ცნობილმა ფერმწერმა ლევან მოსიაშვილმა თბილისში Mon Amour ჩამოიტანა

გამოწერა
გამოფენა Mon Amour-ზე წარმოდგენილი სურათები გაერთიანებულია არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის სიყვარულით, არამედ სამშობლოსა და ტრადიციების სიყვარულითაც.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს, სამშობლოში პერსონალურ გამოფენა Mon Amour-ს წარმოადგენს.

გამოფენა 12 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება და შვიდ დღეს გასტანს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ავტორი გამოფენას უკვე ზედიზედ მეოთხე წელია მართავს.

„ეს სურათები გაერთიანებულია არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის, არამედ სამშობლოსა და ჩემი ქვეყნის ტრადიციების სიყვარულით. სამოცივე ტილო, რომლებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, გასულ წელს შევქმენი და მოდერნისტულ და აბსტრაქტულ სტილშია შექმნილი“, — განუცხადა Sputnik-ს მოსიაშვილმა.

გამოფენის ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლევან მოსიაშვილის მშობლიური ქალაქის — თელავის მერს შორის.

როგორც მხატვარმა აღნიშნა, გამოფენის შემდეგ ნახატების ნაწილი საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში გაიგზავნება.

© Courtesy of Levan Mosiashviliმხატვარი ლევან მოსიაშვილი - "შემოდგომა. ნოსტალგია"
მხატვარი ლევან მოსიაშვილი - შემოდგომა. ნოსტალგია - Sputnik საქართველო
მხატვარი ლევან მოსიაშვილი - "შემოდგომა. ნოსტალგია"

13 აპრილს მოსიაშვილის ნახატების გამოფენა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გაიმართება, 25 მაისს — ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. გარდა ამისა, ქართველი მხატვრის ტილოები მალე სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში სახელმწიფო თეატრალური კომპლექსის საოპერო დარბაზის ფოიეს დაამშვენებს.

ლევან მოსიაშვილი 1971 წელს დაიბადა. 1996 წელს მან ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო, მაგრამ საკუთარი სამყაროს შექმნა გადაწყვიტა და თავი ფერწერას მიუძღვნა.

მოსიაშვილი თავის შემოქმედებაში თამამად უხამებს ერთი შეხედვით შეუთავსებელ საღებავებს, ფორმებსა და სტილებს. ავტორი ერთნაირი ოსტატობითა და ორიგინალობით ახერხებს ქართული კომპოზიციების, კახეთის პეიზაჟების, კუბისტური და აბსტრაქტული ნამუშევრების შექმნას.

ფერმწერის შემოქმედებაში ოთხი პერიოდის გამოყოფა შეიძლება: ქართული სინამდვილის ასახვა, თბილისის პერიოდი, კუბიზმი და მოზაიკური ფანტაზიები — ესაა ცხოველების ორიგინალური გამოსახვა და ის, ძირითადად, ქალიშვილ ანასთვის შეიქმნა.

© ლევან მოსიაშვილილევან მოსიაშვილის ნამუშევარი - "დილა სტამბულში"
ლევან მოსიაშვილის ნამუშევარი - დილა სტამბულში - Sputnik საქართველო
ლევან მოსიაშვილის ნამუშევარი - "დილა სტამბულში"

ლევან მოსიაშვილის ნიჭის დამფასებლები მის ნამუშევრებს ადარებენ ფიროსმანის, შაგალის, მატისისა და პინეს ნახატებს, თუმცა აკადემიური სამხატვრო განათლება მას მიღებული არ აქვს.

საფრანგეთში მხატვრის შემოქმედებითი დებიუტი 1998 წელს გაიმართა. იმავე წელს მოსიაშვილი მარსელში საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და კარი-ლე-რუეში ფერწერის კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისი პერსონალური გამოფენები გაიმართა პარიზში, ლიონში, ნიცაში, ტულუზაში, პერუჟში, ტურნეფიოესა და ვერდიეში.

საფრანგეთის მთავრობამ 2008 წელს ლევან მოსიაშვილს მათ ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა შესთავაზა. ქართველი მსახიობი საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ტულუზაში დასახლდა.

ლევან მოსიაშვილის ნახატები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ჩილეში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და ჩინეთში.

მისი სურათები გამოფენილია პრაღის ეროვნულ მუზეუმში, პენტაგონის ცენტრალურ ოფისში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეის დირექტორატში, ასევე საფრანგეთის მრავალი ქალაქის მერიებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.

ყველა ახალი ამბავი
0