„გენიალური თამარა", რომელმაც დიდი ვერიკოს რეკორდი მოხსნა

© photo: Sputnik / Stringerთამარ სხირტლაძე
თამარ სხირტლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ის ახლა საქართველოს სახალხო არტისტია, ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი, თეატრისა და კინოს მსახიობი. 1949 წელს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა. მანამდე კი თავად დგამდა სპექტაკლებს...

ინტერნაციონალურ ეზოში ცხოვრობდა გორკის ქუჩაზე, ამიტომ მის სპექტაკლებში რუსები, სომხები თუ აზერბაიჯანელები, ქართველებთან ერთად, თავიანთ ენაზე საუბრობდნენ; გამოჰქონდათ სახლიდან ფარდები, მოაწყობდნენ პატარა სცენას… ბილეთებსაც ჰყიდნენ, 5 კაპიკად. შეგროვებული თანხით ნაყინს ყიდულობდნენ. ერთხელ დედას ახალთახალი ზეწარი დაუჭრა, შლეიფად გამოიყენა; მაღალქუსლიანის ჩაცმა თუ დასჭირდებოდა, ძაფის კოჭებს მიაწებებდა საკუთარ ფეხსაცმელს, მარაოსაც თავად აკეთებდა ქაღალდით და ასე თამაშით შემოდიოდა თამარ სხირტლაძის ცნობიერში თეატრიც და სამყაროც.

პირველი დიდი გატაცება ოპერა იყო, საბალეტო ხელოვნებით მოიხიბლა და შეიშალა, თავადაც ცეკვავდა… მერე დრამატული თეატრი შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ყველაზე დიდი შთაბეჭდილებაც „ურიელ აკოსტას“ მეორედ ნახვისას მიიღო — ლამის გაქვავდა სკამზე, იმდენად ძლიერი იყო სპექტაკლიდან მიღებული ემოცია. მერე, როცა სტუდენტი გახდა, სწორედ „ურიელ აკოსტა“ იყო მისი პირველი წარმოდგენა, ცეკვებში დააყენეს. ცხოვრებამ ისიც არგუნა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი და მეგობარი ყოფილიყო და, სწორედ ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, თამარ სხირტლაძეა ის მსახიობი ქალი, რომელმაც მისი რეკორდი გაიმეორა — 70 წელი სცენაზე (ვერიკო ანჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 70-ე წელი 1984 წელს აღინიშნა). 

© მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმითამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში "პირისპირ"
თამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში პირისპირ - Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში "პირისპირ"

არჩილ კერესელიძე „გენიალურ თამარას“ ეძახდა; „მკაცრ ქალიშვილებში“ ფოსინეს როლით მოხიბლულმა იოსებ გრიშაშვილმა უთხრა: „შენ ძალიან მაგარი აქტრისა იქნები“; უშანგი ჩხეიძე ამბობდა, ის რიჟა გოგო ნიჭიერიაო.

 

70-მდე როლი ითამაშა სცენაზე. რამდენი უძილო ღამის ფასად იქმნებოდა მისი მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“)

 

© photo: courtesy of Mardjanishvili Theaterთამარ სხირტლაძე ოთარაანთ ქვრივის როლში, სცენა სპექტაკლიდან "ასი წლის წინათ", 1982
თამარ სხირტლაძე ოთარაანთ ქვრივის როლში, სცენა სპექტაკლიდან ასი წლის წინათ, 1982 - Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძე ოთარაანთ ქვრივის როლში, სცენა სპექტაკლიდან "ასი წლის წინათ", 1982

 

კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს – ფაქტურას უწუნებდნენ: ქართველს არ ჰგავსო. მერე აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: "წინაპართა მიწა" (დარია, 1979), "დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), "ადამიანთა სევდა" (1984), "ფესვები" (1987), "ზვარაკი" (1990), "ლუკას სახარება" (1998), "ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), "ჯართოსანი"(მართა, 2009), "გული+" (2011), "37-" (2012) და სხვ.

ლილი იოსელიანისგან ისწავლა როლის ამოხსნის საიდუმლო. ახლა ისეა გაწაფული, საკუთარი პერსონაჟის ისტორიის შეთხზვაც კი შეუძლია. ძირითადად, ფიქრში ქმნის გმირის ხასიათს. პირდაპირი ადამიანია, არ უყვარს ტყუილი და პირფერობა. ზოგჯერ ხისტია, მაგრამ არც ლირიზმი და სირბილე აკლია. ხევსურმა ბაბალე ალუდაურმა, რომელიც გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდაში“ პარტნიორობას უწევდა ქალბატონ თამარს, ასე გაიხსენა მასთან ურთიერთობა: „მკაცრ ქალ იყო, მაგრამ კარგ ქალ იყო“ — როგორ ზუსტად თქვა!

ბევრი რამ შეიცვალა თამარ სხირტლაძის თვალწინ, მრავალ ომსა და ქარტეხილს გაუძლო, პოლიტიკური სისტემებისა და იმპერიების დემონტაჟს, თაობათა ცვლას, კონფლიქტებს თეატრში, ცხოვრებაში… არ დაჰკლებია ტკივილი და სიხარული, ჰქონია წარმატებული როლებიც და ჩავარდნებიც — მაგრამ ყველაფერს იტანდა ქართული სიდარბაისლით, ღირსების გამძაფრებული შეგრძნებით.

თამარ სხირტლაძე მარჯანიშვილის თეატრის ცოცხალი მემატიანეა, იმასაც მოესწრო, რომ ძველი თეატრის მსახიობების ნიკო გოცირიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილის გვერდითაც ეთამაშა; სცენაზე დგას დღესაც. ისევ ძლიერი და ენერგიული, შემტევი და მებრძოლი, ახალ როლზე მეოცნებე ახლაც, ამ ასაკშიც. რატომ?— ასეთია თამაშის ხელოვნების დაუწერელი კანონი — სანამ ცოცხალი ხარ, უნდა მოასწრო სხვადქცევა, უნდა გარდაისახო სხვად, რათა იპოვო საკუთარი თავი!
   
საბა მეტრეველი

ყველა ახალი ამბავი
0