გიზო ჟორდანია: სხვას უნდა მოუტანო ბედნიერება!

© FB / Театр оперы и балета საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია
საქართველოს დამსახურებული არტისტი გიზო ჟორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მეც ეგეთი კაცი ვარ, გაიგე შენა?!“ - მითხრა ბატონმა გიზო ჟორდანიამ, როცა ის ნოდარ დუმბაძის მიხედვით დადგმულ თავისი ბოლო სპექტაკლის პრემიერის საღამოს (5 ივლისს) თბილ და კეთილ პერსონაჟებზე მესაუბრებოდა. „ბოლოს ბიბლია იმარჯვებს“, - ბრძანა ბატონმა გიზომ და... მერე აღარც მინახავს.

ახლა ის დროა, როცა ყველა აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნიდან წავიდა დიდი პიროვნება, ძლიერი შემოქმედი, კეთილი და გულწრფელი ადამიანი. თავდაპირველად ბატონ გიზოს თეატრალურ ინსტიტუტში ვხვდებოდი, როცა მისი ერთ-ერთი საუკეთესო სამსახიობო ჯგუფის წევრები ჩემი კურსელები იყვნენ. 80-იან წლებში ამ ჯგუფმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენას უამრავი მაყურებელი შესძინა. გულშემატკივრები სპექტაკლების შემდეგ მათ ქუჩაში ელოდებოდნენ და ისინიც, როგორც ბატონი გიზოს გაზრდილებს შეეფერებოდათ, ყველას ჯეროვანი სითბოთი პასუხობდნენ. 

დღეს დიდებული პედაგოგის სტუდენტებს საქართველოს თითქმის ყველა თეატრში ნახავთ. სად არ ყოფილა და რომელ თეატრში არ დაუდგამს ბატონ გიზოს სპექტაკლები – რუსთაველის, გრიბოედოვის, მარჯანიშვილის თეატრების ფიცარნაგებზე, საოპერო თეატრების სცენებზე. მკითხველს მასთან ერთ ინტერვიუს გავაცნობ, რომელიც პირველად ქვეყნდება:

– ბატონო გიზო, მახსოვს 80-იანი წლები და რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე თქვენ ყოფილ სტუდენტებთან (და არა მარტო მათთან) ერთად განხორციელებული სპექტაკლები: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ამაღამ, მგონი, იქნება ქარი“, „ჰამლეტი“… რა რჩება წარსულიდან?

— ბედნიერების და სევდის მომენტი. ესე იგი, ბედნიერი ხარ, რომ ეს შედგა და სევდიანი ხარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გაქრა. თქვენ დაიწყეთ ლაპარაკი და მხედველობაში გქონდათ ის ჯგუფი, რომელიც თეატრალური ინსტიტუტიდან რუსთაველის თეატრში გადავიდა. თქვენც იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე, სხვა მასწავლებელთან სწავლობდით, ამიტომ ჩვენი შეხვედრა ერთნაირ ასოციაციებს იწვევს. 

კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
კოტე მახარაძე - 90

– ვინაიდან დღეს უკვე აღიარებული და სახელგანთქმული ჯგუფის წევრებზე ჩამოვარდა საუბარი, გამახსენდა თეატრალურ ინსტიტუტში თქვენ მიერ განხორციელებული სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც მთელმა თბილისმა ნახა. რა პრინციპით მუშაობდით მაშინ? 

— ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებდით და არასდროს უთქვამს ვინმეს – „მე ის როლი უფრო მომწონს და არა ეს“… მე რასაც შევთავაზებდი, მას ის უნდა ეთამაშა. თუმცა ყოფილა შემთხვევები, სხვა როლიც მოსდომებიათ. ერთმა ძალიან კარგმა მსახიობმა, — არ დავაკონკრეტებ, — ეს მითხრა, მაგრამ ამას დისკომფორტი არ მოჰყოლია.

– ბატონო გიზო, თეატრში როგორი ატმოსფერო უნდა იყოს?

— თეატრში უნდა იყოს სიყვარული, თეატრში უნდა იყოს სიკეთის მომტანი ატმოსფერო და თუნდაც „ბოროტ“ პიესას დგამდე, იქ კეთილი საწყისი უნდა მოქმედებდეს. თუ ეს არ არის, მაშინ მუშაობას აზრი არა აქვს, იმიტომ რომ შენ ღმერთისთვის უნდა გააკეთო, ღმერთისთვის უნდა იყოს შენი შემოქმედება.

