„რუსის მეფეთა მეფე დაუდი“: რატომ იხსენიებენ სპარსი ისტორიკოსები აღმაშენებელს რუსეთის მეფედ

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშიდავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში
დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ მოიხსენიებენ სპარსი მემატიენეები დავით აღმაშენებელს კრებულ „თარასჰოლში“ რუსთა მეფედ, არსად არ არის განმარტებული, ვერსიები და ვარაუდები კი მრავლადაა

ქართველი მეფეები და მათი ოფიციალური ტიტულატურა ზოგჯერ გაცილებით ვრცელი და მრავლისმომცველი იყო, ვიდრე ეს საქართველოს მეფობა გახლდათ.

თავად ტერმინ „საქართველოს“ პირველად დაახლოებით VIII საუკუნის დროინდელ წყაროებში ვხდებით. ეს ტერმინი კი დამკვიდრდა, მაგრამ VIII – IX საუკუნეში ჩვენი ქვეყანა დაშლილი იყო რამდენიმე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად ― აფხაზეთის, ტაო-კლარჯეთის, ქართლის, კახეთ-ჰერეთის სამეფოებად და თბილისის საამიროდ. მართალია, ბაგრატ მესამემ შეძლო და გააერთიანა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ოფიციალურად ისიც არ იწოდებოდა როგორც საქართველოს მეფე და მისი სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი“.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
ციხესიმაგრე „დარუბალ“: დურძუკთა ლაშქრობა საქართველოში და მირიანის მიერ „დახშული კარი“

ზოგადად, შუა საუკუნეებში ტიტულატურა მონარქებისათვის მარტო სტატუსის განმსაზღვრელი კი არ იყო, არამედ ის წარმოადგენდა იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების სრულ ჩამონათვალს, რომელიც მათ მფლობელობაში შედიოდა. რაც უფრო დიდი გახლდათ ხელმწიფე, მით უფრო ვრცელი და ყოვლისმომცველი იყო მისი ტიტულატურა. გამონაკლისს არც ქართველ მეფეთა ტიტულატურა წარმოადგენდა ― დამკვიდრებულ ტრადიციას არც ისინი ღალატობდნენ. ისინი სამფლობელოთა გეოგრაფიული არეალის ჩამოთვლით, ერთი მხრივ, რაღაც დოზით ასახავდნენ არსებულ ვითარებას, მეორეს მხრივ კი საკუთარ პერსონას განადიდებდნენ. მაგალითად გამოდგება გიორგი მესამის ტიტულტურა, რომელიც, მართალია, თითქმის მთელი კავკასიის ბატონ-პატრონი იყო, მაგრამ მისი ტიტული გაცილებით მრავლისმეტყველი გახლდათ: „აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი”. 

აქედან:

  • აფხაზთა მეფობა თავისთავად ნიშნავდა აფხაზეთის სამეფოს მფლობელობას; 
  • ქართველთა მეფობაში ძირითადად იგულისხმებოდა შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამხრეთ საქართველო, ანუ ყოფილი ტაო-კლარჯეთის სამეფო;
  • კახთა მეფე ნიშნავდა კახეთ-ჰერეთის ყოფილი სამეფოს მემკვიდრეობას;
  • ჰერეთის მფლობელობაზე რანთა მეფის ტიტულიც მიანიშნებდა, მაგრამ რანი მხოლოდ ჰერეთით არ მოიფარგლებოდა და გულისხმობდა ჰერეთის მიღმა ქვეყნებსაც, რომელიც ადრე მიტაცებული ჰქონდა განძის ათაბაგს;
  • სომეხთა მეფე სომხეთის მიწა-წყლის მფლობელობას უსვამდა ხაზს. თუმცა არსებობს მოსაზრება რომ ამ ტიტულში იგულისხმება ქვემო ქართლში არსებული ე.წ. სომხითი, რომელიც წარმოადგენდა გაუქმებულ ლორე-ტაშირის სამეფოსაც;
  • შარვანშა იყო შირვანის მეფის ტიტული. მართალია, გირგი მესამის დროს შირვანის სამეფოც არსებობდა და შირვანშაჰიც (რომელიც ქართველთა მეფის ნათესავი, მისი ვასალი და ყმადნაფიცი იყო), მაგრამ დავით აღმაშენებლის დროიდან, „შირვანშაჰი“ უცველად დარჩა ქართველ მეფეთა ტიტულატურაში. საქმეს ის გახლდათ, რომ 1124 წელს დავით აღმაშენებელმა დაიკავა შირვანი და ის თავის ტახტს დაუქვემდებარა. დავითის მემკვიდრე დემეტრემ ვერ შეინარჩუნა შირვანი, მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ შუაზე გაეყო ეს სამეფო. მისი დასავლეთი ნაწილი ეგრისის წყლამდე (თანამედროვე მდინარე აგრიჩაი) დარჩა მის დაქვემდებარებაში, ეგრისისწყლის აღმოსავლეთით კი ისევ შირვანის სამეფო აღდგა. თუმცა შირვანშაჰმა აღიარა ქართველთა მეფის ყმადნაფიცობა და მისი ვასალი გახდა;
  • „შაჰანშა“ ქართველ მეფეთა ტიტულატურაში დავით აღმაშენებლის დროიდან გაჩნდა, მაშ შემდეგ, რაც ქართველთა დიდმა მეფემ დაიკავა სომხური ქალაქი ანისი;
  • ფრაზა „ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი“ მიანიშნებდა იმას, რომ ოქროს ხანაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გავლენა კიდევ ბევრ მხარეზე ვრცელდებოდა როგორც ამიერ, ისე იმიერკავკასიაში და ირიბად მიანიშნებდა სრულიად კავკასიის იმპერატორობაზეც. 

