07:51 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირანი

ქართველი რეჟისორის ფილმი ირანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

© Sputnik/ Андрей Стенин
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
6811

„ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი –  Sputnik.  ქართველი რეჟისორის ლევან თუთბერიძის ფილმი „ცხრა მთას იქით“ თეირანის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალ „ჟასმისნის“, რომელიც ირანში 3–8 ოქტომბერს გაიმართა,  პრიზიორი გახდა, იუწყება საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.

ფილმი კინოფესტივალის აზიურ სექციაში საუკეთესო ფილმად აღიარეს. ამ ნომინაციაზე წარდგენილი იყო იაპონელი, ყირგიზელი, უზბეკელი, ინდოელი, სინგაპურელისა და ირანელი რეჟისორების ფილმები.

გარდა ამისა, ფილმი „ცხრა მთას იქით“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში მოხვდა, რომელიც პოლონეთში 9–18 ოქტომბერს გაიმართება.

„ცხრა მთას იქით“ – ინგლისელი ფოტოგრაფის ემის ისტორიაა, რომელიც საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს შეხვდება. ახალგაზრდა გოგონას გულში ძლიერ გრძნობას აღვიძებს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი —კოპალა, რომელიც განასახიერებს ძველ ქართულ მითოლოგიურ ღმერთს.

 სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემის მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს. მითისა და რეალობის მიჯნაზე მყოფი ადამიანების ცხოვრებისეულ თვალთახედვას, ცივილიზაციისა და მითოლოგიის ბრძოლას, რომელშიც ეს უკანასკნელი იმარჯვებს.

ახალგაზრდა ინგლისელი ქალის ყველა ევროპული ღირებულება —დამოუკიდებლობა, პირადი თავისუფლება, ვნება  ეჯახება შეუძლებლის შეცვლის სურვილს — საუკუნეობრივი ტრადიციების მატარებელ ადამიანთა შეურიგებელ თვალსაზრისს თანამედროვე ცხოვრებაზე.

კინოსურათი „ცხრა მთას იქით“ აკა მორჩილაძის სცენარითაა გადაღებული, ოპერატორია გიორგი შველიძე, მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მიმინოშვილს ეკუთვნის. მთავარ როლებში მონაწილეობენ კრისტიან ბენეტი, თორნიკე ბზიავა და მიხეილ გომიაშვილი.

ლევან თუთბერიძე არის რეჟისორი ფილმებისა „გასეირნება ყარაბახში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“,  „წარსულის აჩრდილები“, „ლაზარეს უკანასკნელი ლოცვა“ და ერთ-ერთი ნოველისა ფილმიდან „თბილისო მე შენ მიყვარხარ“.

ფილმ „ცხრა მთას იქით“ გადაღება რეჟისორმა თავისი ხმაურიანი ფილმის „გასეირნება ყარაბახში“ გადაღებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო. გადაღებები მიმდინარეობდა ხადას (დუშეთი) ხეობაში 2013 წლის აგვისტოში.

რეჟისორ ლევან თუთბერიძის კიდევ ერთი ფილმი „მოირა“ საქართველოდან „ოსკარზე“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“  ნომინაციაშია წარდგენილი.

 


მთავარი თემები