როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში

© photo: courtesy of Eter Aroshidzeეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე
ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ამბავს გურიაში დღესაც სიყვარულის ზღაპარივით ჰყვებიან. ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიყვარულისთვის არანაირი საზღვარი და დაბრკოლება არ არსებობს...

წარმოიდგინეთ 1944 წელი, გურია, სოფელი ცხემლისხიდი. მიუხედავად იმისა, რომ ომია, სიცოცხლე მაინც გრძელდება: სოფელში დარჩენილი მეზობლები ერთმანეთს ისევ უხმობენ ნადზე და სადედამთილოები ისევ არჩევენ ომში წასული ვაჟებისთვის სასურველ პატარძლებს… გურიის სხვა სოფელში კი, ვაკიჯვარში, მდინარაძეების ოჯახიდან ჯარში 22 წლის მოსე წავიდა. გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ იგი ერთ-ერთი იყო საქართველოში მცხოვრებ ვეტერანებს შორის, რომელიც ტრადიციულად ყოველი წლის 9 მაისს ვაკის პარკში თავის თითზე ჩამოსათვლელ თანამებრძოლებს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ბატონო მოსე შარშან გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. ამიტომ ამ სიყვარულის ამბავს მისი 91 წლის მეუღლისგან, ქალბატონ ეთერ აროშიძისგან მოვისმენთ. მაგრამ მანამდე ბატონი მოსეს ფრონტულ ცხოვრებაზე გიამბობთ.

კონსტანტინე ლორთქიფანიძე ჩამოგდებულ ბომბზე  - Sputnik საქართველო
უშიშნი ვითარცა უხორცონი: ამბავი ქართველი „ღიმილის ბიჭების“ გმირობისა

სამხედრო სამსახურში 39 წელი დაჰყო. 1944 წლის დასაწყისში 39-ე არმიის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით გვარდიის 279-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად დაინიშნა. ეს იმ დროისთვის თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა იყო. ორწელიწად-ნახევარში ასეულის ზემდეგიდან პოლკის მეთაური გახდა, რაც საბჭოთა ჯარში მართლაც იშვიათი შემთხვევა იყო. სამამულო ომში გამოჩენილი მამაცობისა და სარდლობის საბრძოლო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისთვის მოსე მდინარაძე წითელი დროშის სამი, ალექსანდრე ნეველის, სამამულო ომის პირველი ხარისხის და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე მრავალი საბრძოლო მედლით დააჯილდოვეს. სოფელში და საერთოდ გურიაში ევროპული გარეგნობის ასეთ ახალგაზრდა მამაკაცს, გმირს ბევრი ოჯახი შენატროდა. 

© photo: courtesy of Teona Gogniashviliეთერ აროშიძე
როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში - Sputnik საქართველო
ეთერ აროშიძე

— ნახეთ, რა ბიჭი იყო! — მეუბნება ქალბატონი ეთერი და შავ-თეთრ ფოტოს მაწვდის, – ძალიან ლამაზი ზურმუხტისფერი თვალები და ღია ფერის თმები ჰქონდა. მაღალი და ტანადი იყო, ამას პორტ-არტურში კი არა, ქვეყნის ბოლომდეც გავყვებოდი!.. თუმცა, სინამდვილეშიც სწორედ ასე მოხდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ადგილი გურიიდან სწორედაც ქვეყნის დასალიერში მდებარეობს.

ახლა ისევ ცხემლისხიდში დავბრუნდეთ. 1944 წლის მარტის თვეში სოფელში სილამაზითა და, როგორც ჩვენთან უყვართ თქმა, ოჯახიშვილობით გამორჩეული 21 წლის ეთერ აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო გამოცდებს აბარებს.

– ქალბატონო ეთერ, თქვენ ყურამდე როგორ მოვიდა ახალგაზრდა გმირის ამბავი?

