გორგასლის საბრძოლო ეშმაკობა და სომეხ დიდებულთა ღალატით წაგებული ბრძოლა

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
V საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. გარდა იმისა, რომ სომხეთსა და ალბანეთში აჯანყება იყო დაწყებული, შაჰმა პეროზმა შუააზიელ ჰუნებთან — ჰეფთალებთან ბრძოლაშიც სასტიკი მარცხი განიცადა.

პეროზი იძულებული გახდა დიდი ფულადი კონტრიბუცია ეკისრა და თავისი ვაჟი — კავადი მძევლად დაეტოვებინა მტერთან. 

ვახტანგ გორგასალმა შექმნილი ვითარება ხელსაყრელად მიიჩნია იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. რა თქმა უნდა, მარტო იბერიას სპარსეთის იმპერიასთან ბრძოლა გაუჭირდებოდა და ამიტომ მეფე მოკავშირის ძებნას შეუდგა.

მხედარი - Sputnik საქართველო
ველური ჰუნები, ვახტანგ გორგასალი და ათასი რჩეული მეომრის შთამომავალი მოხევეები

ლოგიკურად, შექმნილი ვითარებით სასანიდური ირანის უბოროტეს მტერს ბიზანტიას უნდა ეხეირა, მაგრამ კონსტანტინოპოლში სპარსეთისთვის არავის ეცალა, რადგან იმპერიაში ანარქია სუფევდა. ამიტომ გორგასლის მცდელობას, დახმარება ბიზანტიისგან მიეღო, შედეგი არ მოჰყოლია. 

მაშინ იბერიის მეფემ ჩრდილოეთ კავკასიაში მოთარეშე ჰუნებთან დაამყარა კავშირი. როგორც ჩანს, მათგან თანხმობაც მიიღო და საგულდაგულოდ შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას: „ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმიდა მხედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა“. 

ვახტანგს ასევე მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჯანყებულ სომხებთანაც. საერთოდ, იბერიის მეფეს მიაჩნდა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ სპარსეთს სომეხთა და იბერიელთა გაერთიანებული ჯარიც ეყოფოდა, მაგრამ სომეხ სარდლებს ჰუნების გარეშე ბრძოლის ველზე გასვლა არ სურდათ და პარტიზანული ომის გაგრძელებას უჭერდნენ მხარს. არადა, არც ჰუნებისგან მოდიოდა დამაიმედებელი ამბები.

მაშინ ლოდინით დაღლილმა გორგასალმა 482 წელს სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. სომეხი მემატიანეების ვერსიით, უპირველესად მან სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელიც იყო კიდეც სპარსთა დასაყრდენი ამიერკავკასიაში.

ჯუანშერის ცნობით კი, ვახტანგმა ალაგმა მაზდეან მოგვთა თარეში, ვისგანაც ძალზე იყო შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია:

„შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპისი ცეცხლის მსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა“.

შაჰმაც არ დაახანა და 483 წლის ზაფხულში ურიცხვი ჯარი გამოგზავნა შაბურ მიჰრანის მეთაურობით. ვახტანგმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და მაშინვე მოკავშირე სომხებისკენ გაეშურა, რათა ერთიანი ლაშქრით გაემართა ბრძოლა სპარსელებთან. მაგრამ სომხებმა გენერალური ბრძოლის გამართვაზე უარი თქვეს, ისევ პარტიზანული ომის წარმოებას უჭერდნენ მხარს. ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი წერდა, იბერიელთა ჯარი სომხებისაზე მცირერიცხოვანი იყო, თანაც სომეხთა ჯარის სარდალი ვაჰან მამიკონიანი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული სომეხი ნახარარების (დიდებულების) ერთგულებაში, ამიტომაც არ ჩქარობდა სპარსელებთან გენერალური ბრძოლის გამართვასო. გორგასლისათვის კი პარტიზანული ომი იყო მიუღებელი. მეფე დარწმუნებული იყო, რომ ამ ტაქტიკით ზარალს კი მიაყენებდნენ სპარსელებს, მაგრამ არა იმდენს, რომ იბერიისა და სომხეთის მიწასთან გასწორებაში შეეშალათ ხელი. 

რაინდთა ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
სინდეთი მეფის წინასწარმეტყველური არაკი და გორგასლის უკანასკნელი ბრძოლა

ამიტომ ვახტანგ გორგასალმა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ ეიძულებინა სომხები, მტერთან გადამწყვეტი ბრძოლა გაემართათ. ამაზე მეტყველებს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. გორგასალმა სომხების გულის გასამაგრებლად და სპარსელთა მორალურად წასახდენად ხერხს მიმართა, რომელსაც ლაზარ ფარპეცი ალექსანდრე მაკედონელის ეშმაკობას ადარებს: ერთ-ერთ ველზე დაანახა სომხებს მრავალი კოცონი და ხის კუნძები ადამიანის მაგვარად შეიარაღებული და უთხრა, რომ ჰუნები ითხოვდნენ სომხების ჩასვლას ველზე, მათ იქ ყოფნასა და თანადგომაში დასარწმუნებლად, რის შემდეგაც ბრძოლაში ჩაებმებოდნენ სპარსელთა წინააღმდეგ. თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ჰუნებიც არ იბრძოლებდნენ და მიჰრანი მათ ქვეყნებს ააოხრებდაო.

