09:18 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ვაჟიკო ჩაჩხიანი

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ვაჟიკო ჩაჩხიანი წარადგენს

© FB / Министерство культуры Грузии
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
9601

თანამედროვე ხელოვნების 57-ე ბიენალე 13-26 ნოემბერს გაიმართება ვენეციაში.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ვენეციის ბიენალეზე წელს საქართველოს ახალგაზრდა მხატვარი ვაჟიკო ჩაჩხიანი წარადგენს პროექტით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსში, რომელსაც ვენეციის 57-ე ბიენალეს მონაწილე უნდა გამოევლინა, ოცი პროექტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრებს უცხოელი და ქართველი ექსპერტები განიხილავდნენ.

საბოლოოდ კონკურსში ფარული კენჭისყრით გაიმარჯვა გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ვაჟიკო ჩაჩხიანის პროექტმა, რომლის კურატორიც არის გერმანელი მწერალი და თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტი ჯულიან ჰეინენი.

არტ-პროექტი „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ — ეს არის 4,5 მ სიმაღლის, 8 მ სიგრძისა და 5 მ სიგანის ხის სახლი, რომელსაც თავისი ისტორიაც ექნება და ინტერიერიც.

კულტურის სამინისტროში განმარტეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩაჩხიანი საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ სახლს დაშლის და საექსპოზიციო პავილიონში ააწყობს, შემდეგ კი ავეჯით, სურათებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით მოაწყობს. სახლის განათება მქრქალი ყვითელი ფერისა იქნება.

გარდა ამისა, სახლში მოეწყობა ავტონომიური საირიგაციო სისტემა, რომელიც გადაუღებელი წვიმის სიმულაციას შექმნის და მის ნახვას დამთვალიერებელი სახლის ფანჯრებიდან შეძლებს.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაციის იდეა — იმის ჩვენებაა, თუ რაოდენ მძიმეა ადამიანისთვის სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული ტვირთების ტარება.

„მე მჯერა საკუთარი ნამუშევრისა, მჯერა, რომ ეს ძლიერი და მნიშვნელოვანი სიტყვაა აბსტრაქტულ დონეზე. ვფიქრობ, ხელოვნების ენა — ეს არის შესაძლებლობა კონკრეტულ მოვლენებზე აბსტრაქტულად საუბრისა“, — უთხრა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჟურნალისტებს კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე.   

თანამედროვე ხელოვნების 57-ე ბიენალე 13-26 ნოემბერს გაიმართება ვენეციაში.

მთავარი თემები