09:06 24 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
მსახიობი დები, ნანა და ლილი ხურითები.

დები ხურითები აფხაზეთიდან დევნილები, ქართული თეატრის ეროვნებით ოსი მსახიობები

კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
1327110

მანანა ტურიაშვილი

ამ  ქალბატონებთან ურთიერთობა უაღრესად სასიამოვნოა. მსახიობს რაც სჭირდება: ხმა, მშვენიერი აღნაგობა, ამასთან სილამაზე და, რაც მთავარია, ჭკუა-გონება — ეს ყველაფერი ბუნებამ უბოძა. მაგრამ მე გამოვარჩევდი ლილის და ნანას ღიმილიან, თბილსა და ხალისიან მზერას, რომელიც ყველას კარგ ხასიათზე აყენებს.  

Sputnik-ის სტუმრები არიან  დები ხურითები — ნანა და ლილი. საქართველოს თეატრალური საზოგადოება დები ხურითების შემოქმედებას კარგად იცნობს.  ხურითებს აფასებენ, მათ ნიჭიერებას აღიარებენ და მნიშვნელოვანი როლებიც არ აკლიათ.

ის, რომ საქართველოს ყველა თეატრალი იცნობს დებ ხურითებს, მათი ნიჭისა და მშვენიერი გარეგნობის „ბრალია“.
ის, რომ საქართველოს ყველა თეატრალი იცნობს დებ ხურითებს, მათი ნიჭისა და მშვენიერი გარეგნობის „ბრალია“.

— როცა შეხვედრაზე შევთანხმდით, პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ თქვენ წარმოშობით ოსები ხართ. რამდენჯერ ვყოფილვარ ცხინვალის თეატრში…

ლილი ხურითი: ცხინვალში ერთ შენობაში იყო ქართული და ოსური დასები. ქართველები თამაშობდნენ ოსურ სპექტაკლებში, ოსები — ქართულ სპექტაკლებში. დილა იწყებოდა ასე: ქართველები, ოსები — ყველა იკრიბებოდა მოედანზე, სადაც თეატრი იყო… არც მახსოვს, რა ენაზე ვსაუბრობდით, იმიტომ რომ ქართველებს მშვენივრად ესმოდათ ოსური, ოსებს კი — ქართული… და მერე იწყებოდა რეპეტიციები. რა თქმა უნდა, მათი პრემიერა ჩვენი პრემიერა იყო და ჩვენი — მათი. ლიტერატურული ოსური არ ვიცოდი, მაგრამ, როცა „პიგმალიონში“ ვითამაშე, ჩამრიცხეს ოსურ დასში, სადაც ოსებისთვის ქართველი ვიყავი, ქართველებისთვის ოსი… ამ ორ ეროვნებას ვაკავშირებდი.

ნანა ხურითი
ნანა ხურითი

იქ ექვსი თვე ვმუშაობდი, მერე დოდო ალექსიძე სოხუმის თეატრში  „ვენეციელ ვაჭარს“ დგამდა და მას ჯესიკას როლის შემსრულებელი არ ჰყავდა. ვინაიდან ძალიან უყვარდა ფილმი „ჩემი მშვენიერი ლედი“ და „პიგმალიონში“ ოსურ ენაზე შესრულებული ჩემი როლი ნახა, დამავლო ხელი და  სოხუმის თეატრში წამიყვანა, ამასთან, იცოდა, რომ ქართულენოვანი ვიყავი…

— ენაზე ჩამოვარდა საუბარი და ნანა, ოსური შენც კარგად იცი, არა?

ნანა ხურითი: ოსური კარგად ვიცი.  თბილისში დავიბადე, ორ წლამდე აქ ვიზრდებოდი, მერე გამიშვეს სოფელში, რომელიც სამოთხეს ჰგავდა. ჩვენი სოფელი ახალგორის რაიონში იყო, იქ 4 წელი ვიყავით. ეს ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, სადაც მეგონა, რომ მგელთანაც კონტაქტი მქონდა, მელიასთან და კურდღელთან…

