ჩვენი ყველა სატკივარის საწყისი

© მ. ტურიაშვილიგამოფენა "მწვანე"
გამოფენა მწვანე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის თბილისის შავი ბუღი, ნაგავში გაჭედილი საბავშვო ეტლი და შორეული ტყის საიდუმლოება... ჯგუფური გამოფენა „მწვანე“ ეკო-ფესტივალის დასაწყისია.

თუ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში შებრძანდებით, იხილავთ ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „მწვანე“. გალერეაში და „ალექსანდრეს ბაღის“ ტერიტორიაზე გამოფენილია ეკოლოგიის სხვადასხვა თემაზე შესრულებული ბევრი ცნობილი და დამწყები ავტორის ნამუშევარი, რომელიც მსოფლიოს აქტუალურ თემას — გარემოს დაცვის თემატიკას ეხება. გამოფენა „მწვანე“ 5 ივნისს უნდა გაეხსნათ, მაგრამ მიზეზთა გამო გახსნა თვის ბოლოსთვის გადაიდო. 

ცნობილი მხატვრის თემო ჯავახის „ასტრალური პროექცია“ მიწის ბელტებზე მსუბუქად ამოსული ბალახით იწონებს თავს, ხოლო მის შუაგულში აზიდული, დანომრილი კიბის პირველი, ცარიელი საფეხური ბუნების დღევანდელი მდგომარეობის უიმედობას მიგანიშნებთ. მონიტორზე ვიღაცა კიბეზე ადის… სად მიდის, რისთვის და რატომ? ამ კითხვაზე დაფიქრებული გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლის წარმომადგენლების ახალგაზრდული შემართებით იხიბლებით, რომლებმაც დღევანდელი ყოფა გააშიშვლეს.

© მ. ტურიაშვილიგამოფენა "მწვანე"
გამოფენა მწვანე - Sputnik საქართველო
გამოფენა "მწვანე"

აგერ ლიზა ჭიჭინაძის ნამუშევრი: სიგარეტის ნამწავავებში, მზესუმზირის ნარჩენებში და ყველასთვის ნაცნობ ნაგავში საწყლად მდგომი, შელახული საბავშვო ეტლი; აქეთ – ელენე აფრიამაშვილის ვაჟა-ფშაველას წიგნი, რომელზეც იაფასიანი ტკბილეულის ბრჭყვიალა ქაღალდები ისე მიუკრავთ, რომ ავტორის სიბრძნეს ვერ ამოიკითხავთ. ოლეგ ტიმჩენკოს ტილოზე უცნაური საიდუმლებით გიპყრობთ ტყე, რომლის პარალელურად კედელზე ასახულ კადრებში მოშრიალე ხეთა სიმწვანეს იხილავთ. ამ შუქ-ჩრდილებში დამთვალიერებელიც იმ აჩრდილს ემსგავსება, რომელიც ცდილობს ბუნების, ბავშვის და ხელოვნების არსის ამოხსნას. იმავე დარბაზის კუთხეში პოლიეთილენის პარკების გროვა ყრია, ეს პარკები ხომ ჩვენი დედაქალაქის ქუჩების „მშვენებაა“ და, აი, ისინი საგამოფენო დარბაზშიც იწონებენ თავს.

© მ. ტურიაშვილიგამოფენა "მწვანე"
გამოფენა მწვანე - Sputnik საქართველო
გამოფენა "მწვანე"

პროქტის ავტორი ქეთევან შავგულიძე, რომელმაც გამოფენის ავტორებს და დამსწრე საზოგადოებას „მწვანე გვარდია“ უწოდა: ჩვენი სურვილია ყოველ წელს, გარემოს დაცვის დღეს ჩავატაროთ ეკო-ფესტივალი. ამ პროექტში ყველა მხატვრმა უსასყიდლოდ მიიღო მონაწილეობა. ეკოლოგიას ბერძნული სიტყვა უდევს საფუძვლად, რომელიც  სახლს ნიშნავს. აქ ჩვენ შევიკრიბეთ საერთო სახლის დასაცავად. 

– რატომ გადაწყვიტეთ ამ აქციაზე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა? 

