დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

© ეროვნული არქივიგალაქტიონ ტაბიძე
გალაქტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ქუთათელაძე

 მან  ღრმა კვალი დატოვა არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ჩვენი ცნობიერების, ქართული ცნობიერების, ისტორიაში. ის ყველგან იყო და არის, სადაც ჩვენ გვიჭირდა და გვიჭირს. იყო შეურიგებელი უსამართლობისა და უთავმოყვარეობისადმი, მასში არც ერთი ნერვი არ იყო არაქართული. ის თვითონ იყო პოეზია და სიყვარული და თუ სიყვარულის ნატრული წავიდა ამ ქვეყნიდან, მხოლოდ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ბრალია. 

 მეტრიკული ჩანაწერი, რომელიც იუწყება მომავალი დიდი პოეტის დაბადების დღეს, შესრულებულია გალაკტიონის ბაბუის, სტეფანე ტაბიძის მიერ, რომელმაც ზუსტად იცოდა შვილიშვილის დაბადების თარიღი და ეს გარკვევითაა დაფიქსირებული მის მიერ გალაკტიონის ნათლობის დღეს — 1892 წლის 3 იანვარს მეტრიკული წიგნის დაბადებულთა ნაწილში: 5 ნოემბერი (ძველი სტილით). ამრიგად, გალაკტიონ ტაბიძე  1891 წლის 5 (17) ნოემბერს დაბადებულა.

 დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და თუ ზემოთ ხსენებულ თარიღებს დავეყრდნობით, წელს ის 124 წლის უნდა გამხდარიყო. 

 ცხადია, ჩვენ პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას  დეტალურად  ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდს აუცილებლად შემოგთვაზებთ მისი მშფათვარე ცხოვრებიდან.

  უმამოდ (ის 1891 წლის 23 თებერვალს გარდაცვლილა) დარჩენილი ყმაწვილისთვის დედის სახელი განუზომლად ძვირფასი და საყვარელი ყოფილა. ერთ-ერთ ლექსში „ჩემი მოგონებანი“, რომელიც პოეტს ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებლის მეორე კლასში დაუწერია, ეს სიყვარული ასეა გამოხატული: „მინდა, კარგი სწავლით ჩემი დაჩაგრული დედა გავახარო“… ქუთაისში პატარა გალაკტიონი პირველად ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო მოსამზადებელ სკოლაში შეუყვანიათ. დედას ვერაფრით დაუტოვებია ბიჭი ახლობლებთან და თვითონაც დროებით   ქალაქში გადასულა საცხოვრებლად. და მაინც… თავდაპირველად ის ძალიან მცირე დროს ანდომებდა სავალდებულო საგნების შესწავლას. უფრო მხატვრული ლიტერატურის კითხვითა და პოეზიით იყო გატაცებული.    როცა დედამისს, ქალბატონ მაკრინე ადეიშვილის ქალს,   ოჯახში დაბრუნება და სახლ-კარის მოვლა-პატრონობა გადაუწყვეტია, მაშინაც სულ აფრთხილებდა შვილს, რომ სწავლისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. ამის დასტურად მოვიყვანთ მის ერთ წერილს: „თუ კარგად, ჭკუიანად გოუძღვები შენს თავს, თვარა შენ თვითონ გეზარალება, შვილო. ამ წელიწადნახევარს არი შენი საქმე, ისახელე თავი, დედა! ბიძაშენმა ასე თქვა, გაანებოს იმან სხვა ქაღალდების კითხვას თავიო, გაათავოს ოთხი კლასი და მერეც  მეესწრება სხვა ქაღალდების კითხვასო.“ მშობლის ისეთი ხათრი ჰქონდა გალაკტიონს, რომ წიგნებს ჩაუჯდა და სასწავლებლის კურსი პირველი ხარისხით დაამთავრა. დედის გარდაცვალება პოეტმა მძიმედ გადაიტანა. და ამის შესახებ ერთი ჩანაწერც გვამცნობს მის დღიურში: „დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი, უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვარ… წუხელის ძილში ვწუხდი, რომ მე უკვე აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორიც ვიყავი ჩემი დედისთვის. ამ დროს ჩემი ოთახის ფანჯარას დედაჩემი მოადგა: — გატუნია, შვილო, რამ დაგაღონა, ბიჭო?! შენ, შვილო, ყველასთვის ხარ საჭირო და თუ დაგჭირდა, დამცველი და თანამგრძნობიცა გყავს…“ უნდა ითქვას, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ გალაკტიონი საკუთარ თავში ჩაიკეტა და სოფელშიც აღარ ჩადიოდა.

 ისე… როგორც  მისი სასწავლებლის მეგობრები აღნიშნავენ, ის საერთოდ გულჩათხრობილი ადამიანი იყო და თავიდანვე უყვარდა განმარტოება და ფიქრი. მხოლოდ ამით განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისაგან, მეტი არაფრითო, გადმოგვცემენ ისინი.

