ქართველთა ავადმოსაგონარი ომის ყმაწვილი გმირი: ამბავი მეხმკლავიანი ვაჟკაცისა

© Pexels / Pixabayმუზარადები
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
1625 წელი კატასტროფული აღმოჩნდა სპარსეთის ლომის, შაჰ-აბას პირველისთვის — ქართველებთან ბრძოლებში 60 ათას მეომარზე მეტი დაეღუპა „ირანის მზეს“.

ქართლელებმა და კახელებმა სპარსული უღელი გადააგდეს, ხოლო დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი შაჰისთვის საძულველმა თეიმურაზ პირველმა დაიკავა. სპარსელებს სამცხიდანაც ამოაკვეთინეს ფეხი. ეს იყო სპარსელთა სრული კრახი და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი იყო გიორგი სააკაძე.

რომ არა დიდი მოურავის თავდადება, ქართველებს სრული გადაშენება ემუქრებოდათ. მან იმდენად დიდი ზიანი მიაყენა ძლევამოსილ შაჰ-აბასს, რომ ქართველთა მმუსვრელი შაჰი იძულებული გახდა შეგუებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობას.

Меч поднятый вверх - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2018
შაჰის სამი გამოცდა, ანუ ამბავი მშიერ ლომებთან მებრძოლი გიორგი სააკაძისა

ქართველები კი, ნაცვლად იმისა, რომ უდიდესი სისხლისღვრის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა განგვემტკიცებინა, „ტრადიციულად“ ერთმანეთს დავერიეთ და ბაზალეთის ტბასთან გამართულ ბრძოლაში დაუნდობლად ვხოცეთ საკუთარი სისხლი და ხორცი.  

არადა, ყოველი ქართველის ოცნება თითქოს ასრულდა – სააკაძის გასაოცარი შეუპოვრობის წყალობით ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ შურმა და გაუტანლობამ ბაზალეთის კატასტროფამდე მიგვიყვანა.

გიორგი სააკაძემ ჯარის შეგროვება დაიწყო. მან დახმარება სთხოვა იმერეთის ტახტზე ახლად ასულ გიორგი მესამეს და ასევე ახალციხის მმართველ საფარ-ფაშას (ორივე ოსმალთა ხონთქრის ყმა იყო). სააკაძე მეფე გიორგის დახმარების სანაცვლოდ აღმოსავლეთ საქართველოს იმერეთისთვის მიერთებას ჰპირდებოდა, საფარ ფაშას კი — ქვემო ქართლის მიწების გადაცემას.

სულ რაღაც ერთ კვირაში სააკაძის განკარგულებაში 9 ათასი მეომარი იყო: 3 ათასი ქართლელი, 4 ათასი იმერელი და გურული და 2 ათასიც საფარ ფაშას გამოგზავნილი ოსმალები და მესხები. თეიმურაზმა გაცილებით მეტს, 12 ათას მებრძოლს მოუყარა თავი: 2 ათას კახელს, 3 ათას ქართლელსა და 3500–3500 ქსნელსა და არაგველს.

ბაზალეთის ბრძოლა იყო უხმო და უყიჟინო — სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ქართველი ქართველს ებრძოდა და ყველა აცნობიერებდა, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლებოდა.

თავიდან ბრძოლა თანაბარი იყო, უპირატესობა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გადამწყვეტი მომენტი მას შემდეგ დადგა, რაც ერთმანეთს ედიშა ვაჩნაძე და გიორგი სააკაძე დაუპირისპირდნენ. 

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2020
ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა

ვინ იყო ბაზალეთის ტრაგედიის გმირი ედიშა ვაჩნაძე? ის იყო ღირსეული შვილი სახელოვანი მამისა — თამაზ ვაჩნაძისა (იგივე თამაზ ქიზიყელი), რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სამშობლოს თავისუფლებისათვის გაჩაღებულ მრავალწლიან ბრძოლებში. ქიზიყის მოურავი ხორნაბუჯთან შეაკვდა მტერს 1617 წელს.

ედიშა ვაჩნაძეზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მამის მსგავსად, არც მას დაუზოგავს თავი ყიზილბაშებთან ომში. არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისმა სახელმა ძმათამკვლელ ომში დაიქუხა, თითქოს მხოლოდ საბაზალეთოდ მოევლინა ქვეყანას.

ბაზალეთში ისევ და ისევ სამშობლოს სიყვარულმა მიიყვანა გულანთებული ახალგაზრდა, რომელსაც ქვეყნის მტრად მიაჩნდა სააკაძე. დიდი მოურავის მიერ საქართველოში ოსმალების „მოპატიჟებამ“ და მათთვის ქვემო ქართლის გადაცემის დაპირებამ დიდი გულისწრომა გამოიწვია ქვეყანაში. განსაკუთრებით ახალგაზრდები არ მალავდნენ უკმაყოფილებას და მზად იყვნენ „ადგილი მიეჩინათ“ მოურავისთვის, რომელიც „უღმერთოდ რევდა ქვეყანას“.

