ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი

გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ვაშაძესთან კვლავ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან კვლავ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრის შედეგების მიხევით გაკეთებულ განცხადებაში.

”შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა და ლისაბონის სამიტისათვის მზადების პროცესი”, - აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გენერალურმა მდივანმა გამოხატა ღრმა მწუხარება ავღანეთში 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის თაობაზე და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

”გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ალიანსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მან ასევე დაადასტურა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალაში რჩება”, - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0