23:26 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
როიალის კლავიშები

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ თბილისში: საუკეთესო მომენტები და გეგმები

© Flickr/ antony griffiths
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
2401

„Sputnik–საქართველოს“ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ესაუბრა, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება და რა გეგმები აქვთ საიუბილეო 20 წლისთავთან დაკავშირებით.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისში დასრულდა მე-19 საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელოვანი მუსიკოსები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, მონტენეგროდან და უკრაინიდან.

კონცერტები 14-28 დეკემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. საღამოებზე გაიჟღერა ჯაზურმა, ფოლკლორულმა, კამერულმა, საფორტეპიანო და საორგანო მუსიკამ.

ფესტივალის საუკეთესო მომენტებსა და სამომავლო გეგმებზე „Sputnik–საქართველოს“ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ესაუბრა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩატარდა. წელს ცხრა კონცერტი გვქონდა და აქედან ორი ჯაზს მიეძღვნა, რაც პირველი შემთხვევა იყო. და ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოსვლაზე ერთდროულად ორი ძალიან სასურველი ანსამბლი დაგვთანხმდა — ჰოლანდიური კარელ ბოლეს ტრიო და ამერიკული აარონ გოლდბერგის ტრიო. ჩვენ კი აქედან ერთ-ერთის არჩევა გაგვიჭირდა“, — განაცხადა ნატა მეცხოვრიშვილმა.

თუმცა, ორგანიზატორის თქმით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა ფესტივალის პირველმა კონცერტმა. ეს იყო ცნობილი ფრანგი პიანისტის, ჩაიკოვსკის XV კონკურსის ლაურეატის ლუკ დებარგის სოლო გამოსვლა.

„ლუკ დებარგის კონცერტზე ადამიანების სრულიად უპრეცედენტო რაოდენობა იყო. ქართველი მსმენელი ამ მუსიკოსს სულმოუთქმელად ელოდებოდა. ისინი თვალს ადევნებდნენ მის კარიერას და განსაკუთრებით ჩაიკოვსკის კონკურსზე გამარჯვების შემდეგ შეიყვარეს. ლუკი საქართველოში პირველად გამოვიდა და თავადაც აღფრთოვანებული დარჩა — სტუმართმოყვარეობით, სითბოთი და ქართველ თაყვანისმცემლებთან შეხვედრით“, — აღნიშნა მეცხოვრიშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საორგანო მუსიკის საღამო, რომელზეც გამოვიდა პოლონელი მუსიკოსი მარეკ შტეფანსკი, რომელმაც დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. შოპენის, რაველის, დებიუსის, მესიანის, მუსორგსკისა და უსტვოლსკის მუსიკა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, უკრაინელმა პიანისტმა ანტონი ბარიშევსკისმ წარმოადგინა. ბრამსის, პულენკისა და პროკოფიევის ნაწარმოებები შეასრულეს რომან სიმოვიჩმა მონტენეგროდან და ქართველმა პიანისტმა ნათელა პოლიტკოვსკაია-იაშვილმა. 

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ახალი მუსიკის საღამო ქართველ მუსიკოს კოკა ნიკოლაძესთან ერთად, ხოლო გასულ წელს შემოღებული რუბრიკის „დებიუტი“ სტუმარი იყო ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი“.

ფესტივალი ცნობილი ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას საფორტეპიანო მუსიკის კონცერტით დასრულდა.

გარდა ამისა, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში კონსერვატორიის ფოიეში 1950-იანი წლების ქართველი ფოტოგრაფისა და ალპინისტის გურამ თიკანაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, მომავალ წელს „საახალწლო მუსიკალური საღამოები“ დიდ, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ფესტივალის პომპეზურად და მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარება იგეგმება. გარდა ამისა, საიუბილეო ფესტივალი 2017 წელს ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდება.

ფესტივალი 1997 წელს ქართველი პიანისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, კონსერვატორიის რექტორის მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორ კვირას გრძელდება.

მთავარი თემები