ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი – თეატრების კვალდაკვალ

© მ. ტურიაშვილიქუთაისის თეატრი
ქუთაისის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმერეთის რეგიონის თეატრალური დასები წარმოდგენების მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ჩვენ ზესტაფონისა და ქუთაისის თეატრებს ვესტუმრეთ და მესხიშვილის თეატრში ჭიათურის დასის წარმოდგენაც ვნახეთ. გულთბილი შეხვედრები, ურთიერთობები სპექტაკლების ნახვას და მათ შეფასებას ხელს არ უშლიდა.

უპირველესად მოვიხიბლეთ ზესტაფონისა და ქუთაისის თეატრალური საზოგადოების, მაყურებლის, მომსახურე პერსონალის მხრიდან თეატრის მიმართ არნახული თბილი დამოკიდებულებით. სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის რეგიონის თეატრების მნიშვნელობაზე ზესტაფონის, ჭიათურისა და ქუთაისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები გვესაუბრებიან.

© FB/ Manana Turiashviliზესტაფონის თეატრი
ზესტაფონის თეატრი - Sputnik საქართველო
ზესტაფონის თეატრი

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ნინო ლიპარტიანი: ჩვენ ტიპიური თეატრივით ვცხოვრობთ — რეპეტიციები, სპექტაკლები, ამ ყველაფერის დაგეგმვა. პატარა დასია, თითქოს ერთი ოჯახია. ყოველდღიური რეპეტიციები გვაქვს, სპექტაკლს კვირაში ერთხელ ვთამაშობთ, მაგრამ ხშირად დავდივართ რეგიონებში. ეს მიმოსვლა აქტიურად ხდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. შარშან თურქეთში ვიყავით ფესტივალზე, ყველა კმაყოფილი დარჩა და გვინდა, რომ კიდევ წავიდეთ. კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხები ჯერ შიდა რეგიონულ გასტროლებზე დავხარჯეთ, მერე თურქეთის თეატრალურ ფესტივალზე.

ზესტაფონში თეატრს დიდი მნიშვნელობა აქვს, მას თავისი მაყურებელი ჰყავს, რომელიც სპექტაკლს არ აცდენს. პრემიერებზე დარბაზი სავსეა, შემდეგ იკლებს. გამგეობაში, „ფეროში“ მოსაწვევებს ვაგზავნით, გვყავს ერთგული ადამიანი — ბადრი ტაბატაძე, რომელიც მაყურებლის დასწრებაზე ზრუნავს.

– პიესის არჩევის დროს რით ხელმძღვანელობთ, დგამთ იმას, რაც თქვენ გინდათ, თუ მაყურებელს ითვალისწინებთ?

– სოციალური პირობები ძალიან მძიმეა და თეატრში ყოველთვის გასართობად, სიამოვნების მისაღებად მოდიან. ამიტომ რაც მსურს, იმას ვერ ვდგამ, აუცილებლად ვითვალისწინებ მაყურებელს. თქვენ ნახეთ სპექტაკლი „ღამე მშვიდობისა, დედა“, მძიმე თემატიკაა, მაგრამ მინდოდა ერთი წარმოდგენა ახალგაზრდა მსახიობის გასაზრდელად გამეკეთებინა, ვინაიდან რაც აქ ჩამოვიდა, სულ თაგვებს და გოჭებს თამაშობს. ზესტაფონში საბავშვო სპექტაკლებზეა მოთხოვნა და მარტო ამაზე ხომ არ გავჩერდებით? ამიტომ დაბალანსებას ვცდილობთ, ე.წ. „სალაროს სპექტაკლსაც“ ვდგამთ და სერიოზულ თემატიკასაც შევაპარებთ ხოლმე. ჩვენ ვმონაწილეობთ ფესტივალებზე და ეს დასისთვის სტიმულია.

