თბილისში 19 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის სურათები გამოიფინება

© National Library of Georgiaლიკა ქავჟარაძე
ლიკა ქავჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა, მაგრამ დარჩა მისი სურათები, რომელთაც მალე წარუდგენენ საზოგადოებას.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 11 ოქტომბერს გარდაცვლილი ცნობილი ქართველი კინომსახიობის ლიკა ქავჟარაძის სურათებს Art Gallery Vake-ში 19 ოქტომბერს გამოფენენ.

ექსპოზიციაზე სახელწოდებით "რე" პრეფიქსი — რე ინკარნაცია" წარმოდგენილი იქნება მსახიობისა და მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ოცამდე ფერწერული ნამუშევარი.

"ხატვა 30 წლის ასაკში, მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რასაც ქვეყანაში არსებული ომისა და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ, საკუთარ თავში ძიებისკენ", — ციტირებენ ლიკა ქავჟარაძის სიტყვებს ორგანიზატორები.

კადრი ფილმიდან ნატვრის ხე. ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლში - Sputnik საქართველო
ლიკა ქავჟარაძე: კინოში და ცხოვრებაში

ქავჟარაძის თქმით, ტილოზე ის გამოხატავდა თავის დადებით ემოციებს და თავისი სულის ფორმებს.

გამოფენის დასახელება "რე" პრეფიქსი — რე ინკარნაცია" ქავჟარაძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სურათის სახელწოდებაა. ნახატი მსახიობმა ბუდიზმის ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნა.

გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1973 წელს თბილისის კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი დაამთავრა. სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო, როცა იგი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მიიწვიეს.

ყველაზე დიდი წარმატება ლიკა ქავჟარაძეს მოუტანა თენგიზ აბულაძის ფილმმა "ნატვრის ხე", რომელშიც გლეხის გოგოს მარიტას როლი შეასრულა.

მსახიობს 20-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის: "ოჯახი", "პეპელა", "მხოლოდ ერთხელ", "კავკასიური რომანსი" და სხვ.

ლიკა ქავჟარაძე მეგობარმა 11 ოქტომბერს მისსავე სახლში გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი მონაცემებით, მსახიობს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით.

ყველა ახალი ამბავი
0