09:06 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ქეთი დოლიძე, ჯოის მაკმილანი, მანანა ანთაძე

შოტლანდიელი თეატრმცოდნე ქართულ თეატრზე და თანამედროვე კრიტიკაზე

გია გოგატიშვილი
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
29930

მსოფლიოში აღიარებული შოტლანდიელი კრიტიკოსი - ჯოის მაკმილანი, დიდ ხანს იღებდა ფოტოებს მიხეილ თუმანიშვილის ძეგლთან. დიდი მაესტროს „დონ ჟუანით“ ის 1988 წელს, ედინბურგის სახელგანთქმულ ფესტივალზე მოიხიბლა.

ქალბატონი ჯოის მაკმილანი შოტლანდიის წამყვანი კრიტიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველია. ის მარგარეტ დედოფლის უნივერსიტეტში დრამისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორია. მას შოტლანდიის ეროვნული მედიის მედროშესაც უწოდებენ, მის სვეტს „სკოტსმენ“-ის თითქმის ყველა გამოშვებაში, მთელი მსოფლიოს თეატრალები არჩევენ. ფესტივალ „საჩუქარზე“ ჯოის მაკმილანი დაჯილდოვდა პრიზით — „ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის“. თუმანიშვილის თეატრში ჯოის მაკმილანთან შეხვედრა გაიმართა. თავმდაბალი კრიტიკოსი, ყველა კითხვაზე ამომწურავად პასუხობდა. 

ფესტივალ „საჩუქარის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ქეთი დოლიძე: ედინბურგის ფესტივალზე, ჯოის მაკმილანის სპექტაკლზე  დაპატიჟებას, ყველა თეატრი ლამობს. მის გამოხმაურებაზეა დამოკიდებული რა რაოდენობის მაყურებელი მივა წარმოდგენაზე. 1988 წელს, როცა ჯოის მაკმილანი ახალგაზრდა იყო, ნახა თუმანიშვილის „დონ ჟუანი“ და ქართული თეატრი შეუყვარდა.

ჯოის მაკმილანი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

1997 წლის მერე, თბილისი ძალიან გამოიცვალა, მაშინდელი ფესტივალი  იმპროვიზირებული იყო — უცებ შევადგინეთ, ძალიან ჩქარა, ყველაფერი ჩავყარეთ. მაშინ მთავარი იყო ფესტივალის შექმნა. ჩვენ ვუყურებდით აფხაზეთის ამბებს, მთელი ქალაქი დეპრესიაში და გაუბედურებული იყო, ის 1947 წლის ედინბურგს ჰგავდა. მაშინ უნდა გვეთქვა, რომ საქართველოში დაარსდა დიდი ხელოვნების ფესტივალი. 20 წელიწადში ფესტივალი გამოიცვალა, დაიხვეწა, დღეს მას გამოცდილება აქვს, წელს სპეციალური „იტალიური სეზონი“ შედგა, GIFT-ზე ძალიან მაღალი სტანდარტის სანახაობებია. 

თბილისში ვნახე იტალიელების „მედეა: მასალა“, საოცარი წარმოდგენაა, შეიძლება ყველას არ მოეწონოს, მაგრამ ბრწყინვალე სპექტაკლია, ყველა საერთაშორისო ფესტივალს დაამშვენებდა და იქნებ ედინბურგშიც ჩამოვიდეს. მშვენიერი სპექტაკლია ქართული „მეფე ლირი“, ვნებიანი… „ლირში“ დავინახე ის, რაც თავის დროზე შევნიშნე „ანტიგონეში“. უფრო ოჯახურ დრამაზეა მიმართული, რაც  საქართველოს ახასიათებს. ძალიან მომეწონა შოთა გლურჯიძის დეკორაცია და განათება. რეზო გაბრიაძესთან „რამონა“ ვნახე, როგორ იყო მოვლილი თითოეული დეტალი, გავოცდი. ვუყურებდი ამ სპექტაკლს და ჩვენ ისტორიაზეც ვფიქრობდი. 

დმიტრი კრიმოვი და ჯოის მაკმილანი
მ. ტურიაშვილი
დმიტრი კრიმოვი და ჯოის მაკმილანი

ჯოის მაკმილანი თავის ისტორიას გვიამბობს

დავიბადე 1952 წელს, თითქმის 40 წელია თეატრის კრიტიკოსი ვარ და ვწერ თეატრზე. არც მე და არც ჩემ ოჯახს თეატრალური წარსული არ გვაქვს.  დისერტაცია დავწერე ბენ ჯონსონზე, ვინაიდან ყველაზე მეტად მაინტერესებდა შექსპირი და მისი თანამედროვე ავტორები. 70-იან წლებში მეგონა, რომ თეატრი ძალიან ძველმოდურია და დრომოჭმული მეთოდებით მუშაობს, რომ მას მუსიკალური ტენდენციები ბევრად უსწრებს და ამან ძალიან შემაწუხა. მერე რაღაც მოხდა: პოლიტიკურად მოტივირებული სტუდენტი ვიყავი, გენდერული საკითხები მაინტერესებდა და რა თქმა უნდა ფემინისტი ვიყავი,  ქალთა უფლებებისათვის ვიბრძოდი. მართალი გითხარათ ამითაც ძალიან დავიღალე, იმიტომ რომ მომბეზრდა იმ მეთოდების სწორხაზოვანი მიმართულება, რომლითაც პოლიტიკოსები აქტიურობენ, წერენ, მოქმედებენ და ამასთან, გენდერული საკითხები ჩიხში შევიდა. რაც მთავარია მოხდა ის, რომ მარგარეტ ტეტჩრი გახდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შოტლანდიაში ის პოპულარული არ იყო, მაშინ მივხვდი, რომ ინდივიდუალისტების ხანა დგება. ინდივიდმა თვით უნდა იზრუნოს თავის არსზე, არსებობაზე,  საზოგადოებაში ადგილის დაკავებაზე. 

