ირლანდიის ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს „დადიანების არქივის“ ასლები გადასცა

© https://www.facebook.com/jabraili.sasaxlidanდადიანების საგვარეულოს არქივი
დადიანების საგვარეულოს არქივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დადიანების არქივის“ ასლები სამეგრელოს მთავრებზე და დადიანების საგვარეულოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik.  უნიკალური ისტორიული დოკუმენტების კოლექცია, ე.წ. „დადიანების არქივი“ საქართველოს ხელოვნების სასახლეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადასცა, ამის შესახებ დუბლინში სამუშაო ვიზიტად მყოფი მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია იტყობინება.

 „დადიანების არქივის“ ასლები სამეგრელოს მთავრებზე და დადიანების საგვარეულოზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. 

 „განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქვეყნოდ განთქმული გაზეთის ”The Times" კორესპონდენციები ახალგაზრდა პრინცის ნიკოლოზ დადიანის შესახებ. სამეგრელოს უფლისწული დახასიათებულია როგორც უაღრესად პროგრესული და ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ადამიანი. კოლექციაში წარმოდგენილია ის საგაზეთო სტატიებიც რომელიც სამეგრელოს დედოფალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილს ეკატერინე დადიანს შეეხება“, წერს Facebook-ის თავის გვერდზე გიორგი კალანდია. 

 როგორც მუზეუმის დირექტორი აღნიშნავს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სტატია, რომელიც 1855 წელს ოქსფორდში დაიბეჭდა. საგაზეთო სტატიაში ნათქვამია, რომ ”სამეგრელოს დედოფალი განსაკუთრებული სილამაზის ქალბატონი იყო”. 

 დადიანის არქივი” ძვირფას ცნობებს შეიცავს სამეგრელოს და კერძოდ, ზუგდიდის შესახებ. არაერთ დოკუმენტში აღწერილია სასახლეების არქიტექტურა და იქ დავანებული საგანძური. 

 „ასზე მეტი დოკუმენტის  ბეჭდური ასლი უკვე ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა, ვფიქრობთ მათ პუბლიკაციას ზუგდიდის დადიანების სასახლესთან ერთად უახლოეს მომავალში განვახორციელებთ „ — აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი. 

 გარდა ამისა, კალანდიას თქმით ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა აპირებს საქართველოს გადასცეს ქეთევან წამებულის შესახებ ძვირფასი დოკუმენტის ასლი.

 დადიანები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. წერილობითი წყაროებით ამ საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო იოანე (ივანე) დადიანი, რომელსაც 1046 ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება „მატიანე ქართლისაჲ“. XII საუკუნის 80-იანი წლებისათვის დადიანები დასავლეთ საქართველოს უძლიერესი ფეოდალები იყვნენ. XII-XV საუკუნეებში დადიანებს ეჭირათ ოდიშის და ზოგჯერ სვანეთის ერისთავობაც.

 XIV საუკუნის 20-იან წლებში დადიანების საგვარეულოს ერთი წევრი გურიის ერისთავიც გახდა; საგვარეულოს ერთი შტო, ბედან (ბედიან) დადიანის (XIII საუკუნის შუა წლები) ხანიდან მაინც, მემკვიდრეობით ფლობდა ოდიშის ერისთავობას.

 1557 წელს ამ შტოს წარმომადგენელი ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამის შემდეგ „დადიანი“ ოდიშის მთავრის ტიტულის აღმნიშვნელ ცნებად გადაიქცა.  XVII საუკუნის 90-იან წლებში დადიანების პირველი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ლევან IV დადიანი იძულებული შეიქმნა ოდიში მიეტოვებინა და სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი გიორგი ლიპარტიანი (კაცია ჩიქოვანის ძე) გახდა.

 ჩიქოვანთა (ჩიქვანთა) გვარიდან დადიანის ტიტული პირველად კაცია I-მა, გიორგი ლიპარიტიანის ძემ, მიიღო (1704). ამრიგად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები გიორგი ლიპარტიანი (გიორგი IV) და მისი ძე კაცია I იყვნენ. თანდათანობით დადიანი ოდიშის მთავრის ტიტულთან ერთად გიორგი IV-ის ძის ბეჟან I-ის შთამომავლების გვარ-სახელად გადაიქცა.

 ოდიშის სამთავროს გაუქმების შემდეგ „დადიანი“ მხოლოდ გვარის აღმნიშვნელ სახელად დარჩა.  ნიკო დადიანი სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, რომელიც 1857 წელს რუსეთის მთავრობამ გადააყენა, ხოლო მისი მთავრობა კი გააუქმა. ნიკო დადიანმა ტახტის მემკვიდრის ტიტული ოფიციალურად 1868 წელს უარყო.


ყველა ახალი ამბავი
0