ეროვნულმა მუზეუმმა ივანიშვილს ფიროსმანის ტილოსთვის მადლობა გადაუხადა

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინიკო ფიროსმანი
ნიკო ფიროსმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა ”არსენალის მთა ღამით” 1 ივნისს კრისტის აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატს ”არსენალის მთა ღამით” ქვეყნის ექს-პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცემს.

ივანიშვილმა ”არსენალის მთა ღამით” 1 ივნისს კრისტის აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად შეიძინა.

”დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ საჩუქრად გადაეცემა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შემოწირულობა ჩვენი დაწესებულებისათვის, კერძოდ კი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისათვის, რომელიც ფლობს ნიკო ფიროსმანაშვილის ყველაზე დიდ კოლექციას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისათვის.

”მუზეუმის ყველა თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები გულითად მადლიერებას გამოხატავენ ამის გამო”, — აღნიშნულია განცხადებაში.

1907-1908 წლებით დათარიღებული „არსენალის მთა ღამით“ ნიკო ფიროსმანმა ზეთის საღებავებით დახატა მუშამბაზე. ფიროსმანისთვის უჩვეულო პეიზაჟური ფერწერის ნიმუში 1920 წლამდე ვინმე ნიკოლას ბაიაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით ნახატი მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა შეიძინა, შემდეგ კი ის საბჭოთა მთავრობის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ტილო ფრანგ პოეტს, მწერალსა და კრიტიკოს ლუი არაგონს აჩუქა 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ტილოს სხვა მფლობელები არ სახელდებიან, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ ტილო კერძო კოლექციებში ინახებოდა. 

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XIX-XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. მან ტრაგიკული ცხოვრება განვლო და სიღატაკეში გარდაიცვალა. ფიროსმანის სახელი მოგვიანებით გახდა ცნობილი. სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მისი შემოქმედება ცხარე კამათსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0