16:30 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სცენა სპექტაკლიდან „მთხოვნელები“, ქალაქი ზაბჟე, პოლონეთი

რა მოგვივიდა, რატომ აღარ ვართ ადამიანები?..

მ.ტურიაშვილი
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
53620

ტალღებში ასახული თოლია რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალის ემბლემაა. თოლიების მსგავსად „მოფრინავდნენ“ სხვადასხვა დასები ფოთის თეატრში და ფესტივალის დევიზის „თეატრი - მუზების ფერხული“ გამართლებას ცდილობდნენ.

ფოთის ფესტივალი, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა, ქართულ თუ უცხოურ დასებს და სტუმრებს მასპინძლობდა. სასტუმროში თუ სცენაზე ჩვენი ყურადღება მიიპყრო პოლონეთის ქალაქ ზაბჟეს „ახალი თეატრის“ მხიარულმა დასმა. მათ წარმოადგინეს ელფრიდე იელინეკის „მთხოვნელები“, რომელიც ძველბერძენი ესქილეს ნაწარმოებს „მავედრებლებს“ გაგახსენებდათ. პოლონელმა მსახიობებმა ლტოლვილთა ცხოვრების მძიმე ამბები მსუბუქად გვიამბეს, ქართული თეატრისთვის ნაკლებად ნაცნობი სამსახიობო ტექნიკით. არტისტების „გაშიშვლებით“ მიღწეული პერსონაჟთა რეალური არსი მაყურებლის თვალწინ დაიბადა, განვითარდა და სპექტაკლის მოზაიკურ ქარგაში სხვადასხვა ფერების სახით აისახა. 

პოლონელი მსახიობი ანა კონიენიჩნა: პიესა ლტოლვილებზე გვიამბობს და რომელ ქვეყანაში ხდება მოქმედება, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მგონია, რომ ჩვენ ლტოლვილების გვეშინია და ხშირად მათ ტერორიზმს ვუკავშირებთ. ამ შიშის გამო ლტოლვილებს ადამიანებად არ აღვიქვამთ და მათ ვუყურებთ, როგორც ცუდ მოვლენას. მაგრამ ყოველი ლტოლვილის ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას ჰგავს — შვილები, ოჯახი… ვინ არის მართალი და ვინ ტერორისტი, რომელმაც შეიძლება მატკინოს, ამის გარკვევა რთულია. ამ დროს ერთ მხარეს დგას ადამიანი, რომელიც შველას გთხოვს და გეუბნება – ჩემი სახლი დაიწვა, ჩემ ქვეყანაში ომია, ვერ დავბრუნდები, თუ შეიძლება, დამეხმარეთ! ჩემ ქვეყანაში ლტოლვილების შემოყვანის მომხრე ვარ თუ წინააღმდეგი, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი! ხან შეშინებული ვარ და ხან ვფიქრობ, ღმერთო ჩემო, ეს ადამიანები გაჭირვებაში არიან, ამათ დახმარება სჭირდებათ, ისინიც ხომ ჩემნაირი ადამიანები არიან! მე პოლონელი ვარ და, თუ ჩემ ქვეყანაში ომი იქნება, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ წასვლა მომინდება… მაგრამ მაინც მეშინია, რა ვთქვა — კი თუ არა? ჩვენ ეს პრობლემა უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს.

სცენა სპექტაკლიდან „მთხოვნელები“, ქალაქი ზაბჟე, პოლონეთი
მ.ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „მთხოვნელები“, ქალაქი ზაბჟე, პოლონეთი

– რობერტ, ამ სპექტაკლის პრემიერა გასული წლის ნოემბერში შედგა. პოლონელი მაყურებელის რეაქცია მაინტერესებს…

პოლონელი მსახიობი რობერტ ლუბავი: სპექტაკლს პოლონელი მაყურებელი არაერთგვაროვნად შეხვდა — ზოგი ამბობდა, რომ ეს პრობლემა არც ისე მწვავეა. ჩვენ ლტოლვილების საკითხი თავისებურად გავაკეთეთ, ჩვენთან გაბოროტებულები არ არიან.  

– როგორ აგროვებდით ამ მასალებს, სპექტაკლში ბევრი რამ ცხოვრებიდან არის აღებული?

– ინტერნეტში ვეძებდით, ჩემი გმირის სიტუაცია ტელევიზიით ვნახე… ძალიან რთული სამუშაო ჩავატარეთ, ჩვენ ცხოვრებისეული სიტუაციების შექმნა გვინდოდა.

თეატრის დირექტორი ერჟი მაქსელონი: ზაბჟეში ცხოვრობს 170 ათასი ადამიანი, მუშათა ქალაქი იყო და ახლა ძალიან შეიცვალა. ვინაიდან ქალაქში ერთადერთი თეატრია, ვცდილობთ, ჩვენი რეპერტუარი საინტერესო იყოს ყველა თაობის მაყურებლისთვის. რეპერტუარში გვაქვს კომედიებიცა და სერიოზული ნაწარმოებებიც. 

ელფრიდე იელინეკის ნაწარმოები „მთხოვნელები“ მსუბუქი არ არის, სამუშაო რთული იყო, თემა ძალიან ცნობილი, მნიშვნელოვანი და სერიოზული. ჩვენ გვინდოდა, გვეჩვენებინა ადამიანების ტკივილი, მოთმინება და ისიც, რომ ეს ადამიანები ისეთები არიან, როგორიც ჩვენ.

სცენა სპექტაკლიდან „მთხოვნელები“, ქალაქი ზაბჟე, პოლონეთი
მ. ტურიაშვილი
სცენა სპექტაკლიდან „მთხოვნელები“, ქალაქი ზაბჟე, პოლონეთი

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი კატაჟინა დეშთი: ამ სპექტაკლზე 10 კვირა ვმუშაობდით. პიესა კი გვქონდა, მაგრამ ინტერნეტში ბევრი დოკუმენტი, ფოტო მოვიძიეთ და მერე ორიგინალური ტექსტი ძალიან შეიცვალა.

– რას დაარქმევდით მსახიობთან მუშაობის თქვენეულ მეთოდს? რეპეტიციებზე მსახიობებს მოაქვთ რამე, თუ ყველაფერს თქვენ მართავთ? 

– ახლახან ვმუშაობდი ლონდონში, ინგლისელ მსახიობებთან და ისინიც იმავეს მეკითხებოდნენ. მაგრამ მე არ ვიცი ამ მეთოდის შესახებ, მე მხოლოდ ვმუშაობ. რეპეტიციებზე მომაქვს იდეა, ვსაუბრობთ, ვცდით და მერე ყველაფერი თავისთავად ხდება… საქართველოში ჩამოსვლას ვისურვებდი და გამოჩნდებოდა, როგორ ვმუშაობ მსახიობებთან.

– ერთი წინადადებით რომ მითხრათ — რისთვის დადგით ეს სპექტაკლი, თქვენი ვერსია…

– მინდოდა დამეყენებინა უზარმაზარი საკითხი — რა მოგვივიდა ჩვენ, ადამიანებს, რომ ადამიანები აღარ ვართ?

მთავარი თემები