03:30 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პარხლის მონასტერი

თურქეთში X საუკუნის ქართული მონასტრის რესტავრაცია იწყება

© photo by press-service of Ministry of Culture of Georgia
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
17210

ქართველი სპეციალისტები პირველად მიიღებენ მონაწილეობას პარხლის მონასტრის რესტავრაციაში, ტერიტორიაზე, რომელიც ადრე საქართველოს ეკუთვნოდა, ახლა კი თურქეთს ეკუთვნის.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თურქეთში ქართული არქიტექტურის ძეგლის — პარხლის მონასტრის რესტავრაცია 16 სექტემბერს დაიწყება, ქართული მხარე ამ პროცესში ოფიციალურად მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები — სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.

„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი“, — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 5-8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია, სადაც მან თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები — პარხალი, ხახული, ოშკი და ოთხთა მოინახულა.

საქართველომ და თურქეთმა 2017 წლის 23 მაისს ხელი მოაწერეს 2017-2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ რესტავრაცია ჩაუტარონ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ისინი ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის პროცესი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი ითვალისწინებს იმ კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლების შერჩევას, რომლებიც სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. ამ ძეგლების შეფასება ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს.

მეორე ეტაპი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შერჩევას, რომლებიც მათი კონსერვაციის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რესტავრაციას საჭიროებენ.
უნდა განისაზღვროს გამოსასწორებელი ღონისძიებები იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში, რომელთა რეაბილიტაციაც განხორციელდა ამ პროგრამის ხელმოწერამდე და მათზე ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებაში მხარეებს გააჩნიათ მეთოდური ხასიათის შენიშვნები და რეკომენდაციები.

და ბოლოს, პროგრამის მესამე ეტაპზე მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოხდეს  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორი ქვეყნის ეროვნულ და უწყებრივ არქივებში  დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიებაში ხელშეწყობის საკითხზე.
პარხლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ისტორიულ სოფელ პარხალთან (ამჟამად ალთინპარმაკი), ართვინის პროვინციაში მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის ხეობაში.
პარხლის ეკლესია 973 წელზე ცოტა ადრე დავით III კურაპალატმა ააგო,  ტაო-კლარჯეთის მმართველმა.

 

მთავარი თემები