მაშინ აღმოვაჩინე, რომ თეატრში ცოცხალი, საინტერესო პროცესები ხდება და მივხვდი, რომ თანაგანცდის ეს სივრცე მჭირდება. ჩვენ პირველად დავფიქრდით — რით განვსხვავდებით ბრიტანელებისგან, რამდენად ინდივიდუალურები ვართ და XXI საუკუნეში, თუნდაც ბრიტანეთში, სად იქნება ჩვენი ადგილი. თავისუფლების იდეამ ყველა შეიპყრო: მწერლები, პოეტები, ესეისტები, კრიტიკოსები, რეჟისორები… დაიწყო ბრძოლა შოტლანდიის ინდივიდუალიზმისთვის და თავისუფლებისთვის.

ახლახან გამოიცა ჩემი წიგნი „THEATRE IN SCOTLAND“, სადაც 1982 წლიდან 2015 წლამდე დაწერილი სტატიებია შესული. გაზეთში მაქვს გვერდი, სადაც ვწერ პოლიტიკაზე და სოციალურ თემებზეც, მაგრამ უპირველესად თეატრზე. 

თქვენი აზრით, რას უნდა აკმაყოფილებდეს სპექტაკლი, ვგულისხმობ კრიტერიუმებს… 

პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევ სინთეზს, რომელიც სპექტაკლში უნდა იყოს. სინთეზში იგულისხმება პიესა, პროფესიონალური შესრულება, განათება, მხატვრობა. ჩემთვის ამ ერთობლიობას  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

უმთავრესად ვეძებ და ვაანალიზებ, რატომ დადგეს ეს თუ ის სპექტაკლი, სათქმელი რა არის? ხანდახან განახორციელებენ კლასიკურ პიესას და ვერ ხვდები რისთვის, რატომ დადგეს? სანახაობამ „მესიჯი“ უნდა გამომიგზავნოს. ყველა ახალ სპექტაკლში, პიესაში, მაინტერესებს მისი თანადროულობა, გაუძლებს თუ არა ის გარკვეული დროის მონაკვეთს. საერთოდ, ყოველთვის პროფესიულ თეატრზე ვწერ, მაგრამ ხდება, რომ  სტატია უნდა დავწერო დამწყებ მსახიობებზე და უცებ, შეიძლება საინტერესო ნამუშევარს წავაწყდე.

კრიტიკული მოსაზრების გამო, ყოფილა თუ არა უთანხმოება დასთან ან დამდგმელ რეჟისორთან და როგორ გამოიხატებოდა ეს?

ერთი-ორჯერ, ორმა თეატრმა პირდაპირ ჩამცხო. როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი ერთ პატარა თეატრს შიგა და შიგ ვულაწუნებდი. ერთხელ, სპექტაკლში ყველა მსახიობს რაღაცა „კოლგოტკა“ ეცვა, ამას ხაზი გავუსვი და ერთი წელი იქიდან გამომაგდეს. ერთხელ, ჩემი წერილის შემდეგ, მთელი Facebook-ი არასასიამოვნოდ მახსენებდა.

თეატრალური კრიტიკა საქართველოში ენთუზიაზმზე მუშაობს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ შოტლანდიაში?

იგივეა შოტლანდიაში, მეც ასეთ დღეში ვარ, რას მიხდიან და როგორ, არც ვიცი. გაზეთებს ძალიან ცოტა ფული აქვთ… ჩემ შემდეგ თაობას, ალბათ კაპიკს არ გადაუხდიან. ვისაც თეატრზე წერა უნდა, იძულებულია ან ასწავლოს, ან სხვა რამ გააკეთოს. თუ პოლიტიკაზე, სოციოლოგიაზე არ დავწერ,  „სკოტსმენში“ ვერ გავჩერდები. საშინელი სიტუაციის მიუხედევად, მაინც მოდის თაობა, რომელსაც თეატრის მიმართ პროფესიული დამოკიდებულება აქვს და კულტურაზე კრიტიკული სტატიების წერა უნდა. „სკოტსმენი“ კვირაში ერთხელ მიხდის და როცა ფესტივალს ვაშუქებ, ზედმეტს არ ვღებულობ. ედინბურგის ფესტივალზე 10 ათასზე მეტ სპექტაკლს უჩვენებენ, კრიტიკაში უფრო მეტი ხალხი ერთვება  და ყველა ტიპის ჟურნალისტი წერს.  მგონია, რომ ფესტივალი „საჩუქარი“, კრიტიკოსებს წერის სურვილს აღუძრავს.

 

 

 

მთავარი თემები