ლილი ხურითი
ლილი ხურითი

ლილი ხურითი: როგორ სოფელში ვიყავით, იცით? ხუთი კომლი ცხოვრობდა — არც ელექტროობა, არც არაფერი… მგლების, ტურების ყმუილი ჩაგვესმოდა, მაგრამ აგრესია არ მახსოვს. იქ ქართული ენა დამავიწყდა და, როცა თბილისში ჩამომიყვანეს და „0“ კლასში შემიყვანეს, ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ  ქართული კი მესმოდა, მაგრამ ვერ ვსაუბრობდი. მახსოვს, ასო-ბგერა „ძ-ზე“ რომ მივედით, იქ იყო სიტყვები: ძუა, ძიძა… მასწავლებელმა გვითხრა: „აბა, ბავშვებო, ძუა, ხომ ვიცით, რა არის?“ ბავშვებმა დაადასტურეს: „კი, ვიცით“. მერე შეგვეკითხა: „აბა, რა არის ძიძა?“. ყველა გაჩუმდა. მე ხელი ავწიე და ვუპასუხე: „ძიძა არის ხორცი“, იმიტომ რომ ძიძა ოსურად ნიშნავს ხორცს.  ბავშვებმა გაიცინეს. დიდხანს მიმტკიცებდნენ, რომ „ძიძა“ სხვა რამეს ნიშნავდა, მაგრამ ვერ გამაგებინეს, ვინაიდან, რომელი იყო ჩემი მშობლიური ენა — არ ვიცოდი, ორივე ჩემი იყო.

დები ხურითები ერთ სპექტაკლში
დები ხურითები ერთ სპექტაკლში

ნანა ხურითი: ჩვენ იტალიურ ეზოში გავიზარდეთ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ სომეხი, ქურთი, ებრაელი, რუსი, აისორი, ოსი… და ჩვენთვის საქართველოს აღქმა იმ ეზოდან დაიწყო.

— ბავშვობის შემდეგ ცხინვალში არ ყოფილხართ?

ლილი ხურითი: 2000-იანი წლების დასაწყისში ვიყავით, კონფლიქტის შემდეგ. ქორწილში დაგვპატიჟეს, გვითხრეს, ყველა ჩამოდის, ქართველებიც და თქვენ რა გჭირთო? და წავედით. ცხინვალში რომ შევდიოდით, მანქანა გააჩერეს, ყველას მიესალმნენ (სამარშრუტო ტაქსში ქართველები იყვნენ) და ჩვენ გვითხრეს, საბუთები წარმოადგინეთო. როცა წაიკითხეს: „ხურითები?  ოსები ხართო“.

ნანა ხურითი: როცა ცხინვალში შევედით, მე და ლილი ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდით და მახსოვს, მანქანაში ქართულ სიმღერებს უსმენდნენ. მაისი იდგა და გვითხრეს: დარჩით, ქართველებთან უნდა გადავიდეთ გიორგობის დღესასწაულზეო. 2008 წელს, ომი რომ დაიწყო, ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა: თქვენ სოფელში რა ხდებაო? ახლა ამ სოფელს გდულეთი ჰქვია. იქ ორი ბიძა ცხოვრობს, ჩვენი სახლიც იქ არის, მამაც იქაა დაკრძალული —  ეს ყველაფერი საზღვარს იქით დარჩა… მე ვუთხარი: როცა ჩვენები შემოვიდნენ, ჩვენები ტყეში გაიქცნენ-მეთქი.

— სოხუმის თეატრში რამდენი წელი მუშაობდით?

ლილი ხურითი: მე ათი წელი ვიყავი და ნანა — რვა. ეს იყო გოგი ქავთარაძის პერიოდი, ოქროს ხანა. თეატრი იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, სადაც კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. მაგრამ, როცა 1984 წელს სოხუმში ჩავედი, ქალაქში რაღაც დაძაბულობას მაინც ვგრძნობდი, ცხინვალში კი ასე არ იყო.

ნანა ხურითი: ცხინვალში უფრო იოლად იყო ყველაფერი და 2008 წლის ომი რომ არა, ჩვენ იქ სპექტაკლს ვითამაშებდით. ამაზე ბევრი მიფიქრია. ერგნეთის ბაზარზე ჩვეულებრივი გადასვლები ჰქონდათ: ჩახუტება, ბავშვის მონათვლა, ოსიც კარგად იყო და ქართველიც… მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ არ შეუძლიათ.

— საქართველოს ყველა თეატრალი იცნობს დებ ხურითებს, რასაკვირველია, ეს ნიჭის და თქვენი მშვენიერი გარეგნობის „ბრალია“. ერთი კი ვიცი: თქვენთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა და სახალისო. დიდ სიკეთეს ასხივებთ…

ლილი ხურითი: რაც ვართ, ეს ვართ! ვცდილობ, ჩემი ცხოვრების წესით, რწმენით, საქციელით ვემსახურო იმას, რასაც სიკეთე ჰქვია.

ნანა ხურითი: ბედნიერი ბავშვობა გვქონდა, უზრუნველი ცხოვრება და გვეგონა, რომ ომი არ შეგვეხებოდა… ახლა მივხვდი, რომ ომი ვიღაცის მოფიქრებული ამბავია, თორემ ჩემთვის არ არსებობს ოსი, აფხაზი… და ჩვენც ასე ვამბობთ: ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილები, ქართული თეატრის მსახიობები, ეროვნებით ოსები.






მთავარი თემები