„ფომენკოს სახელოსნო" თბილისში სპექტაკლს აჩვენებს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისცენა სპექტაკლიდან "უკანასკნელი პაემნები"
სცენა სპექტაკლიდან უკანასკნელი პაემნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლი "ბოლო პაემნები" შექმნილია ბუნინის მოთხრობების "გენრიხი", „მდინარისპირა სამიკიტნო", "ნატალი" და "მადრიდი" საფუძველზე.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მოსკოვის ცნობილი თეატრი "პ. ფომენკოს სახელოსნო" 2017 წლის 30 სექტემბერს თბილისში აჩვენებს ივან ბუნინის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს "ბოლო პაემნები".

სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, რომელიც თბილისში 18 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე ჩატარდება.

"ბოლო პაემნები" — რეჟისორ იური ტიტოვის კომპოზიციაა, რომელიც დაიდგა ბუნინის მოთხრობებზე "გენრიხი", მდინარისპირა სამიკიტნო", "ნატალი" და "მადრიდი". დადგმის პრემიერა "სახელოსნოში" 2013 წლის 19 სექტემბერს გაიმართა.

"ხანმოკლე შეხვედრები, მეხსიერების ბურუსიდან ამოწვერილი — სასტუმროს ოთახში მიმწუხრი, ვაგონის უბადრუკი კუპე, ხმაურიანი ტავერნა, სადაც მაგიდის გადასაფარებლებს საპნის სუნი ასდის, ლამპიონი ბულვარში, ელვით განათებული ღამე, რომელსაც ძველ სახლში ატარებენ… სპექტაკლის გმირები ისეთივე ახალგაზრდები არიან, როგორც მისი ავტორები, ისინი აღფრთოვანებით აღმოაჩენენ თავის თავში სიყვარულს. სიყვარული ყველა ცოდვასა და შეცდომას გამოისყიდის, ბინძურ ტავერნას, უბადრუკ კუპესა და პატარა ბინას ერთიანად გარდაქმნის", — ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სპექტაკლის ანოტაციაში.

დადგმაში მონაწილეობენ იური ტიტოვი, როზა შმუკლერი, სერაფიმა ოგარიოვა, ირინა გორბაჩოვა, დმიტრი ზახაროვი, ნატალია მარტინოვა, ვლადიმირ სვირსკი და სხვები.

სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე 20:00 საათზე გაიმართება.

თეატრი "პ. ფომენკოს სახელოსნო" მოსკოვის მერის განკარგულებით 1993 წელს რეჟისორმა და პედაგოგმა, რუსეთის სახალხო არტისტმა პიოტრ ფომენკომ დააარსა.

ფომენკო საქართველოში 1971-1972 წლებში გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული სახელმწიფო თეატრის მაშინდელი მთავარი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მოწვევით მუშაობდა. ფომენკომ ქართულ სცენაზე ორი სპექტაკლი დადგა — რაიმონდ კაუგვერის "საკუთარი კუნძული" და ვალენტინ კატაევის "ყვავილების გზა". ფომენკოს გარდაცვალების შემდეგ (2012 წ.) თეატრის ხელმძღვანელი რეჟისორი და პედაგოგი ევგენი კამენკოვიჩი გახდა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში აგვისტოში ფესტივალი–პიკნიკი გაიმართება

თეატრის სპექტაკლები წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. დასი ასევე წარმატებით ატარებს გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – უკრაინაში, ლატვიაში, ესტონეთში, ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში.

თეატრის პირველი გასტროლი თბილისში 2015 წლის აპრილში გაიმართა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე მათ ორი სპექტაკლი წარმოადგინეს: "მგლები და ცხვრები" (ალექსანდრ ოსტროვსკის პიესის მიხედვით) და "ოჯახური ბედნიერება" (ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვით). 2016 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე "პ. ფომენკოს სახელოსნომ" წარმოადგინა ტურგენევის ნაწარმოების (Вешние воды) მიხედვით დადგმული სპექტაკლი Русский человек на rendez-vous ("რუსი რანდევუზე").

როგით მეცხრე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის სხვადასხვა სცენაზე შეკრებს თეატრალურ კოლექტივებს საქართველოდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ირლანდიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან.

გზა ღვთისმშობლის ტაძრისკენ - Sputnik საქართველო
გურია ტურიზმის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის პროგრამაშია ისეთი სპექტაკლები, როგორებიცაა პოლონელი რეჟისორის კშიშტოფ ვარლიკოვსკის "ფრანგები" (Nowi Teatr, პოლონეთი), "ჩეხოვის პირველი პიესა" (Dead Centre, ირლანდია), მუსიკალური პერფორმანსი "თამაშის დასასრული" (Schauspiel Dortmund, გერმანია) და სხვ.

ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი რეჟისორების მიერ უცხოეთში დადგმული სპექტაკლები: იტალიაში ლევან წულაძის მიერ დადგმული "კუ" (ლუიჯი პირანდელოს მიხედვით) და რუმინეთში დავით დოიაშვილის მიერ დადგმული "ალუბლის ბაღი“ (ა. ჩეხოვის მიხედვით).

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია აქ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიამ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დააარსა. ფესტივალი ყოველწლიურად თავის სცენაზე წარმოადგენს არა მხოლოდ სეზონის ყველაზე წარმატებულ თეატრალურ დადგმებს, არამედ ასევე მასპინძლობს სხვადასხვა შემოქმედებით დისკუსიას, გამოფენას, პერფორმანსს მთელი მსოფლიოს თეატრალური კოლექტივების მონაწილეობით.

2011 წელს ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0