საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰააგის სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს - კალანდაძე

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რამდენიმე თვის განმავლობაში დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთს ბრალად ედება ეთნიკური წმენდა და 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა. 

”იმედი გვაქვს, რომ ჰააგის სასამართლო საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით 5-6 თვის განმავლობაში  გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა კალანდაძემ.

მანამდე კალანდაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”თუ ჰააგის სასამართლო საქართველოსთვის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ სასამართლო საქმის არსებით განხილვას დაიწყებს”.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 17 სექტემბერს საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით ხუთდღიანი მოსმენა დაასრულა. მოსმენებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან თინა ბურჯალიანთან ერთად ნინო კალანდაძეც მონაწილეობდა.

”ჩვენი პოზიციები იურიდიულად კარგად იყო გამყარებული. ჩვენს ინტერესებს ასევე იცავენ კვალიფიციური საერთაშორისო ადვოკატები”, - განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ინტერესებს ოთხი ადვოკატი იცავს - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახვანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0