ქართველები პროექტში Голос: თორნიკე კვიტატიანისა და ნიკო ნემანის შანსები

© Sputnik / Levan Avlabreliთორნიკე კვიტატიანი Youtube-ზე
თორნიკე კვიტატიანი Youtube-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს, 9 დეკემბერს პროექტ Голос-ის მეოთხედფინალში თორნიკე კვიტატიანი და ნიკო ნემანი იმღერებენ.

თბილისი, 9 დეკემბერი– Sputnik. თორნიკე კვიტატიანმა და ნიკო ნემანმა რუსეთის ტელეკომპანია პირველი არხის პოპულარული ვოკალური პროექტის Голос-ის მეხუთე სეზონის „ნოკაუტების“ ტური წარმატებით გადალახეს და მეოთხედფინალში მოხვდნენ.
9 დეკემბერს, საღამოს ორივე ქართული წარმოშობის მომღერალი „მეოთხედფინალის“ ტურში პირდაპირ ეთერში იმღერებს.
ნიკო ნემანი და თორნიკე კვიტატიანი „Sputnik-საქართველოს“ გავლილი ეტაპის შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ნემანის თქმით, მას „ნოკაუტების“ გავლა გაუჭირდა, რადგან მასთან ერთად კარგი მონაწილეები იყვნენ.
 „აქ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტდა. პირდაპირ ეთერში კი ტელემაყურებელიც წყვეტს, ამიტომაც სერიოზული განწყობა მაქვს. ერთადერთი ის არის, რომ გამოსვლის წინ ვირუსი შემეყარა, გუშინდლამდე სიცხე მქონდა. ვმკურნალობდი, ყველანაირი პროცედურა ჩავიტარე. ახლა გულისფანცქალით ველოდები ჩაწერას. მთავარია ხმამ არ მიმტყუნოს. ეტყობა, ღმერთი განსაცდელს მიგზავნის, რომელიც უნდა გადავლახო“, – აცხადებს ნემანი.


მეოთხედფინალში მასთან ერთად დარია სტავროვიჩი და ილია ხვოსტოვი გამოვლენ. ნიკო კანიოს არიას იმღერებს ლეონკავალოს ოპერიდან „ჯამბაზები“. თუმცა, ხმის გარდა, ნიკოს თქმით, მას კიდევ ერთი მომენტი ძაბავს.
„ქსელებში ფავორიტად არ ვითვლები. და ეს ცოტათი მძაბავს. მაგრამ იმედი ბოლოს კვდება“, – თვლის ნემანი.
თორნიკე კვიტატიანი კი იმით კმაყოფილია, რომ შემდეგ ტურში გადასვლა შეძლო.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მეოთხედფინალში ვარ და იმით, რომ პირდაპირ ეთერში ხალხი ხმას მომცემს. რთულია მოსამზადებელი პერიოდი, რადგან ჩემთვის ძნელი სიმღერაა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მონაწილეების შემადგენლობა, ვისთანაც ერთად უნდა ვიმღერო, ცნობილია, ეს ოლეგ სიდოროვი და კაირატ პრიმბერდიევია“, – უთხრა Sputnik-ს თორნიკემ.

თორნიკე კვიტატიანი დმიტრი ბილანის, ნიკო ნემანი კი გრიგორი ლეპსის გუნდში არიან. პროექტის წესების მიხედვით, მეოთხედფინალში კონკურსანტები პირდაპირ ეთერში სამეულებში თავისი გუნდის სხვა მონაწილეებს ეჯიბრებიან. ყველა თავის სიმღერას ასრულებს. თითოეულ სამეულში მწვრთნელი საკუთარი ხმების 100%-ს 20\30\50 პროპორციით სამ მონაწილეს შორის ანაწილებს. მაყურებლები ამა თუ იმ მონაწილეს SMS-ების საშუალებით აძლევენ ხმას. მაყურებლის კენჭისყრით მიღებული პროცენტები მწვრთნელის პროცენტებს ემატება, და ხმათა უმრავლესობის მქონე მონაწილე ნახევარფინალში გადადის.

ყველა ახალი ამბავი
0