თითქმის ანალოგიური გახლდათ გიორგი მესამის დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის ტიტულატურის ქართული ვარიაცია: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
რატომ არ სჯიდნენ ბაგრატიონები სიკვდილით მოღალატე ბაღვაშებს: მეფეთა მადლიერება

თუმცა ერთი განსხვავება მაინც შენიშნებოდა: თუ მანამდე მეფეთა ტიტულატურაში ინკორპორირებული ტერიტორიების დასახელებები აისახებოდა და ასე ჩამოყალიბდა ბაგრატიონთა საოცრად მეტყველი და ტევადი სამეფო ტიტულატურა, დავით აღმაშენებელს აღმოსავლური წყაროები (განსაკუთრებით სპარსი მემატიანენი) რუსთა მეფედაც მოიხსენიებდნენ. მაგალითად, დოკუმენტების კრებულ „თარასჰოლში“ აღმაშენებლის ვრცელ ტიტულატურაში საინტერესო ფრაზას ვხვდებით: „აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსისა, ქრისტეს სარწმუნოების მცველისა: აბხაზისა, შაქისა, ალანისა და რუსის მეფეთა მეფისა”... ეს არ გახლდათ ერთეული შემთხვევა, დაახლოებით კიდევ სამ დოკუმენტში მაინც, ფიქსირდება, რომ „მეფე დაუდი“ რუსთა ხელმწიფეც იყო.

სამწუხაროდ, თუ რა იგულისხმებოდა ამ ტერმინში, ან რატომ უწოდებდნენ დავითს „რუსთა მეფეს“, არსად არ არის განმარტებული. ვერსიები და ვარაუდები კი მრავლადაა. მათგან სამი ახსნაა გამოსარჩევი, რომლებიც ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული კია, მაგრამ მაინც ყურადსაღებია:

1.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვოლგასა და დონს შორის მოთამარეშე ყივჩაღთა მხოლოდ ნაწილი გადმოასახლეს, დავითს ასევე ცოლად ჰყავდა ყივჩაღთა ბელადის ასულიც. ამ მომთაბარეებს კი იმ დროს მიტაცებული ჰქონდათ რუსთა მიწა-წყლის გარკვეული ნაწილი. შესაძლოა, აღმოსავლურ წაყაროებში დაფისქსირებული ტერმინი „რუსთა მეფე“ ამის გამოძახილს წარმოადგენდა;

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ისტორია იწყება შუმერებიდან, ანუ... საქართველოდან? – ორი ენის საოცარი მსგავსება

2. ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი და აზოვის ზღვების სანაპიროზე, არსებობდა ტმუტარაკანის რუსული სამთავრო, რომლის სიახლოვეს იყო ჯიქეთის მიწა-წყალი, რომელიც ქართველთა მეფის კუთვნილება გახლდათ. XII საუკუნის მეორე ნახევარში მომთაბარეებისაგან (ყივჩაღები, პაჭანიკები) არაერთხელ აოხრებული და დასუსტებული ტმუტარაკანი იძულებული გახდა, ეღიარებინა ბიზანტიის კეისრის უზენაესობა. რა კავშირი ჰქონდა ამ სამთავროს  დავითის სამეფოსთან დაუდგენელია. სავარაუდოდ, ტმუტარაკანის სამთავროს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კონტაქტები ჰქონდა საქართველოსთან, ეს ფაქტი ცნობილი იყო „თარასჰოლის“ შემქნელებისათვის და მათაც მიიჩნიეს, რომ იმ დროს ეს სამთავრო არა ბიზანტიის, არამედ დავითის დაქვემდებარებაში შედიოდა;

3. აღმოსავლური წყაროები, რომლებშიც ქართველთა მეფეს რუსთა მეფედაც მოიხსენიება, 1219 წელს გადაიწერა ― ანუ იმ დროს, როდესაც თამარის გიორგის რუსზე დაქორწინება უკვე შემდგრი ფაქტი იყო. შესაძლოა „თარასჰოლის“ გადამწერებს ამაზე გარკვეული წარმოდგენა გააჩნდათ და სავარაუდოდ ამიტომაც დამახინჯდა აღმაშენებლის ტიტულატურაც.

ადგილთა სახელები, ანუ გაიცანით საქართველო: იცით, რატომ დაერქვა...>>

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადზე ცხადი გახლავთ: „ოქროს ხანაში“ ქართველ მეფეთა ძლევამოსილებას არა მარტო ჩვენი ქვეყნის ქვეშევრდომები და მოკეთენი აღიარებდნენ, არამედ მტრებიც. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ტერმინი „რუსთა მეფეც“. ბუნებრივია, ეს რეალობას არ შეესაბამებოდა და ქართველთა მეფის მიერ რუსეთის ფლობა ყველანაირ ფანტაზიას სცილდება, მაგრამ, როგორც ჩანს, მუსლიმანურ სამყაროში დავით აღმაშენებელი იმდენად თავზარდამცემ პერსონას წარმოადგენდა, რომ მათ ეჭვიც კი არ ეპარებოდათ, რომ დავით IV რუსთა ხელმწიფეც იყო და უზარმაზარ სამეფოს ფლობდა.

ყველა ახალი ამბავი
0