ქართველმა და ფრანგმა ანიმატორებმა ერთობლივი ფილმი „ჯიბის კაცი“ გადაიღეს

© photo: Ana Chubinidze / FBანა ჩუბინიძე
ანა ჩუბინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიმაციური ფილმი, რომელიც ფრანგმა და ქართველმა ილუსტრატორებმა შექმნეს, ეკრანებზე მალე გამოვა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოში დასრულდა მუშაობა საქართველოსა და საფრანგეთის კოპროდუქციით გადაღებულ პირველ ანიმაციურ ფილმზე. მულტფილმის სახელწოდებაა „ჯიბის კაცი“ (The Pocket Man).

როგორც კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ანიმაციური ფილმი მალე გამოვა ეკრანებზე და დაიწყებს თავის საფესტივალო მსვლელობას მსოფლიოში.

შვიდწუთიან ფილმზე „ჯიბის კაცი“ 27 წლის ქართველმა ილუსტრატორმა ანა ჩუბინიძემ ფრანგ კოლეგასთან მარიონ შარიესთან ერთად იმუშავა. 

მულტფილმს იღებდნენ ქართული კინოსტუდიის „კვალი ХХI“-ს ბაზაზე.

ეს პატარა კაცუნას, სახელად ედგარის ისტორიაა, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთხელ იგი შემთხვევით გაიცნობს ბრმა გამვლელს. 

ედგარი მისთვის მეგობარი და გამცილებელი ხდება და ამავე დროს თავისთვის აღმოაჩენს სრულიად უცნობ, რეალურ სამყაროს. 

ანა ჩუბინიძე თავისი პროექტით „ჯიბის კაცი“ პირველად 2015 წელს გამოჩნდა ნიქოზში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე. 

სწორედ იქ მოეწონათ მისი იდეა უცხოელ ანიმატორებს და ჩუბინიძე საფრანგეთში მიიწვიეს ანსის ანიმაციური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე (Annecy International Animation Film Festival). 

უკვე ანსში ქართველი ილუსტრატორის პროექტით დაინტერესდა ფრანგული ანიმატორული კომპანია Folimage.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია

ანა ჩუბინიძე თბილისელია. ბავშვობაში იგი ბევრ დროს ატარებდა ქართულ სოფლებში, სადაც არ იყო საბავშვო სათამაშოები, კომპიუტერული თამაშები და ილუსტრირებული საბავშვო წიგნები. ამიტომ თავად ქმნიდა ხისა და ქაღალდის სათამაშოებს თავისი ძმისა და მეგობრებისთვის. ამასთან ანა საინტერესო ისტორიების ცნობილი მთხრობელიც არის.

ანა ჩუბინიძე თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი არქიტექტურის ბაკალავრია და ბეჭდვითი ტექნოლოგიების მაგისტრანტი. გავლილი აქვს ილუსტრატორების კურსი სამრედში (იტალია) და მუშაობდა სხვადასხვა ქართულ გამოცემებთან. 

2016 წლის თებერვალში მხატვარ ელენე ჭიჭიაშვილთან ერთად გააფორმა საბავშვო–გასართობი ცენტრი მთაწმინდის პარკში. 

ამჟამად ანა ჩუბინიძე წიგნის ხელოვნების ცენტრის ილუსტრატორია. 

ყველა ახალი ამბავი
0