 და მაინც… რაკი დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა, ისევ მისი ცხოვრების საწყის, ქუთაისურ პერიოდს მინდა მივუბრუნდე. არ შემიძლია, რომ არ შევეხო იმ დიდ სიყვარულს, რომელიც სწორედ ქუთაისში ჩაისახა, გალაკტიონს მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა გატაცებები, მაგრამ ოლღა ოკუჯავასადმი სიყვარულმა ერთიანად შეიპყრო. ლიტერატურის მუზეუმში  შემონახულია ამის დამადასტურებელი მიმოწერა და აქედან რამდენიმე ფრაგმენტსაც შემოგთავაზებთ: „ოლოლ… მე მგონია, შენ ერთადერთი ასება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს გტკენს“… „ოლოლ!.. მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… „ „ძვირფასო ოლია. შენ რომ არ ყოფილიყავი, შესაძლებელია მე სამუდამოდ დავსამარებულიყავი“…- ასე წერდა ახალგაზრდა გალაკტიონი მონატრებულ სატრფოს.

 1914 წელს „აზრი“, „შრომა“ და სხვა გაზეთები აქვეყნებდნენ ცნობილი გამომცემლის ტუტკუ გვარამიას განცხადებას: „იბეჭდება და მოკლე ხანში ხელისმომწერთ დაურიგდება გ. ტაბიძის ნაწერების პირველ წიგნი. წიგნში მოთავსებული იქნება: 1) ავტორის სურათი, 2) ბიოგრაფია, 3) ლექსები (ჯერ დაუბეჭდავიც)“… ამავე წლის ივნისის თვეში მკითხველმა გალაკტიონის პირველი პოეტური კრებული მიიღო, მასში 157 ლექსი შევიდა.  კრიტიკა წიგნს აღფრთოვანებული შეხვდა. პოეტმა თავისი კრებული პირადად მიართვა აკაკი წერეთელს სხვიტორში. გაზეთი „ტრიბუნა“ აღნიშნავდა, რომ „უდიდესი პოეტი აკაკი წერეთელი აღელვებული პირველი მიესალმა ამ წიგნის გამოსვლას“. 1916 წელს კი გაზეთ „საქართველოს“ რედაქციამ მოსკოვიდან მიიღო მკითხველისთვის კარგად ცნობილი, ტიციან ტაბიძის, წერილი „მარტოობის ორდენის კავალერი“. არ მინდა ჟურნალ„ცისფერი ყანწების“ ამბებზე ვისაუბრო, ამ ქვეყნად ყველას თავისი სიმართლე აქვს. არც მისი პოეზიის გამორჩეულობაზე მსურს გესაუბროთ. გალაკტიონი პოეზიას შეწირული კაცი იყო. ერთ მოგონებას კი აუცილებლად შემოგთავაზებთ იმიტომ, რომ არსად მითქვამს და არც დამიბეჭდავს.  

   ერთხელ ცნობილ ქართველ რეჟისორთან, ლილი იოსელიანთან, გალაკტიონი ვახსენე, მან კი მოულოდნელად ასეთი რამ მიამბო: „ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. უკვე დადგმული მქონდა ორიოდ სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში. გამოვდივარ რეპეტიციიდან და ვიღაც მეძახის: ლილი! მივბრუნდი. გალაკტიონი კი დავინახე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, რომ მე დამიძახებდა და გზა განვაგრძე. ძახილი განმეორდა. შევჩერდი და მომიახლოვდა ბატონი გალაკტიონი. „ლილი, რა კარგი გოგო ხარ, ლილი“ — შინაურულად მომმართა მან. დავიბენი, ის კი აგრძელებდა, — „მე ვნახე შენი დადგმები… ყოჩაღ!“ — ამანაც დამაბნია, რადგან გალაკტიონი თეატრში არავის უნახავს. მერე საუბარში გაირკვა, თურმე უჩუმრად შემოდიოდა დარბაზში და უკანა რიგში ჯდებოდა. ისე… ეს არც იყო გასაკვირი, ის ხომ პროფესიით რეჟისორი გახლდათ.  მაგრამ თავისი აზრი არასოდეს გამოუთქვამს ამა თუ იმ დადგმის შესახებ.  იცი, რა მითხრა მაშინ? – „ადამიანმა ყველაფერი უნდა შესწიროს თავის საქმეს! განა ჩემზე უარესი პოეტი იყო სიმონ ჩიქოვანი? მაგრამ ჩინოვნიკობამ თუ სამსახურმა გადასძალა, მთავარ საქმეს, პოეზიას თვალის ჩინი მოაკლო. თუ საქმე გიყვარს, ყველაფერი, ყველაფერი უნდა შესწირო! მითუმეტეს თავგანწირვას მოითხოვს პოეზია და თეატრი!“ — ჩაათავა თავისი სიტყვა, თავი დამიკრა და გამშორდა. 

 დიახ, ყველაფერი უნდა შესწირო საქმეს და თუ საჭიროა, თავიც მოიკლა მისთვის! — ასე მწამს მეც.

 დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა. ის ყველგან იყო და არის, სადაც გვიჭირდა და გვიჭირს. იყო შეურიგებელი უსამართლობისა და უთავმოყვარეობისადმი, მასში არც ერთ ნერვი არ იყო არაქართული. ის  თვითონ იყო პოეზია   და სიყვარული და თუ სიყვარულის ნატრული წავიდა ამ ქვეყნიდან, მხოლოდ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ბრალია.


ყველა ახალი ამბავი
0