© FB/ Manana Turiashviliჭიათურის თეატრის სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი..“
ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი..“ - Sputnik საქართველო
ჭიათურის თეატრის სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი..“

– ბატონო მამუკა, ჩვენ ვნახეთ რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის საინტერესო სპექტაკლი „მეთევზე ერთი, ორი…“ რა დატვირთვა აქვს თეატრს ჭიათურაში?

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე: ჭიათურა, ტრადიციულად, დიდი თეატრალური ქალაქია. ჩემ ბოლო სპექტაკლში — იეჰოშუა სობოლის „გეტოში“ სწორედ ეს კითხვა მაწუხებდა და ამ წარმოდგენით გავეცი პასუხი. ვილნიუსის გეტოში ებრაელებმა იმიტომ დაარსეს თეატრი, რომ ადამიანური სახე შეენარჩუნებინათ. თეატრი გეტოს ლიკვიდაციამდე არსებობდა, დგამდნენ წარმოდგენებს, აქტიურად მუშაობდნენ, კონკურსები ცხადდებოდა… და როცა ინიციატორს ჰკითხეს — რატომ დააარსა თეატრი, მან უპასუხა: ჩვენ შეიძლება ფიზიკურად გადავრჩეთ, მაგრამ მთავარია ადამიანური სახის შენარჩუნება. ჭიათურაში და, საერთოდაც, თეატრს ეს ფუნქცია აქვს.
– როგორ ცხოვრობს ჭიათურაში მსახიობი?
— ვერ ვიტყოდი გამორჩეულად, მაგრამ არც სხვებზე უარესად. სხვა თეატრებთან ურთიერთობა გვაქვს და ვიცით, რომ საქართველოში მსახიობი ფინანსურად გასაჭირშია. შემოქმედებითი თვალსაზრისითაც გვიჭირს, იმიტომ რომ ბევრ რეჟისორს ვერ ვიწვევთ, სიახლის მიმართ ცოტა ჩაკეტილები ვართ. ეს შეიძლება ერის პრობლემაც არის… ამიტომ ახალი განაცხადები იშვიათად კეთდება.

© FB/ Manana Turiashviliქუთაისის თეატრის „რევიზორი“
ქუთაისის თეატრის „რევიზორი“ - Sputnik საქართველო
ქუთაისის თეატრის „რევიზორი“

– გიორგი,  შევამჩნიე, რომ ქუთაისის მაყურებელი განსაკუთრებულია, განუმეორებელი. იმერეთში რა ფუნქცია აქვს თეატრს, ხომ შეიძლება, მრავალგზის დასმული ეს კითხვა გავიმეორო?

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე: ძალიან დიდი ფუნქცია აქვს, ამ კონკრეტულ თეატრსაც კულტურის ტაძრის დანიშნულება აქვს და ის ქუთაისის სახე-სიმბოლოა. აქ იმდენად უყვართ თეატრი, რომ ქალაქმა, როგორც ტაძარი და შემოქმედების ხელთუქმნელი ძეგლი, მის პატივსაცემად ააგო. გეთანხმები, რომ ეს მაყურებელთან მიმართებაშიც ჩანს და ამას ვგრძნობ პრემიერებზე. ყველას აინტერესებს, რა ხდება თეატრში, რა იდგმება. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისგან დაკვეთაც მიმიღია: „გიორგი, ძალიან გვინდა, რომ ამ მასალაზე იმუშაო…“ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ თეატრს დიდ ყურადღებას აქცევენ.

– ასეთი დაინტერესების მიზეზს როგორ ახსნიდით?

– თეატრალური ქალაქია და აქ ჩამოსვლის დღიდან ვამბობ, რომ ქუთაისმა თავისი ისტორიული მისია და ფუნქცია უნდა დაიბრუნოს. ხშირად საუბრობენ მისი სტატუსის შესახებ, ზოგი ამბობდა, მეორე დედაქალაქიაო. არა, მას, როგორც კულტურის დედაქალაქს, ისტორიამ უკვე მიუჩინა თავისი ადგილი და, აქედან გამომდინარე, ალბათ, ეს ქალაქი კულტურის დედაქალაქია.

ყველა ახალი ამბავი
0