მის პასპორტში ორი რვიანი გაჩნდა!

© courtesy by Saba Metreveliმსახიობი ლამზირა ჩხეიძე
მსახიობი ლამზირა ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 ოქტომბერი მსახიობ ლამზირა ჩხეიძის დაბადების დღეა

იმედია, ყველას გახსოვთ ქართული ფილმი „მანანა“, რომელმაც თაობებს აჩუქა სიხარული, მოუტანა დღესასწაული. სწორედ, ამ ფილმით გაიცნო ფართო მაყურებელმა მსახიობი ლამზირა ჩხეიძე — ახალგაზრდა, მომხიბვლელი წითელყელსახვევიანი პიონერთა ხელმძღვანელი, გამწარებული რომ დასდევდა ანც გოგოს. ეკრანიდან მისი დასამახსოვრებელი ინტონაცი ისმოდა: „მანანა… მანანა!“ დღეს კი საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქართული ხელოვნების ამაგდარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი  ქალბატონი ლამზირა ჩხეიძე 88 წლის გახდა და რაოდენ უცნაურია ქართული (და არამარტო ქართული) სინამდვილისთვის, რომ თავად არ მალავს ასაკს, პირიქით, მას შეუძლია თამამდ გაიმეოროს: ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეაო!!!

ხელოვნება ადრეულ ბავშობაში შემოიჭრა მის სულში, მის ცნობიერში დამკვიდრდა ისეთ ძალით, რომ იმის განდევნა უკვე შეუძლებელი იყო. იმხანად მამა, ქართველი მწერალი დავით ჩხეიძე — თურდოსპირელი, ველისციხის სკოლის დირექტორი იყო. უკრაინულმა დასმა წარმოადგინა ტარას შევჩენკოს „Назар Стодоля“. პატარა ლამზირას (როგორც დირექტორის შვილს) სკამი ჩაუდგეს წინა რიგში და მარტო დატოვეს სცენის პირისპირ. გაიხსნა ფარდა. სასწაულისთვის ამ იდუმალების განცდაც კმაროდა — ზღაპრული ცხოვრება გადაიშალა მის თავლწინ: უკრაინული კოსტიუმები, მსახიობები გრიმში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უჩვეულო გარემო და ადამიანები, მერე სასიყვარულო სცენაც გათამაშდა და ამ პატარა ბავშვმა თავი ჩახარა. რას მიხვდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ შერცხვა თითქოს, განიცადა!

© National Library of Georgiaდავით ჩხეიძე შვილთან ლამზირა ჩხეიძესთან ერთად
დავით ჩხეიძე შვილთან ლამზირა ჩხეიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
დავით ჩხეიძე შვილთან ლამზირა ჩხეიძესთან ერთად

აკაკი ბაქრაძის მეუღლეს, ნელი რუსიშვილს, გაზეთი „ახალი 7 დღის" ჟურნალისტმა ჰკითხა, პირველად როდის გაიცანით ერთმანეთიო. პასუხი ასეთი იყო: — „პირველად აკაკი ბაქრაძის სახელი 1951 წლის მაისში, გავიგე. მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში იმართებოდა საკურსო სპექტაკლების განხილვა, რასაც ყველა მსურველი ესწრებოდა. მე სკოლას ვამთავრებდი. იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, ამიტომ ასეთ განხილვებს ვესწრებოდი ხოლმე. იმ დღეს წარმოადგინეს ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება". მთავარ როლებში იყვნენ მეოთხეკურსელები: რამაზ ჩხიკვაძე და ლამზირა ჩხეიძე. სპექტაკლის შემდეგ განხილვაში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საუბრობდნენ სპექტაკლის ღირსებებზე. თითქმის ყველა გამომსვლელი უსვამდა ხაზს რამაზ ჩხიკვაძის ბრწყინვალე ოსტატობას. ლამზირა ჩხეიძე, ცოტა არ იყოს, დაიჩაგრა, ჩრდილში აღმოჩნდა. უცებ სცენაზე ავიდა სრულიად უცნობი ახალგაზრდა — საშუალო ტანის, გამხდარი ყმაწვილი. დაიწყო საუბარი და მაშინვე ყველა მოაჯადოვა მჭევრმეტყველებით, ლოგიკით. ისაუბრა ლამზირა ჩხეიძის მიერ განსახიერებულ როლზეც, მის მსახიობურ ოსტატობაზეც. ახალგაზრდამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რასაკვირველია, ჩემზეც. მაშინ გავიგე, რომ იგი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი აკაკი ბაქრაძე იყო“. 

ნათელა ურუშაძე - Sputnik საქართველო
მას სძულდა ფარისევლობა და სიყალბე

ამ განხილვაზე მაშინ ერთმა ახალგაზრდა თეატრმცოდნემ მიწასთან გაასწორა ლამზირა ჩხეიძის ნამუშევარი. აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იქნებოდა ეს დამწყები მსახიობისთვის, მაგრამ, როცა აკაკი ბაქრაძემ თქვა: „ლამზირა ჩხეიძე სიუზონის როლში მე წარმომიდგენია როგორც საფრანგეთის დედა, სატრფო და და!“ თითქოს იმ დღეს ხელახლა დაიბადა, გადარჩა თავჩაქინდრული და გაფითრებული ლამზირა. მე-20 საუკუნის უდიდესი მოაზროვნის ამ სიტყვებმა გზა გაუხსნა (იქნებ, ახალი ჰორიზონტებიც) ცხოვრებაში.

1952 წლის 12 თებერვლიდან ლამზირა ჩხეიძე რუსთაველის თეატრის დასში მიიღეს. პირველი როლი ყოფილი პედაგოგის, შოთა მესხის, მიერ დადგმულ იონა ვაკელის „რვალში“ მისცეს. ამ როლში მან ლეგენდარული ალექსანდა თოიძე შეცვალა. არც ახსოვს, სცენაზე როგორ დადიოდა, რა ითამაშა — კანკალებდა, მღელვარება დიდი იყო. მსახიობი დღემდე ანდერძად ინახავს შოთა მესხის წერილს, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება: გახსოვდეს, რისთვის შედიხარ სცენაზე! ლამზირა ჩხეიძეს ამ შეგონებისთვის არასოდეს უღალატია, ამ პრინციპით ხელძღვანელობდა, მან ყოველთვის იცოდა თავისი როლის ზეამოცანა. თავისთავს კი არ თამაშობდა, როგორც დღევანდელ თეატრში დამკვიდრდა, არამედ „შედიოდა“ პერსონაჟში და ცდილობდა დრამატურგის შექმნილი მხატვრული სახის შიგნიდან გახსნას!

ესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო - Sputnik საქართველო
უცნაური ბედის მქონე ჭაბუკი

მის ცხოვრებაში თეატრთან ერთად დაიბადა მეორე სიყვარული, თანაფარდი ამ გრძნობისა — რადიო, რომელიც ბავშვობიდანვე იტაცებდა, რაღაც იდუმალსა და მიუსაფარს თხზავდა მის ირგვლივ. რადიოს ხმა, მიკროფონი… ხაზის რადიოდან ფანტაზიათა ნიაღვარი მოედინებოდა და რას წარმოიდგენდა, თუ ოდესღაც თავად გახდებოდა ამ დღესასწაულის შემქმნელი. საოცრებათა სამყაროს უწოდებს დღესაც, თუნდაც ერთი რეპლიკა ჰქონდეს სათქმელი, მაინც ბავშვური აღმაფრენით წავა და ჩაწერს!


ყველა ახალი ამბავი
0