ბავშვთა გუნდმა საქართველოდან ბერლინის Grand Prix of Nation-ზე ორი მედალი მიიღო

© FB / Pikis Saati"პატარა გეორგიკა"
პატარა გეორგიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვთა გუნდმა „პატარა გეორგიკა“ ბერლინის ფესტივალზე ქართული საეკლესიო საგალობელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები შეასრულა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქართული ბავშვთა გუნდი „პატარა გეორგიკა“ საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე Grand prix of Nations Berlin 2017 ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

გერმანიის დედაქალაქში 1-5 თებერვალს ფესტივალმა ბერლინის ფილარმონიის კამერული მუსიკის დარბაზში მსოფლიოს 15 ქვეყნიდან საუკეთესო მოყვარულ და პროფესიულ ვოკალურ გუნდებს მოუყარა თავი.
მონაწილე 30 ანსამბლს შორის საქართველო წარადგინა ბავშვთა გუნდმა „პატარა გეორგიკა“, რომელშიც 6-დან 15 წლამდე სოლისტები არიან გაერთიანებული.

ნინო ქუმსიშვილის დირიჟორობით „პატარა გეორგიკამ“ ფესტივალზე შეასრულა ქართული საეკლესიო საგალობელი და ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები. მონაწილეთა გამოსვლას აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ შვიდი სამხატვრო დირექტორი და ცნობილი მუსიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

შედეგად, „პატარა გეორგიკა“ საუკეთესოდ აღიარეს არაპროფესიონალ მონაწილეთა შორის ფოლკლორის კატეგორიაში — გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილი და ბრინჯაო ერგო გუნდს იმავე ფოლკლორის კატეგორიაში, ოღონდ უკვე პროფესიონალთა შორის.

ამასთან, ქართული გუნდი ფესტივალზე აღნიშნეს, როგორც გუნდი, რომლის შემადგენლობაში ასაკით ყველაზე პატარა შემსრულებლები არიან.

ლელა კუხიანიძე - Sputnik საქართველო
ქართული კულტურის ცენტრი სტოკჰოლმში და შვედეთში ნასწავლი ხალხური სიმღერა

„კონკურსის წესების თანახმად, გუნდი რომელიც ოქროს მედლით ხდება თავისი კატეგორიის გამარჯვებული, მას ავტომატურად ენიჭება შემდგომი ხუთი წლის მანძილზე ორგანიზატორის ეგიდით გამართულ ხუთ საერთაშორისო სარეიტინგო კონკურსში წინასწარი შესარჩევი ეტაპების გავლის გარეშე მონაწილეობის უფლება“, — აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ თბილისის მე-6 საავტორო სკოლასთან 2010 წლიდან ფუნქციონირებს. გუნდმა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე ადრეც გაიმარჯვა. ის ბულგარეთის ხელოვნების ახალგაზრდული კონკურსის MUZITE-ს (2013) ვერცხლის მედლისა და საგუნდო სიმღერის ეროვნული კონკურსის (2014) პირველი პრემიის მფლობელია; ასევე ესპანეთის ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის The Place Of Holiday-ს პრიზიორია.

ბერლინის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია ორგანიზაცია INTERKULTUR. საზოგადოება INTERKULTUR-ის წევრები არიან კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკის გამოჩენილი მოღვაწეები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და, უპირველესად, საგუნდო და საორკესტრო კოლექტივები, ასოციაციები და კულტურული ორგანიზაციები.

ამჟამად INTERKULTUR ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 14 საგუნდო კონკურსსა და ფესტივალს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0