სტეფანე - აზერბაიჯანელი მომღერლის წარმატებული ჰიტის ავტორი

© photo: Sputnikაიგუნ კაზიმოვას კლიპი
აიგუნ კაზიმოვას კლიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომენტისათვის აიგუნ კაზიმოვას კლიპმა YouTube-ზე 294 000-მდე ნახვა დააგროვა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, ცნობილი მომღერლის აიგუნ კაზიმოვას ახალი სიმღერის მუსიკის ავტორი ქართველი კომპოზიტორი, მუსიკალური შემსრულებელი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი გახდა.

27 აგვისტოს კაზიმოვამ სიმღერა S.U.S.-ის ახალი კლიპი წარადგინა, რომელიც ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.

შემსრულებელმა მსუბუქი ყოფაქცევის ქალის იმიჯი მოირგო. კლიპში ის მამაკაცებს ხელთათმანებივით იცვლის, სიყვარულის საფასურად ფულს იღებს, მაგრამ როდესაც ერთადერთ საყვარელ მამაკაცს შეხვდება, ვერ გაბედავს სიმართლე გაუმხილოს და სიკვდილს აირჩევს.

აზერბაიჯანელი მომღერლისა და სიმღერის წარმატებაზე კომენტარი სტეფანემ სოციალურ ქსელში გააკეთა.

„აზერბაიჯანშიც ტრენდში პირველები ვართ, დადებისთანავე, 24 საათში 125 000 ნახვა და კრიტიკოსები წერენ, აიგუნის ძალიან მაგარი დაბრუნებაო… როგორც პროდიუსერი ვარწმუნებდი რომ ეს კლიპი გადაგვეღო, თვითონ ძალიან ეშინოდა, თუმცა გაისროლა და იმუშავა… ეს წარმატება ძალიან მსიამოვნებს. მითუმეტეს იქაური პრესაც წერს რომ ჩემთან მუშაობა დაეტყო", — წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტეფანე.

გარდა იმისა, რომ სტეფანე სიმღერის კომპოზიტორია, მომღერალმა კომპოზიციის არანჟირებაც საქართველოში გააკეთა — Bravo Records-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში.

ამჟამად აიგუნ კაზიმოვა ემზადება კონცერტისთვის, რომელიც მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. კონცერტი Crystal Hall-ში 22 სექტემბერს ჩატარდება. შოუს სცენარს ქართველი სცენარისტი თეა თელია ამზადებს.

კონცერტის რეჟისორია ფრანგი რედა ბენტეფორი, რომელმაც დადგა მიუზიკლები „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და „რომეო და ჯულიეტა", მისი ასისტენტები — ფრანჩესკო ზავეჩია (იტალია), ნატალია პერე (იტალია) და ჯიმი ვაირონი (საფრანგეთი). მათთან ერთად ბაქოში ჩავლენ მოცეკვავეები კოლუმბიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და საქართველოდან.

ხმის რეჟისორი იქნება ჟერარ ალბო, რომელსაც საკუთარ პროექტებს ანდობენ რიანა, ანასტეიშა, ბეტი სმიტი და სხვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0