კონიაკის აბაზანა: ამბავი „ველური“ ქართველი თავადისა და კუდაბზიკა ფრანგებისა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliკონიაკი
კონიაკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
ამბავი, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა ის იმდენად კარგად წარმოაჩენს ქართულ ხასიათს, რომ ვფიქრობთ, ნამდვილად ღირს, მკითხველსაც გავაცნოთ

კონსტანტინე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრობის — მიხეილის ძმა გახლდათ. იგი თავისი გვარისა და წარმომავლობის შესაფერისი განთლებით, გარენობითა და და დარდიმანდობით გამოირჩეოდა თურმე, ევროპაც მოვლილი ჰქონია  და ფრანგულ ენასაც ბრწყინვალედ ფლობდა. თხემით ტერფამდე ქართველი იყო, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული. ის სოლომონ დოდაშვილსა და სხვა ქართველ პატრიოტებს დაუკავშირდა და ქვეყნის დასახსნელად 1832 წლის შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა.

​იმ დღესაც სოხუმიდან თბილისისკენ მიიჩქაროდა, რათა შეთქმულების ორგანიზატორებს შეხვედროდა, როდესაც ზუდგიდის ტავერნაში ენაგრძელ ფრანგებს გადაეყარა...

XIX საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონ ბონაპარტის დისშვილი, აშილ მიურატი ზუგდიდში გადმოსახლდა, დადიანების სასახლე და მისი შემოგარენი „ფრანგულად გააწყო“. სხვა მომსახურეებთან ერთად, აშილ მიურატს მებაღეებიც გამოეწერა საფრანგეთიდან, რომლებმაც თურმე წაკლკოტს დაამსგავსეს  სასახლის ბაღი.

მიურატმა სასახლესთან ახლოს ფრანგული ტავერნის მსგავსი დუქანიც გაახსნევინა თურმე, სადაც შესანიშნავი ფრანგული კონიაკით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. ფრანგი მოსამსახურეეებიც თავისუფალ დროს ამ ტავერნაში იყრიდნენ თავს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ორი ფრანგი მებაღე მჯდარა ტავერნაში, კონიაკს წრუპავდნენ თურმე, ნება-ნება, დაგემოვნებით, ფრანგული წესისამებრ.

​ამ დროს ცხენი მიაგდო ვიღაცამ კართან. ცოტა ხნის შემდეგ აშკარად შორი გზიდან მომავალი, დამტვერილ ჩოხა-ახალუხსა და ნაბადში გამოწყობილი კაცი შესულა და მედუქნისთვის საჭმელი და ჭიქა კონიაკი მოუთხოვია.

მგზავრს ეტყობოდა, რომ ეჩქარებოდა. ნაუცბათევად წაუხემსებია და კონიაკიც ერთბაშად, არაყივით გადაუკრავს.

— ნახე, როგორ გადახუხა. ამ ველურმა რა იცის, კონიაკი რა არის, — გადაულაპარაკა ერთმა ფრანგმა მეორეს.

— ოთხი ბოთლი  კონიაკის ფულს მთელი მაგისი ველური ტომი ვერ შეკრებს, თორემ ეგ კაციჭამია ალბათ ფეხებს დაიბანდა კონიაკით, — გაეპასუხა თანამეინახეს პირველი.

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა

ამის თქმა იყო და უცნობს ისევ მიუხმია მედუქნე, ოთხი ბოთლი კონიაკი მოუთხოვია ტაშტითურთ. გაოცებულ მასპინძელს, ბრძანების შესრულების შემდეგ, ხელზე გადაკიდებული ხელსახოციც გამოართვა და ბოთლები გახსნა. ფრანგები პირდაღებულნი უყურებდნენ, როგორ ასხამდა უცნობი „ველური“ ტაშტში „ღვთიურ სითხეს“, რომელშიც სამი ბოთლი და მეოთხის ნახევარი ჩავიდა. მერე „აზიაცკები“ და წინდები გაიხადა, შარვლის ტოტები აიკაპიწა და ფეხები კონიაკში ჩაალაგა. „აბაზანის“ მიღებას რომ მორჩა, ფეხები მედუქნის ხელსახოცით გაიმშრალა, ფეხთ ჩაიცვა და კონიაკის საფასური — ოქროს თუმნიანი დააგდო მაგიდაზე.

თვალებგაფართოებული მებაღეები ფრანგულად ლუღლუღებდნენ თურმე, „მხეცი, ველური...“

უცნობი კი მშვიდად ადგა, დარჩენილი ნახევარი ბოთლი კონიაკი აიღო, მათ მაგიდასთან მივიდა, დაიხარა და გარკვევით, წმინდა ფრანგულით გამოსცრა:

— კონიაკი ბებრებს უხდება! 

პირდაღებულ ფრანგებს „აბაზანას“ გადარჩენილი ნახევარი ბოთლი კონიაკი წინ დაუდგა და დინჯად გავიდა გარეთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0