— ხელოვნებას აქვს უნარი, განსხვავებული რაკურსით და ყველაზე მძაფრად წარმოადგინოს ის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. ამიტომ ნახავთ აქ ინსტალაციას, ფერწერას, გრაფიკას, კერამიკას, ვიდეოს — თანამედროვე ხელოვნების თითქმის ყველა გამოვლინებას და ფორმას. და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რათა საზოგადოებისთვის გვეთქვა ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი: მოვუფრთხილდეთ გარემოს, დავიცვათ ის საერთო სივრცე, რომლის გარეშე ჩვენი არსებობა შეუძლებელია. თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ ხელოვნებაც შეწყვეტს არსებობას და საერთოდ ყველაფერი.

ლია ბაგრატიონი: მე ორი თემა წარმოვადგინე: ერთი პოლიეთილენის პარკების პრობლემას შეეხება, მეორე – აზბესტის შიფერის. ქალაქგარეთ რომ გახვიდეთ, ნახავთ სახლებს, რომლებიც აზბესტის შიფერით არის გადახურული. ეს მომწამვლელი სახურავები 53-მა ქვეყანამ აკრძალა, ჩვენთან კი მაინც იყენებენ. მე, მაგალითად, თავისუფლად ვიყიდე. ჩემ ნამუშევარში შიფერი თიხით არის დაფარული — ეს მინიშნებაა, რომ სახურავი კერამიკული ფილებით უნდა იყოს გადახურული. ცხადია, ეს ძვირი დაჯდება, ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან უხვად არის თიხის კარიერები.

ახალგაზრდა მხატვარი, ანდრო ერაძე: ახალგაზრდებისთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა თაობის არტისტებს ერთ სივრცეში ხშირად ვერ ნახავთ. 

მხატვარი თემო ჯავახი: გამოფენის ხარისხი და შემოქმედებითი დონე ძალიან კარგია. აქ წარმოდგენილია ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვარი, რომლებიც ნამუშევრებს საინტერესო ფორმით, კარგ კონტექსტში ავლენენ. რაც შეეხება თემატიკას — ეს ყველამ იცის, მაგრამ ბოლომდე არ გაგვიცნობიერებია, როგორ უნდა მოვუაროთ „ჩვენ სახლს“… ვიზრუნოთ დედამიწაზე, ბუნებაზე… აქ ამას ზოგი პროტესტით გამოხატავს, ზოგი სურვილის სახით.

– როგორ ფიქრობთ, გამოფენა შედეგს გამოიღებს? ეს ხომ ყველას ტკივილია?

— ყველას ტკივილია… შეიძლება უცებ ვერ შევცვალოთ ეს სამყარო, მაგრამ ნელ-ნელა ადამიანი გააცნობიერებს, რომ უნდა მიხედოს თავის ქვეყანას, დედამიწას და ეკოლოგიას.

„ალექსანდრეს ბაღში“ შორიდან მოვკარი თვალი ქილებში ჩაწყობილ მწვანე ბუშტებს…

© მ.ტურიასვილიგამოფენა "მწვანე"
გამოფენა მწვანე - Sputnik საქართველო
გამოფენა "მწვანე"

თეო კუხიანიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილის დიზაინის სკოლა: მწვანე ბუშტი დედამიწის სიმბოლოა, რომელიც ქილაში არის დაცული. დამთვალიერებელს შუძლია აიღოს ეს ქილა და ისე ფრთხილად ატაროს, რომ მის ძირზე არსებული საღებავით ბუშტი არ დასვაროს. ეს ძალიან რთულია, ზოგმა ვერ ატარა და დამიბრუნა. გავუფრთხილდეთ დედამიწას! 

მხატვარი ნიკო ცეცხლაძე: ჩემ ნამუშევარზე თეთრზე შავად წერია — „ქაოსი“. ქაოსი არის ყველგან. ხელოვნებაში ისეთი ქაოსია, რომ ყველაფერი ახლიდან არის დასალაგებელი. ეს გამოფენა მშვენიერია და კარგი, ვინაიდან ჩვენი დედაქალაქი კატასტროფის წინაშე დგას. ზემოდან რომ გადმოხედო ქალაქს, მას შავი ბუღი ადგას. ეს გამოფენა კარგია, მაგრამ მას ფუნქცია უნდა ჰქონდეს, ეკოლოგიის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ჯგუფური გამოფენა „მწვანე“, რომელიც თბილისში პირველად გაიმართა, 4 ივლისამდე გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0