ამ ახალგაზრდებს შორის იყო ედიშა ვაჩნაძეც, რომელმაც ორთაბრძოლაში თავად „ომის ღმერთი“ გამოიწვია. მიაჩნდა, რომ სააკაძის მოკვლით დაასრულებდა ქართველთა ურთიერთ ხოცვა-ჟლეტას. მისმა ასეთმა გაბედულმა ნაბიჯმა გადაწყვიტა კიდეც ამ სისხლისმღვრელი ბრძოლის ბედი.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2019
როგორ ეძებდა ჩეკისტი ქობულოვი ნოსტეში „ვინმე“ გიორგი სააკაძეს - ეს უნდა იცოდეთ

გიორგი სააკაძის ორთაბრძოლაში მძლეველი არათუ საქართველოში, არამედ სპარსეთსა და ოსმალეთშიც არ მოიძებნებოდა, ედიშა ვაჩნაძე კი უშიშრად მიეჭრა დიდ მოურავს. ეტყობა ახალგაზრდულმა თავმოწონებამ სძლია და უსაზღვროდ გაათამამა იგი. ამით იმის თქმა სურდა, რომ სიკვდილის არ ეშინოდა და მზად იყო, მამულისთვის თავიც გაეწირა.

ეს გახურებული ომის დროს მოხდა. მანამდე კი, ძმათამკვლელი ბრძოლის დაწყების წინ, გიორგი სააკაძემ, რაინდთა წესისამებრ, ორთაბრძოლაში გამოიწვია თეიმურაზ პირველი. სააკაძის წარგზავნილი ინაშვილი ეახლა მეფეს და მოახსენა – მოურავმა გიორგი სააკაძემ გთხოვათ, ნება მომეცით, პირადად გაახლოთ ჩემი თავი ბრძოლაში, ძალიან მინდა ჩემი სიბერიკაცე შენს სიყმაწვილესთან შერკინებაში გამოვცადოო.

ინაშვილმა თეიმურაზს ისიც ამცნო, თუ როგორ იქნებოდა შემოსილი მეომარი და რა ფერის ცხენზე იქნებოდა ამხედრებული.

თეიმურაზმა გამოწვევა მიიღო და მანაც ამცნო მოურავის ელჩს მეფის ამომცნობი ნიშნები, მაგრამ გარემოცვა წინააღმდეგ წავიდა. განსაკუთრებით ზურაბ არაგვის ერისთავი ბობოქრობდა: არ არის საკადრისი, რომ მეფე თავის ყმას შეებასო. რეალურად კი წინააღმდეგობის მიზეზი სხვა იყო: არსებობდა დიდი შანსი იმისა, რომ სააკაძეს შერკინებაში მეფე მოეკლა, უსარდლოდ დარჩენილი მისი მომხრეები კი დაქსაქსულიყვნენ და დამარცხებულიყვნენ.

და მეფემაც უკან დაიხია. მისთვის სირცხვილის მოწმენდა ედიშა ვაჩნაძემ აიღო თავზე, თამამად განაცხადა, მე გავალ სააკაძესთან საბრძოლველადო. რა თქმა უნდა, ყმაწვილი გარდაუვალი სიკვდილისთვის არავის ემეტებოდა, მაგრამ საქმე მეფის სიცოცხლისა და ღირსების შენარჩუნებას ეხებოდა, ამიტომ დიდხანს არ უყოყმანიათ, ვაჩნაძე გამოაწყვეს მეფის მსგავსად.

მონღოლი მხედრები - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2020
მარტყოფის ბრძოლა — მარცხი, რომელ აროდეს ენახა „ალაჰის ჩრდილს“

რაღა თქმა უნდა, სააკაძეს მსტოვრები ჰყავდა „მტრის ბანაკში“ და მეფის „ფერისცვალება“ მათ შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ. როგორც ჩანს, დიდმა მოურავმა ამის გამოც გადაიფიქრა ორთაბრძოლაში გასვლა და თავადაც შექმნა ორეული. მოურავმა ოსმალთა ფაშას სარდალი დაუდბეგ გოგორიშვილი იხმო, იმას აასხა თავისი საჭურველი და უთხრა, ბრძოლაში ისე შეხვალ, როგორც სააკაძეო...

ბაზალეთის ტბის პირას, თავსხმა წვიმაში, მეომრები დაუნდობლად ეკვეთდნენ ერთმანეთს. სულ მალე სისხლსა და ტალახში აიზილა კაცთა თმა-წვერი, წასხეპილი თავები და ცხენის ფლოქვებისგან დათეთქვილი დაჭრილნი, ჯავშანნი და ხუფთნი, საბარკულნი და სამკლავენი, შუბნი და ჰოროლნი, ხმალნი და მშვილდნი, ქვეითნი და მხედარნი. ერთმანეთში აირია ხრმალთა და ფართა კვეთების ხმა, ბეგთარ-მუზარადთა ჟღრიალი, ქეიბურ-იბირჯთა წივილი, ჩუგლუგ-ჰოროლთა შხუილი, მეომართა ხაფი ღრიალი და ხავილი, ბედაურთა ჭიხვინი, დაჭრილთა კვნესა და მომაკვდავთა გმინვა.

