მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" იხურება

© photo: Sputnikჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალურმა ფესტივალმა "აღდგომიდან ამაღლებამდე" საქართველოში შეკრიბა კლასიკური, საოპერო და საგუნდო მუსიკის ვარსკვლავები.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 25 მაისს დასრულდება კონცერტით, რომელზეც წარსდგებიან საქართველოს კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა", აშშ-ის სოლისტები, პიანისტი ქეთევან ბადრიძე და ჩელისტი სანდრო სიდამონიძე.

კლასიკური, საოპერო და საგუნდო მუსიკისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" საქართველოში 20 აპრილს დაიწყო. კონცერტები გაიმართა თბილისში, თელავში, ქუთაისში და ბათუმში. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო" ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

„მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი იმით იყო გამორჩეული, რომ ორ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა — ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს. მას ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ ორგანიზატორები და სამხატვრო ხელმძღვანელები — მომღერალი იანო ალიბეგაშვილი და პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. განსაკუთრებული ისიც იყო, რომ წელს შესანიშნავი მუსიკალური შემსრულებლები მოვიზიდეთ", — განუცხადა Sputnik-ს ფესტივალის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „არტ პლუსის" თავმჯდომარემ, მუსიკათმცოდნემ მანანა ხვედელიძემ.

Art Gene 2016 - Sputnik საქართველო
ფესტივალი Art-Geni ივლისში გაიმართება

ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ უცხოელი ვარსკვლავები და ქართველი მუსიკოსები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და უცხოეთში: ცნობილი იტალიელი ბანი ფრანჩესკო ელერო დ'არტენია, ოპერის მომღერლები იანო თამარ ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თეონა დვალი, ირაკლი კახიძე, პიანისტი ქეთევან ბადრიძე, ზორან ტოდოროვიჩი (გერმანია),დირიჟორი ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი).

ფესტივალის სიახლე გახდა ვინჩენცო ბელინის ოპერის „ნორმას" პრემიერა, რომელიც საქართველოში სრული საკონცერტო ვერსიით შესრულდა. ფესტივალის ავტორები ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებენ. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა საქართველოს ახალგაზრდა თაობის მუსიკოსების გამოსვლა.

„უწმინდესი და უნეტარესი ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. კონცერტიც ისეთ დონეზე ჩატარდა, რომ „ნიჭიერთა ათწლედის" ხელმძღვანელმა ნოდარ ჟვანიამ ამ საღამოს განმეორება გვთხოვა. წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი იყო ამ კონცერტის რეზონანსი", — აღნიშნა ხვედელიძემ.

ტრადიციისამებრ, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" დიდ ყურადღებას უთმობს ქართველ კომპოზიტორებს. წელს ღონისძიების ფარგლებში ქართველი კომპოზიტორის ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელიც მის 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე, რომელიც ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის დრამატულ თეატრში გაიმართა, პროფესიული სცენის ცნობილი ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს აკაკი რამიშვილის ფონდ „ტრადიცია და ინოვაციასთან" ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდმა დააარსა. პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ღონისძიების მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი ახალგაზრდობის ინტერესის გაზრდა.

წელს ფესტივალი კულტურის სამინისტროსა, თბილისის მერიის და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0