თბომავალ „არმენიას“ დაღუპვა 1941 წლის ნოემბერში - ექვსი „ტიტანიკის“ მსხვერპლის რაოდენობით

© photo: Sputnik / V. Basevich / გადასვლა მედიაბანკშითბომავალი „არმენია“
თბომავალი „არმენია“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოსპიტალური თბომავალი „არმენია“ მისი ჩაძირვიდან 79 წლის შემდეგ აღმოაჩინეს შავი ზღვის ფსკერზე. მის ისტორიას სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო გიამბობთ.

ალექსანდ ხროლენკო

გერმანული ავიაციის მიერ ჰოსპიტალური ხომალდი „არმენიის“ განადგურება ყირიმის სანაპიროსთან 1941 წლის შემოდგომაზე - არის დანაშაული ხანდაზმულობის ვადის გარეშე. და ნათელი მაგალითი იმისა, როგორი მოწინააღმდეგე და რის ფასად დაამარცხა ის საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში. პრაქტიკულად უიარაღო თბომავლის ბორტზე 10 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა - დაჭრილი წითელარმიელები, სამედიცინო პერსონალი, ქალები და ბავშვები. გადარჩა მხოლოდ რვა ადამიანი.

რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 27 აპრილს განაცხადა: „შავი ზღვის ფსკერზე ნაპოვნია თბომავალი „არმენია“. ხომალდი 1500 მეტრის სიღრმეზე, იალტის სანაპიროდან 15 მილის (28 კმ) დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ერთობლივი ექსპედიციის შედეგები, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე - შთამბეჭდავია.

დაუღალავი ძებნა 35 წელს გრძელდებოდა. „არმენიის“ ტრაგედიასთან დაკავშირებული №19 საქმე ცენტრალურ სამხედრო-საზღვაო არქივში 1940-იან წლებში გასაიდუმლოებული იყო და მკვლევარებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ერთადერთი გეოგრაფიული მინიშნება აღმოჩნდა შავი ზღვის ფლოტის სამედიცინო სამსახურის მუზეუმში 1991 წელს - ინფორმაცია სოფელ გურზუფთან საჰაერო თავდასხმის შესახებ. თუმცა ღრმა წყალი და ფსკერის რთული რელიეფი ზღვის ამ რაიონში მნიშვნელოვნად ართულებდა ძებნას. ცნობილმა ამერიკელმა რობერტ ბალარდმაც კი, რომელმაც ჩაძირული „ტიტანიკი“ და „ბისმარკი“ აღმოაჩინა, მთელი თავისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით ვერ შეძლო „არმენიის“ პოვნა. რასაკვირველია, მრავალწლიანი დაჟინებული ძიება აიხსნებოდა არა იმით, რომ თბომავალზე ყირიმის მუზეუმების საგანძური დარჩა, არამედ დაღუპულთა ხსოვნითა და ვალით მათ წინაშე.

სანიტარული ტრანსპორტის დაღუპვა საზღვაო ტრაგედიების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენადაა მიჩნეული. შესადარებლად: „ტიტანიკზე“ დაიღუპა 1500-მდე მგზავრი, გერმანულ „ბისმარკზე“ – 2100-ზე მეტი სამხედრო მეზღვაური. ამ რიცხვებს ბევრად აღემატება „არმენიაზე“ დაღუპულთა რაოდენობა (7-დან 10 ათასამდე დაღუპული. ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია). მომხდარის გათვალისწინებით, სანიტარული თბომავლის ტრაგედია იმსახურებს წიგნებსა და ფილმებს და ის მთელი კაცობრიობისთვის უნდა იყოს ცნობილი, რათა მსოფლიოში არ დაივიწყონ მეორე მსოფლიო ომის საშინელებები და მსხვერპლი, საბჭოთა კავშირის როლი ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში.

არავინაა დავიწყებული

დისტანციური მართვის წყალქვეშა აპარატის მიერ სანიტარული ხომალდი „არმენიის“ კორპუსის იდენტიფიკაციის შემდეგ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზის მოძღვარმა კირილემ პანაშვიდი გადაიხადა ეკიპაჟისა და მგზავრების დაღუპვის ადგილზე. დაღუპულებს პატივი მიაგეს სამხედროებმაც - წყალში გვირგვინი ჩაუშვეს და სამჯერ გაისროლეს.

„ადამიანს ზღვაში ეშინია, რადგან ის ზღვის პირისპირაა, როგორც თვით ღმერთის პირისპირ“ - ეს არის ამონარიდი ძველი საზღვაო წესდებიდან, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წესდებაზე გაცილებით ადრე დაიწერა. არაპროგნოზირებადი და საშიშია ზღვის სტიქია, მაგრამ ომი ზღვაზე ორმაგად სასტიკია. თუ გემი ან ხომალდი სიცივეში სანაპიროსთან ახლოს განიცდის კატასტროფას, ადამიანები გაყინულ წყალში პრაქტიკულად განწირული არიან სიკვდილისთვის.