ერთმანეთს გადააწყდნენ და გაალმასებით ეკვეთნენ მეფე თეიმურაზი და „სააკაძედ“ გადაცმული გოგორიშვილი. გოგორიშვილის მოქნეული ხმალი აიცდინა თეიმურაზმა, მეფის დასახმარებლად მიიჭრა საამ კობიასძე და გვერდიდან ატაკა ლახვარი გოგორიშვილს. როცა „სააკაძემ“ მეფეს თავი მიანება და კობიასძეს მიუბრუნდა, სწორედ ამ დროს ზურგიდან აფთარივით დაესხა თავს ზურაბ არაგვის ერისთავი ძახილით: „დამიდექ, მოურავო!“ და ხმალი აძგერა. არაგვის ერისთავს მისი მეომრებიც წამოეშველნენ და დაუდბეგი ადგილზე აკუწეს.

მეფე კი გადარჩა, მაგრამ ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტელი. მართალია, თეიმურაზს უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა, მაგრამ სააკაძეს ბევრად მრავალრიცხოვანი მტერიც არაერთხელ ჰყავდა დამარცხებული. და გადამწყვეტ მომენტში დიდ მოურავთან შესარკინებლად დაიძრა მეფის ცხენზე ამხედრებული ყმაწვილი. მიუხტა სააკაძეს და შუბი აძგერა. მოურავმა მარჯვედ დაახვედრა ფარი და შუბი გადაუმტვრია. მერმე თავად შეუტია ედიშას და მის ფარს შეელეწა მოურავის შუბი. ვაჩნაძემ ხმლით შეუტია სააკაძეს, მუზარადი გაუტეხა და დაჭრა კიდეც იგი. გააფთრდა სააკაძე, ხმალი დაჰკრა მეტოქეს და შუაზე გაუჩეხა თავი.

მარაბდის ბრძოლისადმი მიძღვნილი ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2022
ბედისწერა სახელად „მარაბდა“ — ცხრა ძმა ხერხეულიძე და „მათ თანა მოწყვეტილი 9000 ქართველი“

ასე დაიღუპა ოციოდე წლის თავგანწირული რაინდი ედიშა ვაჩნაძე, მისი სახელი კი სამარადისოდ გადაეჭდო იმ ავად მოსაგონარ ბრძოლას.

თუმცა ამაოდ არ გარჯილა ედიშა ვაჩნაძე. ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად, მის ორთაბრძოლას მოურავთან უშედეგოდ არ ჩაუვლია. ფარსადან გორგიჯანიძის თქმით, „იმ ყმაწვილის ხმლის ცემით მოურავი უღონო შეიქმნა. თვითონ ომი ვეღარ შეიძლო და სხვათა ომთ უმზერდა“.

მანამდე კი გიორგი სააკაძე ლომივით იბრძოდა, ღონივრად ჰკაფავდა მოწინააღმდეგეებს მარჯვნივ და მარცხნივ. გარსმოხვეული მეომრები დაიფრინა და მეფისკენ გააჭენა ბედაური, მაგრამ თეიმურაზთან შერკინებული მოურავი მოულოდნელად შედგა, ხმალი აღარ „შეაწუხა“, მეფეს ლახტი დაჰკრა ბეჭზე და საერთოდ გაეცალა ბრძოლის ველს.

დღემდე ვერ აუხსნიათ მოურავის ეს საქციელი. შეეძლო მეფე მოეკლა, მაგრამ არ მოკლა. არადა, თეიმურაზის სიკვდილი, ფაქტობრივად, ამ ომის მოგებას ნიშნავდა. როგორც ჩანს, ედიშას დარტყმით მიღებული ჭრილობა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ვეღარ შეძლო ბრძოლის განგრძობა. მეხი ჰქონია მკლავში იმ ჭაბუკსო, უთქვამს კიდეც დიდ მოურავს. მანამდე არავის შემოეკრა ესოდენ მძლავრად ომებში დაბერებული სააკაძისთვის. და იქნებ არც თავად დაეკრა ხმალი ისე გაშმაგებით ვინმესთვის, როგორც იმ ქართველ ყმაწვილს დაჰკრა...

ბაზალეთის ბრძოლა გიორგი სააკაძის ბანაკის განადგურებით დასრულდა. უსარდლოდ დარჩენილი მისი ლაშქარი ერთხანს კიდევ უმკლავდებოდა თეიმურაზის მეომრებს, მაგრამ ბოლოს გატყდნენ. და დიდმა მოურავმა, გადარჩენილ მომხრეებთან ერთად, ოსმალეთისკენ აიღო გეზი...

ყველა ახალი ამბავი
0