— სანამ ერთმანეთს გავიცნობდით, მომდიოდა ხმები, რომ კარგი ბიჭი იყო. მან ფრუნზეს აკადემია დაამთავრა და 26 წლის ასაკში უკვე პოდპოლკოვნიკი იყო. მაშინ ასეთი რამ ამ ასაკში იშვიათობას წარმოდგენდა. ომში დაჭრილი 8 თვე ჰოსპიტალში იწვა. ერთმანეთს შემთხვევით ვაკიჯვარში, ოლია მამიდას სახლში შევხვდით. მაშინ თოვდა და რახან ის დაჭრილი იყო, ფეხი გაუცივდა. როცა პირადად გამიცნო, მოსე, ეტყობა, მოიხიბლა, პირდაპირ გეტყვით, რომ არც მე ვიყავი ცუდი გოგო… მაშინ ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩემ ოჯახს კი შემოუთვალა, თუ სხვისთვის არა აქვს პირობა მიცემული, ჩემ დაბრუნებამდე თავი შეიკავოსო. მამაჩემი, თურმე, დაიბნა, ფერი დაკარგა, რადგან მოსე ნანახი არ ჰყავდა. თუმცა, როცა მან სასიძოს ფოტო ნახა, ასე თქვა, აი, ესაა სიძე, ნამდვილი ვაჟკაცი, ისეთი, როგორიც მე მინდოდაო. მოკლედ, თვალებში რომ შევხედეთ, იმწუთშივე მოგვეწონა ერთმანეთი და მაშინვე გამოაცხადა – ეთერის დავნიშნავო. როცა დავინიშნეთ, მერე გურიიდან პირდაპირ აღმოსავლეთის ფრონტზე წავიდა…  

© photo: courtesy of Eter Aroshidzeეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე
როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში - Sputnik საქართველო
ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე

– 21 წლის გოგომ როგორ გადაწყვიტეთ, რომ შეყვარებულს ასეთ საშიშ დროს და თანაც ასე შორს ჩააკითხეთ? 

— მოსე ბელორუსიის ფრონტზე იბრძოდა და იქ რომ ჩავიდა, იმ დროს იაპონიის ომი დაიწყო და ისიც თავის ლეგიონს მონღოლეთში დაეწია. მერე, მოგეხსენებათ, კაპიტულაცია მოხდა. იმ დროს სად იყო ასე ადვილად დარეკვის საშუალება? ერთმანეთს წერილებს ვწერდით. მოსე ისეთ სიტყვებს მწერდა, რომ სიყვარულის ცეცხლი უფრო მეკიდებოდა. ხომ იცით, როცა შეყვარებულები შორს არიან, გრძნობაც მეტი ძალით ღვივდება. ჰოდა, ვართ ასე მიმოწერაში. ერთხელაც მოსემ ჩემ ოჯახს მოსწერა, ჩინეთში 17 თვე უნდა ვიყო, ეთერის გარეშე ამდენი ხანი ვერ გავძლებ და საბუთები გაუმზადეთო. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მეუბნებოდნენ, ასეთ დროს ამხელა გზაზე წასვლა საშიშიაო, მაგრამ მე რაღა დამაკავებდა? გადავწყვიტე, საყვარელ ადამიანთან ჩავსულიყავი. მოკლედ, წინ დიდი და გაურკვეველი გზა იყო, მახსოვს, ცხემლისხიდიდან ჯერ ბაქოში ჩავედი, 58 დღე გზაში ვიყავი. 

ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი - Sputnik საქართველო
ქართველი მზის კაცი: პოეტი და მეომარი მირზა გელოვანი

– ქალბატონო ეთერ, გულწრფელად მიპასუხეთ, არ შეგეშინდათ? 

