15:07 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
BIAFF

ბათუმში იწყება საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF

© FB / Batumi International Art-House Film Festival
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

2006 წლიდან საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ზე საავტორი კინოს საუკეთესო წარმომადგენლებს აჯილდოებენ

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში იწყება საავტორო კინოს ХII საერთაშორისო ფესტივალი BIAFF, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ბათუმში, 17-24 სექტემბერს ХII საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ზე საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირანის და სხვა ქვეყნების კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან.

ფესტივალი (Batumi International Art-House Film Festival) — სამ მთავარ ნომინაციას ითვალისწინებს — საუკეთესი მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ტრადიციულად კინოფორუმის პროგრამაშია ორი კონკურსი: ეროვნული და საერთაშორისო.

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ცნობილი ირანელი კინორეჟისორი და სცენარისტი მოჰსენ მაჰმალბაფი უხელმძღვანელებს, დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის — ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი.

მხატვრული ფილმების კონკურსში მონაწილეობენ ისეთი ფილმები, როგორებიცაა კანის ფესტივალის მონაწილე კორნელ მუნდრუცოს "იუპიტერის თანამგზავრი", რომელშიც ერთ-ერთ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს, მარიამ ხაჭვანის "დედე", სერგეი ლოზნიცას "ნაზი არსება" და სხვ. სულ კონკურსში ათი ფილმი მონაწილეობს.

ამ კონკურსში ჟიური დაასახელებს საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს, ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლებს. გათვალისწინებულია ჟიურის სპეციალური პრიზი.

დოკუმენტური კინოს კატეგორიაში მონაწილეობას მიიღებენ- რატი ონელის ფილმი "მზის ქალაქი" (ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული), სერგეი ლოზნიცას "აუსტერლიცი", მეთიუ ჰეინმანის "მოჩვენებების ქალაქი", ზიად კალტოუმის "ცემენტის გემო", არნო ჰაგერისა და ერიკ ლიეშუტის "გადარცენის მეთოდი", უგის ოლტესი და მორტენ ტრაავიკის "გათავისუფლების დღე". სულ ცხრა ფილმი.

ფესტივალ BIAFF-ის გახსნის ცერემონიის საპატიო სტუმარი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გახდება. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის მაესტროს სპეციალური პრიზი გადაეცემა.

კინოფესტივალის ჩვენებები სხვადასხვა მოედანზე ჩატარდება — კინოთეატრ "აპოლოში", სასტუმრო Wyndham-ის კონფერენცდარბაზში, ასევე ღია ცის ქვეშ — ერას მოედანზე.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF საქართველოში 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სხვადასხვა დროს ფესტივალის საპატიო სტუმრები ყოფილან მსახიობი ნასტასია კინსკი, რეჟისორი ოთარ იოსელიანი და სხვები.

მთავარი თემები