17 სექტემბერი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიГригорий Ткабаладзе и Cеcилия Такаишвили
Григорий Ткабаладзе и Cеcилия Такаишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნაური და ჭირვეული, თუმცა უფრო ცხოვრების გამოცანა, ამოსაცნობი, რთულად გასაგები, მაგრამ ადვილად მისაღები...

საბა მეტრეველი

ბევრი რამით არის ის გამორჩეული ქართულ ხელოვნებაში და ამ იშვიათობას, უპირველესად, მისი პიროვნული ხასიათი განაპირობებდა — ღრმა ინდივიდუალიზმი, პრინციპულობა და ერთგულების სანთლით საძებნი უნარი. იცხოვრა თავისებურად, ისე, როგორც მას სწამდა; იქცეოდა თავისებურად, ზუსტად ისე, როგორც მას მიაჩნდა ადეკვატურად; უყვარდა მძაფრად და ადამიანურად!

რთულია სამსახურის დათმობა, მით უფრო  - ქართველი ადამიანისათვის, რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში, სკამზე სიკვდილს ამჯობინებს. სესილია თაყაიშვილმა შექმნა იშვიათი პრეცედენტი: მაშინ მიატოვა თეატრი, მაშინ თქვა უარი სამსახიობო კარიერაზე, როცა იყო დიდების ზენიტში. ოლღა ბებიას როლის შემდეგ მას ქართულ თეატრში აღარ უთამაშია. არადა, იცოცხლა 78 წელი, 54 წლის ასაკში ითამაშა ბებია და გადაწყვიტა, რომ ეს იქნებოდა მისი უკანასკნელი როლი სცენაზე! ძნელად მოიძებნება სხვა მაგალითი, მსახიობს (თუ ჯანმრთელობა არ უმტყუნებდა) ასეთ ასაკში (ან თუნდაც შემდეგ) უარი ეთქვას თამაშზე. სესილიამ შეძლო, გმირობის ტოლფასი პიროვნული მაგალითი მოეცა ჩვენთვის და უთქმელად განემარტა, რომ ცხოვრება არ მთავრდება პროფესიით, რომ მსახიობმა უნდა შეძლოს წერტილის დასმა, უნდა წავიდეს დიდების კვარცხლბეკზე მდგარი, რათა ასეთივე დარჩეს მაყურებელთა ხსოვნაში. მსგავსი სულიერი სიმტკიცისა და მოუდრეკელი ნებისყოფის გამოვლენა ძნელი წარმოსადგენია. ვინ იცის, როგორ უჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა — ცხოვრება საკუთარი თეატრის გარეშე, ანუ იმის გარეშე, რაც იყო აზრი და საზრისი მისი ცხოვრების, მისი არსებობისა! ამ ქვეყნად შემოქმედებითი აპოთეოზის დროს, პირველად გარდაცვალებამდე, სცენური სიცოცხლის დასასრულით სიკვდილს შეხვდა დიდი მსახიობი… მისი ეს მაგალითი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურის ის იშვიათი გამოვლენაა, რომლის გააზრება ბოლომდე და სიღრმისეულად ჯერ კიდევ შეუძლებელია!

© ეროვნული არქივიАкакий Хорава, Сесилия Такаишвили, Васо Годзиашвили и Верико Анджапаридзе
Акакий Хорава, Сесилия Такаишвили, Васо Годзиашвили и Верико Анджапаридзе - Sputnik საქართველო
Акакий Хорава, Сесилия Такаишвили, Васо Годзиашвили и Верико Анджапаридзе

