ოჯახის სიყვარული, ჩემთვის ყველაფერია

© ნ. შონიას პირადი არქივიმსახიობი ნანა შონია
მსახიობი ნანა შონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თეატრი ახდენილი ოცნებაა, ის ჩემთვის უძვირფასესი იყო და არის.“ გვითხრა მსახიობმა ნანა შონიამ. დღეს მისი დაბადების დღეა.

ნანა შონია თეატრალური ინსტიტუტში სილამაზით გამორჩეული და ერთ-ერთი ნიჭიერი სტუდენტი იყო. „ანა ფრანკის დღიური“- გიზო ჟორდანიას მიერ განხორციელებულმა სპექტაკლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ წარმოდგენის მონაწილე ახალბედა მსახიობებს და მათ შორის ნანა შონიას, რუსთაველის თეატრმა ფართოდ გაუღო კარი. მაგრამ ნანა შონიას უფრო მნიშვნელოვანი როლი ერგო მაშინ, როცა რეჟისორმა ლევან წულაძემ „რუსთაველის თეატრალურ სარდაფში“ „სამგროშიანი ოპერა“ დადგა, სადაც უჩვეულოდ გაიბრწყინა მსახიობის ნიჭმა. ნანა შონია 90-იან წლებში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა და ახლადშექმნილ სარდაფშიც. ხოლო „ვაკის თეატრალურ სარდაფში“ განხორციელებული ლევან წულაძის  „ხანუმა“, სადაც ნანა შონია ხანუმას თამაშობდა და არნახული ანშლაგით მიდიოდა, როგორც ახალი დასის რეზულტატის ქართული მოდელი, თეატრის ისტორიის კვლევის საგანი უნდა გახდეს. ამ სპექტაკლში ბევრმა მსახიობმა მიაღწია წარმატებას, მათ შორის ბრწყინავდა ნანა შონიას ხანუმა, როგორც ძველი თბილისის ქუჩა-ბანდების სიმბოლო, რომელიც სპარსული მინიატურის ელფერითა და ქართული ტემპერამენტით შემკობილ უმშვენიერეს ქალბატონს ჰგავდა. ხანუმას არაჩვეულებრივი კოსტიუმი, მსახიობის მეუღლემ, მხატვარმა შოთა გლურჯიძემ შექმნა. გვესაუბრება თუმანიშვილის თეატრის მსახიობი, ნანა შონია.

- ნანა, ასე მგონია, რომ დროს ძალიან უფრთხილდები…

— დრო ერთადერთია, რაც არ გექვემდებარება, მირბის, მის წინაშე უძლური ხარ და ამიტომ ძალიან ძვირფასია ყოველი წუთი. სადმე რომ მივდივარ, თუნდაც სამოგზაუროდ, ასე მგონია, ამ დროს ვაკლებ ჩემ შვილებს, ჩემ დედას, ჩემ ახლობლებს და მენანება.

ახალგაზრდობიდან მოყოლებული დღემდე, გასტროლზე ან გადაღებებზე თუ მივდივარ,  სულ ვფორიაქობ. ბოლოს, მსიამოვნებს იქ ყოფნა და მშვენივრად შევირგებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვფიქრობ: აი ისინი უშენოდ უნდა იყვნენ და შენც უიმათოდ… დრო მიდის, ცხოვრება ხანგრძლივი არ არის  და ამიტომ მინდა ყველაფერი მოვასწრო და რაც მთავარია, ახლა ცუდ სიტყვას ვიტყვი — გავძღე ადამიანებისა და ჩემი ახლობლების სიყვარულით და მათთან ერთად დროსტარებით. 

როცა მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ეს იდილია ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. არ მიყვარს რესტორანში წასვლა და ხანდახან როცა ვიკითხავ — ის რესტორანი სად არის? გაკვირვებული მიყურებენ, გაგებული მაინც არ აქვსო? 

© ნ. შონიას პირადი არქივინანა შონია "ხანუმას" კოსტიუმში
ნანა შონია ხანუმას კოსტიუმში - Sputnik საქართველო
ნანა შონია "ხანუმას" კოსტიუმში

- ნანა, ყოველთვის მომღიმარი და გულთბილი ხარ. ეს შენი ხასიათის ნიშან-თვისებაა, ზრდილობის წესია, ღიმილი გიხდება თუ… როგორ ინარჩუნებ კარგ ხასიათს?

— ეს თავისთავად ხდება. უნდა გავიღიმო და ისე შევხვდე ადამიანს, ამაზე არ ვფიქრობ. ყველას კარგად ვხვდები, თუ რასაკვირველია, ვინმესთან რამე არასასიამოვნო ან დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს — ასეც ხდება…

- შენი მეგობრების წრე დიდია და რა მოგწონს ადამიანებთან ურთიერთობაში, რა გხიბლავს?

— ადამიანი უნდა მაინტერესებდეს, მე ყველა ჩემი მეგობარი მაინტერესებს. ხანდახან, როცა არც არაფერი ხდება, გვინდა ერთმანეთთან ყოფნა, ვქაქანებთ, ამით ვერთობით და ასე გვავიწყდება ბევრი პრობლემა, ესეც თავისთავად გკვებავს. ვისაც იუმორის გრძნობა აქვს, მასთან ურთიერთობა მავსებს, მამდიდრებს, რაც  ცხოვრებაში და სცენაზეც მეხმარება.

- რა განიჭებს თავისუფლების შეგრძნებას, ცხოვრებაში თუ გინდ სცენაზე?

