ქართული თეატრის დღეს თბილისში რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძეს გაიხსენებენ

გამოწერა
წელს ქართული თეატრი დაარსებიდან 167 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით 14 იანვარს ალ. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიურ რუსულ დრამატულ თეატრში ცნობილი რეჟისორის ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "მდგმური" იქნება წარმოდგენილი.

„თავისი უკანასკნელი სპექტაკლები — ტურგენევის მიხედვით „მდგმური" და ოსტროვსკის მიხედვით „გვიანი სიყვარული" ნუგზარ ლორთქიფანიძემ გრიბოედოვის სცენაზე დადგა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ქართული თეატრის დღე აღინიშნოს „მდგმურის" ჩვენებით და ის რეჟისორის ხსოვნას მიეძღვნება", — ნათქვამია თეატრის განცხადებაში. 

კომედია „მდგმურის“ მთავარი გმირი კუზოვკინი – ღარიბი თავადია, სხვის ხარჯზე მცხოვრები მემამულე, დამცირებული ადამიანი, რომელსაც მასხარის როლი ეკისრება. თითქოს არაფერი უნდა მიგვანიშნებდეს მოვლენათა სკანდალურად და დრამატულად განვითარებას. თუმცა, მაყურებელი დარწმუნდება, რომ პატარა ადამიანს არ დაუკარგავს ნამდვილი თავადის სიამაყე და დიდსულოვნება და ყველაზე ტრაგიკულ სიტუაციაშიც იგი ინარჩუნებს საკუთარი ღირსების გრძნობას.   

ნინო კასრაძე - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო თეატრალური მოღვაწეები დაჯილდოვდნენ

ქართულ სცენაზე „მდგმური“ პირველად ნუგზარ ლორთქიფანიძის რეჟისურით დაიდგა. დადგმის პრემიერა 2014 წლის 26 იანვარს გაიმართა და ივან ტურგენევის დაბადებიდან 195 წლის იუბილესა და ნაწარმოების შექმნის 165 წლისთავს მიეძღვნა.

დადგმაში მონაწილეობენ მიხეილ არჯევანიძე, ნატალია ვორონიუკი, დიმიტრი სპორიშევი, ოლეგ მჭედლიშვილი, გიორგი თურქიაშვილი, ზურაბ ჭიპაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, ივანე ქურასბედიანი და სხვები.

ნუგზარ ლორთქიფანიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი იყო და მას მიღებული აქვს სამივე ქართული თეატრალური პრემია: კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელისა და აკაკი წერეთლის სახელობის პრემიები.

ნუგზარ ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში იყო თელავის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; მოგვიანებით მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და კინომსახიობთა თეატრის თეატრალური პროგრამების რედაქციებში. დადგმული აქვს 70-ზე მეტი სპექტაკლი. ნუგზარ ლორთქიფანიძე 2016 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0