სესილია თაყაიშვილმა პირადი მაგალითით აგვიხსნა, რას ნიშნავს სიყვარული, რომ ეს გულისხმობს: მიყვარხარ საკუთარ თავზე მეტად, შემიძლია მსხვერპლად შეგეწირო. ამის საბუთად ის გამოდგება, რომ 54 წლის ასაკში დაიძრო კბილები, რათა ზუსტად ისე ეთამაშა ბებიის როლი, როგორც წარმოედგინა! ამ ჟესტით მან გაგვიცხადა ფარული და დიდი სიყვარული საკუთარი პროფესიის მიმართ; გვითხრა, რომ არ ღირს ეგოცენტრული ცხოვრების სახეობა, რომ მსახიობის ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს და, თუ შენი პროფესია მართლა გიყვარს, უყოყმანოდ უნდა გაიღო ეს მსხვერპლი. ალბათ, ძალიან გაჭირდება სათეატრო ხელოვნებაში თავდადების ასეთი მაგალითების მოძიება;

სიცოცხლის ბოლო პერიოდის ერთ ინტერვიუში ლილი ფოფხაძის შეკითხვას, რომ დაგბრუნებოდათ სიყმაწვილე, რას შეასწორებდით თქვენს შემოქმედებითს ბიოგრაფიაში, ასე უპასუხა  - ბევრ როლს ვითამაშებდი, უფრო მეტ სიხარულს მოვუტანდი ჩემს ხალხს, ჩემს მაყურებელს. მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება ისე მოეწყო, რომ ვერ შევძელი მთელი სიცოცხლე შემეწირა ხელოვნებისათვის. ამ უარს თავისი მიზეზები ჰქონდა. ხასიათთან ერთად, გასათვალისწინებელია მის ნერვულ რიტმში გადატეხილი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ. ე.წ. ჭირვეულობის მიზეზიც აქედან მოდიოდა. მას ჰქონდა უმწვავესი პასუხისმგებლობა და უმაღლესი განცდა როლის თამაშისა. ერთ ტელეინტერვიუში თავად გასაგებად განმარტა: ადვილად ვერ ვთანხმდები ახალ როლს, რადგან სულ მიპყრობს შიში: ვაი თუ, ვერ გავაკეთო ისე, როგორც მინდა. ამიტომ ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორთან და ჩემს თავთანაც. ვღელავ, სრულიად მერღვევა სიმშვიდე, იწყება უძილო ღამეები, საშინლად ვნერვიულობ და განა ეს ჭირვეულობაა?!

© საარქივო ფონდი მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.
 მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.  - Sputnik საქართველო
მიხეილ თუმანიშვილი, ნატაშა კრიმოვა, სესილია თაყაიშვილი, ეროსი მანჯგალაძე.

დიახ, ცოტას თამაშობდა, ოღონდ — მაღალმხატვრულ დონეზე! იყო რაღაც შემზარავი სესილია თაყაიშვილის ტალანტში. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ხარისხი, რომელსაც მან თუნდაც ასინეთას როლით მიაღწია ან მარადია ბებიას უხმო ტრაგიზმით გვაზიარა. თავად მსახიობი ასე ამბობდა: უსიტყვო ეპიზოდში თუ მოახერხე გარდასახვა — ეს განსაკუთრებული სიამოვნებააო. სამწუხაროდ, ვიდეოფირებს არ შემოუნახავს სცენაზე ნათამაშები მისი თითქმის არც ერთი როლი (სრულად), მაგრამ ეს ვაკუუმი შეავსო კინომ. „ნატვრის ხის" ფინალური სცენა ნამდვილად არის მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი თავზარდამცემი მეტამორფოზის გამომწვევი სევდით, ტკივილითა და ტრაგიზმით. სესილიამ გვიჩვენა განსაკუთრებული უნარი ქვეცნობიერი დაკვირვებისა, ანალიზისა, სახის გახსნისა. მისი ოლღა ბებია (ყველას ბებიად ქცეული!) ძალზე ნაცნობი და ახლობელი ადამიანის იდუმალი ბიოგრაფია იყო, თითქოს ყველაფერი გასაგები, მაგრამ მაინც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული. ამიტომაც აღიარეს ეს სახე შთაგონებისა და უმაღლესი სცენური მათემატიკის ჰარმონიად და ამიტომაც უწოდეს ჯადოსნის შექმნილი.

 


ყველა ახალი ამბავი
0