— ყველაფერი ის, რაც მიყვარს და ჩემთვის ორგანულია. ალბათ სცენაზეც ასეა — როცა სპექტაკლში კარგად ვგრძნობ თავს, როლი მომწონს და რომ იტყვიან — ცურავ როლში, მაშინ ხარ თავისუფალი. რამდენჯერ მითამაშია და ამ პროცესში მიფიქრია: თურმე ეს არის თავისუფლება… სცენაზე ხანდახან გეუფლება ისეთი სიმსუბუქის შეგრძნება, რომ ყოფაში ძალიან ძნელია ამის მიღწევა. სცენა ალბათ განიჭებს ფრენის საშუალებას და ამ დროს აბსოლუტურ ნირვანაში იმყოფები. 

- რამდენ რეჟისორთან გითამაშია: გიზო ჟორდანია, რობერტ სტურუა, ლევან წულაძე, ზურაბ გეწაძე… რა სიამოვნებაა, როცა ემორჩილები მათ ან ემორჩილები თუ არა ყველა რეჟისორს?

— საერთოდ მორჩილი მსახიობი ვარ, დამყოლი, მაგრამ ეს თვისება დიდ სიამოვნებას მანიჭებს მაშინ, როცა მჯერა რეჟისორის და სადღაც ბრმად მივყვები მას, ვინაიდან იცი, რომ უგემოვნო ნაბიჯს არ დაუშვებს. მაგრამ თუ დავრწმუნდი, რომ არც თუ ისე კარგად მიდის საქმე, ვცდილობ რომ შევეწინააღმდეგო და როგოც იტყვიან — თავი დავიძვრინო.

- რუსთაველის თეატრშიც მოღვაწეობდი და რუსთაველის, ვაკის სარდაფებში, რას ნიშნავდა, როცა ამ ორი ბატონის მსახური იყავი?

— მსახიობი რაც უფრო მეტი ბატონის მსახური იქნება, უფრო კარგია და უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს. მაშინ ორივე თეატრი ხელს მიწყობდა და ეს დიდი ბედნიერება იყო. ახლა თუმანიშვილის თეატრში ვმუშაობ და ძალიან კომფორტულად ვარ. მეგობრები, თანამოაზრეები მყავს, შეიძლება განსხვავებულად ვფიქრობდეთ, ვთქვათ სხვადასხვა პოლიტიკური  მოსაზრებებიც გვქონდეს, მაგრამ არ მახსოვს, რომ ამას რაღაცა შეხლა-შემოხლა გამოეწვია. საერთო ენას ყველასთან ვპოულობ, დაწყებული ტექნიკური პერსონალიდან დამთავრებული მსახიობებით. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ვერ გეყვარება, მაგრამ თითოეულს სათანადო სიყვარულს ვუზიარებ და ჩემი გრძნობები გულწრფელია და არა ყალბი.

© ნ.შონიას პირადი არქივინანა შონია რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად
ნანა შონია რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნანა შონია რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად

- ნანა, როგორ შეგიძლია ყველაფრის გამსუბუქება, ეს შენი ხასიათის ნიშან-თვისებაა თუ გამოიმუშავე?

— ამაზე არ დავფიქრებულვარ, თუმცა არ მინდა ზედაპირული ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, ვინაიდან სულაც არა ვარ ზედაპირული, პირიქით, ხანდახან ბუზისაგან სპილოს ვქმნი. ესეც პროფესიული თვისებაა — ასე ვერთობი, მერე თამაშს ვიწყებ, თუმც ამ დროს რაღაცეებს ვიმახსოვრებ. ისე, თუკი სიმსუბუქე მაქვს, ეს ალბათ იმიტომ რომ არავინ მზღუდავს.

- ნანა, შენი მეუღლე — შოთა გლურჯიძე თეატრის მხატვარია და ხშირად თამაშობდი მის გაფორმებულ სპექტაკლებში. რამდენად კრიტიკულია ის, როცა სცენაზე გიყურებს?

— მე არ ვეკითხებოდი და არც ვეკითხები — როგორი ვარ, იმიტომ რომ სულ მეშინია, რამე კრიტიკული არ მითხრას. თუმცა მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. თუ რამე მოეწონა ეს იმხელა სტიმულს მაძლევს, იმიტომ რომ თუ ის გაქებს, ესე იგი მართლაც კარგია! 

- რუსთაველის თუ ვაკის თეატრალურ სარდაფში, „სამგროშიან ოპერაზე“ თუ „ხანუმაზე“, ხშირად შემიმჩნევია, როგორი გულისყურით და სიყვარულით მოგმართავდა მაყურებელი, ქუჩაშიც რამდენჯერ შევსწრებივარ ასეთ სცენას.  შენ ყველას დიდი სიყვარულით და გულისხმიერებით პასუხობდი. 

— ვთქვათ ავად ვარ ან ვერ ვთამაშობ სპექტაკლს, მე ამას ისე განვიცდი, რომ შეიძლება სიცხემ ამიწიოს და უფრო რთულდება ჩემი მდგომარეობა. რატომ? იმიტომ რომ მაყურებელი მოვიდა,  საქმეები გადადო, შენთვის მოიცალა  და ამიტომ ვალდებული ხარ მისთვის ყველაფერი გააკეთო. თუ მოვახერხე და რაღაცნაირად მიზერული წვლილი შევიტანე იმაში, რომ მაყურებელი გამოეთიშა ცხოვრებისეულ მილიონ დაბრკოლებას თუ პრობლემას, ალბათ ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება გავაკეთო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0