სესილია თაყაიშვილი - Sputnik საქართველო
კარგად ნაცნობი და მაინც გამოუცნობი სესილია

– მგონია, რომ იუმორი თქვენ ცხოვრებას განსაზღვრავს… 

— პოლიტიკოსიც კი, თუ იუმორი არა აქვს, ცუდი პოლიტიკოსია! თუ რეჟისორს, მსახიობს იუმორი არა აქვს, მით უმეტეს, იუმორით თუ არ უყურებს თავის თავს, უბედურება მაშინ იწყება. ის ხდება მშრალი, საკანცელარიო თაგუნია, რომელიც თავის საქმეს შეასრულებს — წავა და მოვა. ყველაზე დიდ ტრაგიკოსებს ჰქონდათ იუმორი. მე მაქვს იუმორი და ეს რომ არ მქონდეს, სულ ცხვირჩამოშვებული ვიქნებოდი და ცხოვრების იმპულსს დავკარგავდი.

– დავსწრებივარ თქვენ რეპეტიციებს და ვიცი, როგორი გატაცებით მუშაობთ, როგორ „იმორჩილებთ“ მსახიობებს?

— არ მიფიქრია, რომ, აი, მივალ რეპეტიციაზე და რაღაცა გეგმით ვიღაცას დავატყვევებ და ჩემ მხარეს გადმოვიყვან. მსახიობებს არც თავს ვაწონებ და არც ისე ვიქცევი, რომ მათ დამიჯერონ — ეს არ გამიკეთებია! ერთი რამ კი ვიცი, თუ მთელი არსებით ეძლევი იმ ამოცანას, რომელიც შენ და შენმა პარტნიორებმა უნდა შეასრულოთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, მსახიობები ამას გრძნობენ და რეპეტიციაზე ურთიერთგაგების სიმები იბმება. აი, მაშინ ისინი გემორჩილებიან!

ეშმაკობაც უნდა გამოიყენო ამ დროს, ანუ ადამიანის გასათავისუფლებლად რაღაც ხერხს უნდა მიმართო. ჩემთვის მთავარია, რომ მსახიობი თავისუფალი იყოს, მთავრია, რომ მან იგრძნოს, რომ ის არის ნომერი პირველი შემოქმედი და შენ მას ეხმარები. რა ვიცი, მას რომ ასე ეგონოს, იქნებ ეს არის დამორჩილება?

მედეა ჩახავა - Sputnik საქართველო
სწორუპოვარი მედეა ჩახავა

– ბატონო გიზო, როდის მოდის სიბერე?

— როცა შენში რაღაცის ან ვიღაცის მიმართ სიყვარული ქრება. ეს ვიღაც შეიძლება მსახიობი იყოს ან ბავშვი, ან მოხუცი… თუ მოხუცი არ შეგებრალა, მაშინ ბებერი ხარ, ბებერი და უნაყოფო.

– თქვენი კეთილშობილება საქვეყნოდ თქმულა… თქვენ რას აფასებთ ადამიანში?

— ადამიანში ვაფასებ გულწრფელობას და მის სურვილს — ვინმეს არ ავნოს, კარგი საქმეები გააკეთოს და ამისგან სიამოვნება მიიღოს. შენი საქციელით, შენი ნაბიჯით, შენი შემოქმედებით მეორე ადამიანს ბედნიერება უნდა მოუტანო. მე მგონია, ყველაზე ძვირფასი რამ არის – იცხოვრო არა მარტო შენთვის, არამედ სხვისთვისაც. სხვას უნდა მოუტანო ბედნიერება და თუ ეს შეგიძლია (ახლა ცოტას ვტრაბახობ) — ძალიან ძლიერი პიროვნება ხარ!

მსახიობები: კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და კარლო საკანდელიძე - Sputnik საქართველო
კარლო საკანდელიძე: ვისაც სიყვარულის უნარი აქვს, ის ბევრს მიაღწევს

– შემოქმედი როგორი უნდა იყოს?

— ჩვენ შემოქმედი ხალხი ვართ და რეჟისორს ყოველთვის კარგი სპექტაკლის დადგმა უნდა, მსახიობს კარგი როლის გაკეთება — ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და კიდევ, იცით, რა არის? – დილით თვალს რომ გაახელ და შენ შვილს, შენ ახლობლებს, შენ მოწაფეს დაინახავ, ამ ქვეყანაზე ღვარძლის, ეჭვის, გესლის და სხვაზე ბატონობის სურვილის გარეშე, უფრო კარგია ცხოვრება.

ყველა ახალი ამბავი
0