ქართული ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრემიერა აშშ-ში გაიმართება

გამოწერა
ფილმს, რომლის მთავარი თემა ქართულ ოჯახში ქალის როლია, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინოფესტივალზე წარადგენენ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ მსოფლიო პრემიერა აშშ-ში, საერთაშორისო კინოფესტივალ „სანდენსის“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც 2017 წლის 19-29 იანვრის პერიოდში ჩატარდება.

ფესტივალი „სანდენსი“ (Sundance Film Festival) აშშ-ში დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩვენებას წარმოადგენს. ის 1978 წელს ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა რობერტ რედფორდმა დააარსა.

კადრი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმიდან ეს ცხოვრებაა - Sputnik საქართველო
უსახლკარო გერმანელებზე ქართველი რეჟისორის ფილმს „არტდოკფესტზე“ აჩვენებენ

ყოველწლიურად ფესტივალი 9 ათასზე მეტი განაცხადიდან ეკრანზე საჩვენებლად დაახლოებით 200 ფილმს არჩევს. „სანდენსი“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოკლემეტრაჟიან ფილმებს, სადაც თავის წარმოჩენა ახალგაზრდა დამოუკიდებელ ავტორებს შეუძლიათ. ყოველ წელს ფესტივალს 50 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს პარკ-სიტიში, სოლტ-ლეიქ-სიტიში, ოგდენსა და სანდენსში.

ქართული ფილმი კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ კინორეჟისორების ექვთიმიშვილისა და გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. პირველი იყო „გრძელი ნათელი დღეები“, რომელსაც დიდი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა.

ფილმი მოგვითხრობს სამი თაობისგან შემდგარ ერთ ქართულ ოჯახზე. მთავარი გმირია 52 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე მხეიძე, რომელიც ერთხელ გადაწყვეტს, კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და წავიდეს ოჯახიდან.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე.

ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემაა ქართულ ოჯახში ქალის როლი და ნათესავების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებების მიმართ.

კინოსურათი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ის კინოცენტრისა და გერმანულ ტელეარხ ZDF-ის სუბსიდიითა და ფონდ „ევრიმაჟის“ მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ყველა ახალი ამბავი
0