერა.

ჯოს სტოუნი ცნობილი გახდა 2003 წლის ბოლოს, სადებიუტო მულტიპლატინის ალბომის The Soul Sessions წყალობით, რომელმაც Mercury Prize-ის ნომინაცია მიიღო. მისი მეორე სტუდიური ალბომი Mind, Body & Soul-ი ასევე გახდა მულტიპლატინის, UK Albums Chart-ის სათავეში ერთი კვირის განმავლობაში იყო, ამ ალბომის სიმღერა You Had Me საუკეთესო ჰიტების ათეულში შევიდა და დიდ ბრიტანეთში დღემდე მომღერლის ყველაზე წარმატებულ სინგლად ითვლება. თითოეულმა ალბომმა 2005 წლის „გრემის ნომინაცია მიიღო, თავად მომღერალი კი „საუკეთესო ახალი არტისტის“ ჯოლდოს ნომინანტი გახდა. მომღერლის მესამე ალბომი Introducing Joss Stone 2007 წლის მარტში გამოვიდა და აშშ-ში ამ ალბომის 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რისთვისაც ხმისჩამწერი კომპანიების ამერიკული ასოციაციის ოქროს სერტიფიკატი მიიღო.

2006 წლის ბოლოს მომღერლის დებიუტი ფანტასტიკურ ფილმში „ერაგონი“ შედგა, რომელშის მან ალქაჯის როლი შეასრულა, ხოლო 2009 წელს — ტელევიზიაში, სადაც მან ამერიკული საკაბელო არხის Showtime პროექტ  „ტიუდორებში“ ანა კლევსკის როლი შეასრულა.


ყველა ახალი ამბავი
0