— თქვენ წარმოიდგინეთ, არ შემშინებია, ოღონდ ის მენახა და ყველაფერს ავიტანდი. ვლადივოსტოკში რომ ჩავედი, ხალხი ხამსა თევზებივით იყო ჩაწყობილი. ადგილზე 500-კაციან საერთო საცხოვრებელში მიგვიყვანეს. ამის მერე სამგზავრო გემზე ავედით, სადაც საშინელი სუნი იდგა. აქ დაბრკოლება მელოდა: რადგან მოსეს ოფიციალური ცოლი არ ვიყავი, ამიტომ გემზე არ მიშვებდნენ. მაშინ ჩემმა შეყვარებულმა ადიუტანტი გამოგზავნა და შემოუთვალა, გამოატარეთო. გემზე 10 დღე საშინელ პირობებში ვიყავი. მერე ადგილზე, დაირენში ჩავედი. დაირენი პორტ-არტურთან ახლოსაა. მახსოვს, საშინელი სიცხე იყო და გზაში ერთი მგზავრის ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ადგილზე რომ ჩავედით, წვიმდა, ცა ფეხად ჩამოდიოდა. მე კი ამ დროს სამი დღის უჭმელი ვიყავი, თანაც გამაფრთხილეს, ყვითელ ზღვაში ბევრი ზვიგენია და ფრთხილად იყავიო… მეგონა, დაირენში ჩემი შეყვარებული დამხვდებოდა, მაგრამ კიდევ 15 დღე კარანტინში მომიწია ყოფნა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთმანეთს შევხვდით და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანთან ყოფნა ღირდა იმად, რომ ამდენი განსაცდელი გადამეტანა. ამხელა გზა გავიარე სიყვარულისთვის და ჩვენმა გრძნობამ ყველაფერს გაუძლო…  

ვეტერანები უცნობი ჯარისკაცის საფლავთან - Sputnik საქართველო
რამდენი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია საქართველოში

– გამოდის, რომ თაფლობის თვე ასეთ რთულ პირობებში გაატარეთ, მაგრამ იმ პერიოდში გადაღებული ერთი ფოტო მაინც ღიმილისმომგვრელია: მასზე მეუღლის საკმაოდ დიდი ზომის კიტელი გაცვიათ და ხელში სიგარეტი გიჭირავთ… 

— თაფლობის თვის გარდა ასეთ პირობებში კიდევ წელიწადი და 9 თვე ვიყავით. ამ ფოტოს რაც შეეხება, სახუმარო სცენა მოვაწყვეთ, მისი დიდი კიტელი ჩავიცვი და ხელში სიგარეტი დავიჭირე — ვითომ ვეწეოდი. არადა, სინამდვილეში მწეველი არასოდეს ვყოფილვარ. ვიცოდით, რომ დრო რომ გავიდოდა, ამ კადრზე გაგვეცინებოდა… ამასობაში, მოგეხსენებათ, იქ აუტანელი ჰავაა და მე დღითიდღე ცუდად ვგრძნობდი თავს, ჯანმრთელობა კინაღამ სერიოზულად შემერყა. აშკარა გახდა, დიდხანს ასე ვეღარ გავძლებდი… 

– თქვენი ამბავი, თურმე, სტალინმაც გაიგო, როგორ მოხდა ეს, ბატონმა მოსემ მას წერილი მისწერა? 

— დიახ, ეს მართალია. მოსემ სტალინს წერილი მისწერა, დაუწერა, ქართველი ცოლი მყავს, ადგილობრივ ჰავას ვერ იტანს და თუ შეიძლება, უფლება მოგვეცით, აქედან წამოვიდეთო. არავის ეგონა, რომ ეს წერილი სტალინამდე მივიდოდა, მაგრამ მალე მისგან თანხმობის პასუხი მოგვივიდა. ჩვენ დაგვრთეს ნება, რომ იქიდან წამოვსულიყავით. უკან იგივე გზა გამოვიარე, ოღონდ, ამჯერად თვითმფრინავით და საყვარელ ადამიანთან ერთად… ასე იყო ჩვენი ამბავი, ასე ჩავაკითხე საყვარელ ადამიანს გურიიდან პორტ-არტურში… 

– თუ გახსოვთ, 1945 წლის 9 მაისს სად შეხვდით?

— 9 მაისს მოსე შვებულებაში იყო და მწვანე კონცხზე, ჰოსპიტალში იწვა. ჩემთვის მოსე სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ისეთივე ახლობელი და საყვარელი ადამიანი, როგორიც გაცნობის პირველ დღეებში იყო. ბედის ირონიაა, რომ მოსემ ამდენი წელი ისე იცოცხლა, რომ არც უავადმყოფია და შარშან, 97 წლის ასაკში, ომის დროს სხეულში ჩარჩენილი ტყვიამფრქვევის ნამსხვრევის გამო გარდაიცვალა… გამოდის, რომ ამდენი წლის მერე ისევ ომმა წამართვა მისი თავი, მაგრამ სიყვარული ხომ მაინც ჩემთან დარჩა?!.

 

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წელს!

 

ყველა ახალი ამბავი
0