ქართული ფილმ-აპოკალიფსისი მანჰეტენის ცნობილ ფესტივალზე მოხვდა

© photo: 8 Minutes / FBკადრი ქართველი რეჟისორის გეგი ხმალაძის ფილმიდან „8 წუთი“
კადრი ქართველი რეჟისორის გეგი ხმალაძის ფილმიდან „8 წუთი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი "რვა წუთი" მოგვითხრობს იმაზე, როგორ იქცევიან გმირები მას შემდეგ, რაც გაიგებენ, რომ მზე რვა წუთში ჩაქრება.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მანჰეტენის უდიდესი ინტერაქტიური ფესტივალის (ნიუ-იორკი, აშშ) ათ ფინალისტს შორის პირველად ქართული ფილმი მოხვდა.

შერჩეული ფილმების ავტორებს ავტომატურად ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ 2018 წლის "ოსკარის" პრემიაზე ნომინაციაში "საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი".

ქართველი რეჟისორის, გეგი ხმალაძის ფილმი "რვა წუთი"(კომპანია Sibler Films), რომლის ხანგრძლივობა 12:40 წუთია, მოგვითხრობს იმაზე, როგორ იქცევიან გმირები მას შემდეგ, როცა გაიგებენ, რომ მზე რვა წუთში ჩაქრება.

თბილისი პანიკაშია: ზოგი სადღაც გარბის, ზოგი თავს იკლავს, ზოგი ისტერიულად ყვირის. ფილმის მთავარ გმირს — გრძნეულს, რომლის როლს სლავა ნათენაძე ასრულებს, შვილი ექსპედიციაში ჰყავს და ის მას ვერ უკავშირდება. როგორ მოიქცევა ჯადოქარი ბოლო რვა წუთში, ფილმის მთავარი გამოცანა გახდება.

კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორების ფილმები სარაევოს ფესტივალზე დააჯილდოეს

ფილმში ასევე როლებს ასრულებენ ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე. მსახიობი სლავა ნათენაძე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაშია წარდგენილი.

Manhattan shorts-ის მონაწილეები ხშირად ხდებიან "ოსკარის" პრემიის ნომინანტები, მათ შორის იღბლიანი გამარჯვებულებიც არიან. ფესტივალის მონაწილემ, ჩილელი რეჟისორის, გაბრიელ ოსორიო ვარგასის ფილმმა "დათვის ისტორია" (Bear story) 2016 წელს სანუკვარი ოქროს სტატუეტი დაიმსახურა.

გარდა ამისა, მანჰეტენის ფესტივალის ფილმებს "ოსკარის" ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე აჩვენებენ ლოს-ანჯელესში, დახურულ ჩვენებაზე, ხოლო სეანსების მაყურებლები ჰოლივუდის ვარსკვლავები იქნებიან.

ყოველწლიურად 1998 წლიდან მოკლემეტრაჟიანი კინოს მანჰეტენის ფესტივალი მთელი მსოფლიოს რეჟისორების განაცხადებს იღებს და სექტემბერში ათი ფინალისტის სიას აქვეყნებს. ერთი კვირის განმავლობაში მრავალრიცხოვანი საერთაშორისო აუდიტორია გამარჯვებულებს ირჩევს.

28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე ეს ათი ფილმი სლოგანით "ერთი კვირა. ერთი მსოფლიო. ერთი ფესტივალი" ნაჩვენები იქნება ექვსი კონტინენტის 250 ქალაქის კინოთეატრში.

ფესტივალის თითოეული მაყურებელი კენჭისყრის ბლანკს მიიღებს, რათა საუკეთესო ფილმს ხმა მისცეს და მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი აირჩიოს. ქალაქებსა და ქვეყნებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს გადაეცემა. კონკურსის შედეგები გამოცხადდება ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე და შემდეგომ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ManhattanShort.com.

წელს Manhattan short-ის საერთაშორისო პროგრამაში მოხვდა საქართველოს, ლატვიის, ესპანეთის, შვეიცარიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ახალი ზელანდიის, სირიისა და ჩინეთის რეჟისორების ფილმები. სულ ფესტივალზე 1615 ფილმი მიიღებს მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0