„რევიზორის“ პრემიერა, ანუ როგორ აქცია ვარსიმაშვილმა ხლესტაკოვი ანგელოზად

© photo: courtesy Drama Theater named after Griboedovსცენა "რევიზორიდან"
სცენა რევიზორიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა არის ვარსიმაშვილის თეატრი? უპირველესად, ეს სიმბოლოებია. ვარსიმაშვილი სიმბოლიზმის ჭეშმარიტი ოსტატია. „რევიზორმა“ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ავიღო თუ არ ავიღო?“ — აი, რა არის კითხვა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე ასეთი ურცხვი, მაგრამ თანამედროვე სამყაროში საჭირბოროტო დევიზით ბრწყინვალედ ჩაიარა გოგოლის  „რევიზორის“ პრემიერამ, რომელიც გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა. 

რა არის ვარსიმაშვილის თეატრი? უპირველესად, ეს სიმბოლოებია. ვარსიმაშვილი სიმბოლიზმის ჭეშმარიტი ოსტატია. „რევიზორმა“ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მაყურებელმა სცენაზე დეკორაციების კარგად მოფიქრებული მინიმალიზმი იხილა: ეკლესია ხეებისა თუ ნაცრისფერი ბოძების ფონზე, ხოლო გვერდებზე — შესანიღბი კარვები თუ რაღაც სცენური ტელეპორტები. 

ამის შემდეგ თვალში გეცემოდათ გულისამაჩუებელი ხედი — სცენის თავზე დაკიდებული ათი მიტოვებული ვედრო და გუბე, რომელიც წვიმას დაეტოვებინა. მასში უმწეოდ და ფატალურად ხვდებოდა ყველა ცოდვილის ფეხი, რომლებითაც სავსე იყო ქალაქი. 

„არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ეს ასე თავად ღმერთმა მოაწყო“, — წამოიძახებენ ხოლმე თავის გასასამართლებლად ქალაქის მაცხოვრებლები. და თქვენც ეთანხმებით მათ, ვინაიდან მათი სამოსიც კი იმაზე მეტყველებს, რომ ამის ქვემოთ დაცემა უკვე შეუძლებელია (ბრავო კოსტიუმების მხატვარ თეო კუხიანიძეს!).

მაგრამ ცოდვილები ერთმანეთს მტრობენ! ამიტომაც თითოეული პერსონაჟი საკუთარი უფლებისთვის იბრძვის და მეზობელსაც აბეზღებს, ახლობელ–ნათესავსაც ამცირებს, სანამ ივან ხლესტაკოვი და მისი მსახური ოსიპი სიმართლეს შეურაცხყოფას, ანთებულ ასანთებსა და წიგნებს არ დააყრიან თავს. 

ხლესტაკოვის როლს გრიბოედოვის თეატრის ამომავალი ვარსკვლავი აპოლონ კუბლაშვილი თამაშობდა. ავთანდილ ვარსიმაშვილი აქაც კარგად გარჯილა: ხლესტაკოვი უჩვეულოდ თვითმყოფადი გამოვიდა. მისთვის კოსტიუმიც კი ორიგინალური შექმნეს — გრძელი სახელოებით, რომლებშიც ის სიცივის გამო ან არაგულწრფელობის დასაფარად ეხვეოდა, ხან კი გამომწვევად ეფერებოდა მტრებს სახეებზე. ამ სახელოებითვე ხან მხურვალე ამბორს ფანტავდა მარია ანტონოვნას სახეზე, ხან კი შლიდა მათ. 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ვარსიმაშვილის ხლესტაკოვი სიტყვა „ხლისტისგან“ (შოლტი) წარმოდგება, რომელიც მსახიობებს უკავიათ ხელში. ესეც იმ დაუნდობელი სასჯელის შესახსენებლად, რომელიც თითოეულს ელის მიუხედავად იმისა, როგორ იღებ ქრთამებს — ფულისა თუ მწევრების სახით.  

და ამან იმოქმედა. მაყურებელი მთლიანად ჩაეფლო სპექტაკლში: ხუმრობებზე ხმამაღლა იცინოდა, დროულად რეაგირებდა დაძაბულ მომენტებზე და აპლოდისმენტებს არ იშურებდა. 

„აღფრთოვანებული ვარ დეკორაციებით, განათებითა და მუსიკით, რაც სრულად გადმოსცემს რეჟისორის ჩანაფიქრს. რაღა თქმა უნდა, იგრძნობა რეჟისორული იმპროვიზაცია, მისი ხედვა. სურათს განსაკუთრებულ სისრულეს სძენს ეს იმბოლოები — ვედროები. მომეწონა აპოლონის მიერ შესრულებული რევიზორი“, — თქვა მაყურებელმა აიდა მირმაქსომოვამ. 

რეჟისორის ჩანაფიქრი მართლაც იგრძნობოდა. ვარსიმაშვილს არ შეეძლო პიესიდან ყველაფერი ისე აეღო, როგორც იყო. ეს უბრალოდ უპატიებელია ასეთი მასშტაბების მქონე რეჟისორისთვის. ასე რომ, დიდხანს არ უფიქრია, აიღო და გოგოლის კომედიაში ბიბლიური მოტივები ჩართო — სოდომისა და გომორის ნაწყვეტი. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ძალზე ორგანულად და ჰარმონიულად გამოიყურებოდა. 

„ეს სპექტაკლის გასაღები იყო: „რევიზორი“ სოდომისა და გომორის პრიზმაში. გოგოლის მიერ შესანიშნავად აღწერილმა ბიუროკრატებმა ეს ბიბლიური სიუჟეტი გამახსენა. მართლა რეალურად ჰგავს: იქ ორი ანგელოზი ჩამოვიდა, აქაც ანგელოზები გამოჩნდნენ საიდანღაც. ჩვენ ხომ ვერასდროს გავიგებთ, სინამდვილეში საიდან იყო ხლესტაკოვი. და აი, ეს ორნი გაემგზავრნენ ქალაქში პატიოსანი ადმიანის მოსაძებნად, მაგრამ ასეთი იქ ვერ აღმოაჩინეს. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ცოდვილის ბოლო სატირალია“, — თქვა ავთანდილ ვარსიმაშვილმა. 

სპექტაკლის დასასრული ამას ადასტურებს. პოლიცმაისტერის კითხვის შემდეგ: „ასე როგორ დავეცით?!“, სცენის წინ წარმოქმნილმა შავმა ჩრდილმა ადამიანები ნამდვილი სასჯელის თაობაზე გააფრთხილა: „ჩვენთან რევიზორი მოდის!“ მსახიობებს თავს ატყდებათ საბედისწერო წვიმა, ისინი ცოდვილ ქალაქში დაეხეტებიან, გაუაზრებლად ჩქარობენ და ერთმანეთს ეჯახებიან — ცარიელი ჩემოდნებითა და სულებით. 

სპექტაკლში საკვანძო როლს თამაშობს იოსებ ბარდანაშვილის მიერ შექმნილი მუსიკა, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. ამ მუსიკას ხან დარბაზს გარეთ გაჰყავს მაყურებელი — როგორც კინოში (ამაში „დამნაშავე“ ვარსიმაშვილი გახლავთ, რომელიც კინოშიც მუშაობს), ხან კი ჩაქუჩივით ურტყამს მტკივნეულ ადგილზე, რომ მაყურებელს ან ყველაფერში დამნაშავე ზეცას რამე გააგებინოს. თუმცა, წარუმატებლად. 

ყველა ახალი ამბავი
0