გერმანულმა ჯარებმა 1941 წლის სექტემბრის ბოლოს აიღეს პერეკოპი და ყირიმში შეიჭრნენ. წითელმა არმიამ სევასტოპოლისკენ დაიხია, შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზაზე. ნოემბრის დასაწყისში დაიწყო საარტილერიო სროლა და ქალაქის ალყაში მოქცევა, მაგრამ ჯერ კიდევ შეიძლებოდა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების ევაკუირება. სწორედ ამით იყო დაკავებული თბომავალი „არმენია“ გამოცდილი კაპიტნის ვლადიმერ პლაუშევსკის მეთაურობით. 112 მეტრის სიგრძის ხომალდს, 6000 ტონა წყალწყვით, მშვიდობიან დროს კომფორტულ კაიუტებში 980-მდე მგზავრი გადაჰყავდა. 1941 წლის ზაფხულში „არმენია“ გადაკეთდა ჰოსპიტლად და აგვისტოდან ყირიმიდან დიდ მიწაზე 15 რეისის შესრულება და 15 ათასი დაჭრილი წითელარმიელის გადაყვანა მოასწრო. მსგავსმა გადაკეთებულმა თბომავლებმა ომის წლებში შავ ზღვაზე 412 ათასი ადამიანის ევაკუირება მოახერხეს.

სანიტარული ხომალდი ბოლო რეისზე სევასტოპოლიდან 6 ნოემბერს გავიდა, რათა ტუაფსეში 300 დაჭრილი, ოთხი სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი და რამდენიმე ათასი მშვიდობიანი მოქალაქე გადაეყვანა. ღამით იალტაში „არმენიამ“ ბორტზე კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი აიყვანა და 7 ნოემბრის დილით, ორი დამცავი კატარღის თანხლებით, კურსი კავკასიისკენ აიღო. ყირიმის სანაპიროდან 15 მილის დაშორებით ხომალდს ლუფტვაფეს თვითმფრინავებმა Heinkel-111 (სხვა მონაცემებით – Junkers 87) შეუტიეს. შავი ზღვის ფლოტის დამცავმა კატარღებმა და გემბანზე განთავსებულმა ორმა საზენიტო ქვემეხმა გემი ბომბებისა და ტორპედოებისგან ვერ დაიცვა. ზიანი უზარმაზარი იყო - „არმენია“ ოთხ წუთში ჩაიძირა. ნოემბრის ცივ ტალღებში რამდენიმე ათასიდან სასწაულებრივად გადარჩა რვა ადამიანი.

მეორე მსოფლიო ომის წლებში მოქმედი საერთაშორისო სამართალი კრძალავდა წითელი ამოსაცნობი ჯვრებით მცურავი ჰოსპიტალური ხომალდების დაბომბვას, მაგრამ გერმანელმა მფრინავებმა ყველა ნორმა უგულებელყვეს. ჰიტლერის ჯარი ომს აწარმოებდა წითელი არმიისა და მშვიდობიანი მოქალაქეების გასანადგურებლად. რუსეთში ეს არ დაივიწყეს და ქვეყნის შავი ზღვის საზღვრების დაცვის მუდმივი გაძლიერება - არის თანამედროვე გამოწვევებზე არა მარტო ოპერატიული პასუხი, არამედ ისტორიული მეხსიერების პროექცია.

„არმენია“ რუკებზე დაიტანება

1928 წელს „არმენიის“ წყალში გასვლის შემდეგ ხომალდი შავი ზღვის საუკეთესო სამგზავრო ხომალდების ექვსეულში შევიდა. ლამაზი და საიმედო თბომავალი გამიზნული იყო 14,5 კვანძის სიჩქარით (დაახლოებით 27 კმ/სთ) შორი რეისების შესრულებისთვის (4600 მილზე), ჰყავდა საკმაოდ დიდი - 96-კაციანი ეკიპაჟი. მეზღვაურებმა იციან, რომ ყველა გემსა თუ ხომალდს აქვს სული და ღერძი - სავსებით ხელშესახები და ურღვევი „კონსტრუქციის ელემენტები“. იქნებ სწორედ ამიტომ დგას დღეს „არმენია“ უზარმაზარ სიღრმეზე სწორ კილზე ჩაძირვიდან 79 წლის შემდეგ. თუმცა გემბანს შემორჩა საშინელი ავიადარტყმის კვალი.

ისტორია ამით არ სრულდება. „არმენიის“ კორპუსი გამოცხადდება სამხედრო სასაფლაოდ და საზღვაო რუკებზე იქნება დატანილი. ამის შემდეგ მის მახლობლად მცურავი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყველა გემი და ხომალდი დროშებს დაუშვებს და სამხედრო პატივს მიაგებს სამშობლოსთვის დაღუპულებს.

2020 წლის ექსპედიციის შედეგები „არმენიის“ ბოლო დღის დეტალურად აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრი უკვე იღებს დოკუმენტურ ფილმს თბომავლის ისტორიაზე.

კილომეტრნახევარი სიღრმე იცავს „არმენიის“ ბორტზე დაღუპული რამდენიმე ათასი ადამიანის სიმშვიდეს განძისა და სენსაციების მაძიებელი კრიმინალებისგან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევარები კი გააგრძელებენ მუშაობას, რადგან მეორე მსოფლიო ომის ყველა საიდუმლო ჯერაც არ არის ამოხსნილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0