04:28 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
რეზო გიგინეიშვილი

ScreenDaily: რეზო გიგინეიშვილი — არტჰაუს–კინოს ამომავალი ვარსკვლავი

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
7310

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის „მძევლების“ პრემიერა შედგა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ბრიტანულმა გამოცემა ScreenDaily-მ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს „მძევლები“ ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა და მას არტჰაუს–კინოს ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

1983 წელს თბილისში მომხდარ თვითმფრინავის გატაცების რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმის პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე Panorama Special სექციაში შედგა.
ScreenDaily-ის ინფორმაციით, რეალური ისტორია რეზო გიგინეიშვილის კინონამუშევრისთვის კარგი საფუძველი გახდა.

„იმის ნაცვლად, რომ დაემუშავებინა მოვლენებისა და შედეგების თანმიმდევრობა, გიგინეიშვილი მათი გაქცევის მცდელობის მოტივებს იკვლევს. ეს ერთი ამოსუნთქვით გადაღებული დაძაბული ნამუშევარი მოწმობს, რომ რეზო გიგინეიშვილი (ავტორი ფილმებისა „სიყვარული აქცენტით“ და „საზღვრებს გარეშე“) არტჰაუსის კონტურის ნიჭიერ რეჟისორად იქცა“, — წერია სტატიაში.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ წარმატებული კინოგაქირავებისთვის სერიოზულ წინაპირობას წარმოადგენს მომხიბლველი სამსახიობო შემადგენლობის ძლიერი თამაში. თუმცა, ScreenDaily–ს აზრით, სურათის მომავალ წარმატებას ასევე განაპირობებს ვლადისლავ ოპელიანცის საოპერატორო ნამუშევარი, ფილმის ნერვულ პარანოიასთან სინთეზში.

„ფილმში განსაკუთრებულად ეფექტურია კლაუსტროფობიის დამთრგუნველი გრძნობა, რომელიც მთავარი გმირების საქორწილო წვეულებაზე გეუფლება, შემდეგ კი თვითმფრინავში, როდესაც გატაცების მცდელობა კონტროლს სწრაფად და დრამატულად სცდება. ოპელიანცის ნერვიული ობიექტივი ოფლის თითოეულ წვეთს, თითოეულ პანიკურ გამოხედვას აფიქსირებს“, — ნათქვამია ScreenDaily–ის მიმოხილვაში.

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, ფილმის მომგებიან ფაქტორს ასევე ავტორთა მიუკერძოებელი პოზიცია წარმოადგენს.

„ამ სასოწარკვეთილი, დაუფიქრებელი საქციელის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გათვალისწინებით ჯერ კიდევ გასარკვევია — მზად არის თუ არა ქართული აუდიტორია ამ ისტორიის ჰუმანური მხარის დასანახად. გიგინეიშვილი აღიარებს, რომ ყველა მონაწილისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო“, — აღნიშნავს დასასრულს ScreenDaily.

1983 წლის 18 ნოემბერს სსრკ-დან აშშ–ში გაქცევის მიზნით შვიდმა ახალგაზრდამ Ту-134 თვითმფრინავი გაიტაცა, მათ შორის ერთი ქალი იყო. დილით, 19 ნოემბერს თვითმფრინავი სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო. გავრცელებული მონაცემებით, დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. ქალს პატიმრობის 14 წელი მიესაჯა, დანარჩენები – სიკვდილით დასაჯეს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მიხეილ გომიაშვილი.

„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ფილმის კოპროდიუსერია „ოსკარის“ მფლობელი ფილმის „იდას“ მთავარი პროდიუსერი ევა პუშჩინსკა.

ფილმში ისმის ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოები Styx.

მთავარი თემები