ქართველი კინემატოგრაფისტები კანის ფესტივალისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიკრუაზეტის სანაპირო კანის 69-ე ფესტივალის მოლოდინში
კრუაზეტის სანაპირო კანის 69-ე ფესტივალის მოლოდინში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანის ფესტივალზე, ღონისძიების სტუმრებისთვის საქართველოს კინემატოგრაფიის გაცნობის მიზნით, ქართულ პავილიონს წარადგენენ.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. კანის კინოფესტივალის ფარგლებში კინობაზარზე Marche du Film ქართულ კინემატოგრაფიას მეათედ წარადგენენ.

ეს უნიკალური პლატფორმა მთელი მსოფლიოს კინოპროფესიონალებს საშუალებას აძლევს განავითარონ თანამშრომლობა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, ერთმანეთს ბოლო პერიოდის მიღწევები გააცნონ და ერთობლივი გეგმები დასახონ.

წელს ქართულ კინოს Marche du Film-ზე წარადგენენ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი თამარ ტატიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ვაშაძე, ამავე დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი ნინო შერვაშიძე და Creative Europe-ის მედია–პროგრამის მენეჯერი ლევან ლომჯარია, იუწყება კინოცენტრი.

მზის ქალაქი - Sputnik საქართველო
რატი ონელის „მზის ქალაქი" მადრიდის ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა

წელს კანის კინოფესტივალზე ქართველი კინემატოგრაფისტები რამდენიმე პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

კანის კინოფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში Cinefondation თავისი ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტის "ცარიელი სახლი" განვითარებაზე იმუშავებს ახალგაზრდა რეჟისორი რატი წითელაძე.

იგი სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეულ კანდიდატში საუკეთესო 6 რეჟისორს შორის შეირჩა. კანის კინოფესტივალს დაესწრება "ცარიელი სახლის" პროდიუსერი ნინო ვარსიმაშვილიც, რომელიც Doc Corner-ზე წარადგენს დოკუმენტური ფილმის პროექტს "17 მაისი".

პროდიუსერთა საერთაშორისო პლატფორმაზე PRODUCERS ON THE MOVE, სადაც რეჟისორების, გაყიდვების აგენტების, ფონდებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეხვედრები იმართება, საქართველოს პროდიუსერი ლაშა ხალვაში წარადგენს.

პლატფორმაზე Producers Network კიდევ ერთი ქართველი პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი წარდგება. ეს არის პლატფორმა, სადაც იკრიბებიან პროდიუსერები მთელი მსოფლიოდან, მსჯელობენ კოპროდუქციებზე და ესწრებიან კინობაზრობის სხვადასხვა ღონისძიებას, ჩვენებასა თუ პრეზენტაციას.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით „ოქროს პალმის რტოს“ პრეტენდენტია

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ვარსიმაშვილის პროექტი "გაუმარჯოს" წარდგენილია კჟიშტოფ კეშლოვსკის სახელობის პრიზზე, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული საუკეთესო სცენარისთვის გაიცემა. ღონისძიება კანის კინოფესტივალის ფარგლებში პოლონეთის ინსტიტუტისა და პროგრამის Script East მხარდაჭერით ტარდება.

გარდა ამისა, კანის ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ლუქსემბურგის ეროვნული კინოფონდის ორგანიზებით მოეწყობა შეხვედრა რვა ქართველი პროდიუსერის მონაწილეობით. ღონისძიების მიზანია ქართველი და ლუქსემბურგელი კინემატოგრაფისტების დაკავშირება სრულმეტრაჟიანი ფილმების კოპროდუქციების შექმნის მიზნით.

21 მაისს საქართველოს პავილიონში ახალი ევროპის კინოასოციაციის (The Film New Europe Association) წევრებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან ევროპის წამყვანი კინოფონდებისა და სხვა მნიშვნელოვანი კინოინსტიტუციების ხელმძღვანელები, რომლებიც იმსჯელებენ კინოასოციაციაში წარმოდგენილი ქვეყნების თანამშრომლობის სამომავლო გემებსა და პერსპექტივებზე.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები სან-სებასტიანის, სანდენსის, ლოკარნოს და კარლოვი ვარის კინოფესტივალების სელექტორებთან. ქართული დელეგაცია კანის კინოფესტივალის მსვლელობისას ავსტრიისა და ნორვეგიის კინოინსტიტუტებისა და ლიტვის კინოცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

პეკინი - Sputnik საქართველო
ქართულმა კინომ პეკინში ოთხგზის ფურორი მოახდინა

ეროვნული კინოცენტრის პროექტი "კინო სკოლაში" წელს საერთაშორისო პარტნიორობის ფორმატით მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან ლიტვის, ლატვიის ეროვნული კინოცენტრები და ბრიტანული ორგანიზაცია FILM LITERACY EUROPE LIMITED. კანის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პარტნიორების რიგით მესამე შეხვედრა, სადაც მოხდება შედეგების შეჯამება და მომავალი სამოქმედო გეგმის შეთანხმება.

21 მაისს საქართველოს პავილიონში (№105, Village International Riviera) კანის კინოფესტივალის სტუმრებისთვის ქართული წვეულება მოეწყობა.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-28 მაისს გაიმართება. ძირითადი კონკურსის ჟიურის ესპანელი კინორეჟისორი პედრო ალმოდოვარი უხელმძღვანელებს. გახსნისა და დახურვის ცერემონიის წამყვანი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი იქნება. გახსნისთვის შეარჩიეს ფრანგი კინორეჟისორის არნო დეპლეშენის ფილმი "ისმაელის მოჩვენებები".

2017 წელს კინოფესტივალი 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ოფიციალურ პლაკატზე გამოსახულია იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე. „პალმის ოქროს რტოსთვის“ წელს 18 სურათი იბრძოლებს.

ყველა ახალი ამბავი
0