04:08 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილის ქალიშვილი მამამისის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

© courtesy of Merab Mamardashvili Foundation
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
10220

ელენე მამარდაშვილი ახალ ფილმში ლეგენდარული ფილოსოფის სახისა და სულის წარმოჩენას აპირებს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ქალიშვილმა ელენე მამარდაშვილმა მამის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის მოსამზადებელი გადაღებები დაიწყო.

ელენე მამარდაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გვიამბო, რომ კინოპროექტს არავინ არ აფინანსებს — ეს მთლიანად მერაბ მამარდაშვილის ფონდის, ასევე ფილოსოფოსის მეგობრების, კოლეგებისა და ნათესავების ინიციატივაა.

„მე ვაზროვნებ, როგორც მისი ქალიშვილი. ამიტომ მინდოდა, რომ შექმნილიყო ფილმი, რომელიც მერაბის სახეს, სულს გადმოსცემდა, რადგან ყველა ძველი ფილმი მამაჩემის შესახებ ინტერვიუს სახით არის გადაღებული. ეს სასარგებლო ჟანრია, მაგრამ მან თავისი თავი ამოწურა. ჩვენ ფილმში შევა ფრაგმენტები, აუდიოჩანაწერები, სადაც ის საუბრობს თავის თავზე და მაშინდელ დროზე, იხსენებს საქართველოს და ა.შ. ჩვენ გვინდა ჩავრთოთ ფილმში სრულიად განსხვავებული მომენტები, რომლებიც მას ევროპასთან, რუსეთთან, საქართველოსთან აკავშირებდა, რომ საბოლოოდ ცოცხალი ადამიანის ისტორია გამოვიდეს", — აცხადებს ელენე მამარდაშვილი.

ელენემ აღნიშნა, რომ როდესაც მოიძებნება პროდიუსერი და პროექტის დაფინანსება განხორციელდება, გადაღებების აქტიური ფაზა დაიწყება როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

ცნობილია, რომ მომავალ ფილმში შევა მერაბ მამარდაშვილის ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების ინტერვიუები და პროფესორის ჩანაწერები.

მოსამზადებელი პროცესის პირველ ეტაპზე მამარდაშვილის ქალიშვილი მერაბ მამარდაშვილის სამშობლოში — საქართველოში ექსპედიციაში გაემგზავრა. ფილმში შევა ლეჩხუმის რაიონის სოფელ ოყურეშის კადრები, რომელშიც მერაბის მამა კონსტანტინე მამარდაშვილი დაიბადა.

მისი თქმით, ამ სოფელში მამარდაშვილის ნათესავები აქამდე ცხოვრობენ. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი ქართველი ეთნოგრაფი გიორგი მამარდაშვილი, ფილოსოფოსის შესახებ მომავალი ფილმის გმირი.

მერაბ მამარდაშვილის შესახებ ფილმში იმერეთისა და სვანეთის პანორამები შევა.

მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამარდაშვილის ფილოსოფიურმა და საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სსრკ-ში დამოუკიდებელი ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უზარმაზარი როლი შეასრულა.

მამარდაშვილის ფილოსოფიის საყრდენს წარმოადგენდა ცნობიერების ფენომენი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ჩამოყალიბებაში. ის მიიჩნევდა, რომ ნამდვილი ფილოსოფია მიზნად ისახავს ცვალებად სამყაროში ადამიანის მიერ სტაბილურობის მოპოვებას.

დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის Вопросы философии მთავარი რედაქტორის მოადგილეა. მოგვიანებით ამ თანამდებობიდან იდეოლოგიური მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენით მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების შესახებ კვლევები.

ფილოსოფოსი 1990 წელს ვნუკოვოს აეროპორტის ტერმინალში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მთავარი თემები