არადა, რეალურად მხოლოდ 300 ჰუნი მხედარი იყო მისული აჯანყებულთა დასახმარებლად და ეს ფაქტორიც კარგად გამოიყენა სწორუპოვარმა მეფემ. ეს არ იყო ურიგო ტაქტიკა, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე სომეხი ნახარარების ღალატმა ჩაშალა.

ვაჰან მამიკონიანი დაჰყვა მოკავშირის თხოვნას და სომეხთა და იბერიელთა ჯარი ჭარმანიანის ველზე (სავარაუდოდ, გარდაბნის მიმდებარე ტერიტორია) ჩავიდა. იქ უკვე დაბანაკებულიყვნენ სპარსელები და მოწინააღმდეგეს ელოდნენ. მოკავშირეებს გაშლილ ადგილზე მოუხდათ მტერთან დაპირისპირება, რაც დიდი შეცდომა იყო, რადგან რიცხვმრავალ სპარსელებს მანევრირების მეტი საშუალება ეძლეოდათ. მაგრამ გორგასალს სხვა არჩევანი არ ჰქონდა — არსებობდა საფრთხე იმისა, რომ სომხებს ბანაკი დაეტოვებინათ. 

ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გორგასლის სიზმარი, რომელმაც შეცვალა მეფის ცხოვრება: ლაშქრობა კონსტანტინეს ქალაქზე

ვახტანგმა და ვაჰან მამიკონიანმა ლაშქარი შემდეგნაირად განალაგეს: მარჯვენა ფლანგზე სომეხი სარდლები ბარშილ ვაჰევუნი და სატონ გაბელიანი დადგნენ, ცენტრში თვითონ ვაჰან მამიკონიანი, მარცხენა ფლანგზე კი ვახტანგ გორგასალი.

მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, გამოცდილმა სპარსელმა სარდალმა მიჰრან შაბურმა შეტევის დაწყება აჯანყებულებს აცადა. როგორც ჩანს, მართლაც გაეჭრა გორგასლის ხრიკს ჰუნებთან დაკავშირებით, რომლებიც თავზარს მარტო სპარსელებს კი არა, მთელ მაშინდელ სამყაროს სცემდნენ. და რა გასაკვირია, რომ სპარსელებიც წამხდარიყვნენ მორალურად.

ბრძოლა დაიწყო. სპარსელებმა ვერ გაუძლეს იბერიელ-სომეხთა ძლიერ შეტევას და უკან დაიხიეს. მაგრამ მოულოდნელად შუა ბრძოლისას სომეხ დიდებულთა ნაწილმა მტრის მხარეზე დაიწყო გადასვლა — „უეცრად გაიქცა და განშორდა მთელი ჯარი სომხებისა“, რომლებიც წინასწარ ყოფილან შეკრულნი სპარსელებთან.

სომეხი დიდებულების ღალატმა (მხოლოდ ვაჰან მამიკონიანი და მისი მომხრეები შემორჩნენ ბოლომდე გორგასალს) პანიკა გამოიწვია იბერიელებში, რომელთა შორისაც ასევე არაერთი მოღალატე გამოჩნდა. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ, სომხები გაიქცნენ, თავს უშველეთო...

ეს ბრძოლა იბერიელთა და სომეხთა სრული მარცხით დასრულდა. 

ვაჰან მამიკონიანმა და მისმა მომხრეებმა ბიზანტიის მოსაზღვრე სომხურ ოლქებს შეაფარეს თავი, ხოლო ვახტანგ მეფე ეგრისში გადავიდა, რომელიც ასევე ბიზანტიის კუთვნილება გახლდათ. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
იბერიისთვის ბრძოლას შეწირული და წმინდანად ქცეული სპარსი – ამბავი დედოფლის მამამძუძისა

მიუხედავად გამარჯვებისა, მიჰრან-შაბურის ამ ლაშქრობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სომხეთსა და იბერიაში პარტიზანული ომები არ წყდებოდა. მართალია სომხებს აღარ სურდათ ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ იბერიელებმა, რომ იტყვიან, მოსვენება არ მისცეს.

სომეხი მემატიანე ფარპეცი წერდა, სომხებს დასვენება და სულის მოთქმა უნდოდათ დაშვრომისაგან, მაგრამ „სომეხთა ზორავარ ვაჰანთან ვოსტანში მივიდნენ ქართლის მხარიდან ეშმაკ-მოსილი უგუნური კაცები. ისინი ამბობდნენ ცრუ სიტყვებს… რათა განხეთქილება შეეტანათ მის ჯარში“.

ვახტანგის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან სომეხთა შორის ბევრი მომხრე აღმოაჩნდა, რომლებიც მზად იყვნენ, ქართველთა მხარდამხარ სისხლი დაეღვარათ. სომეხთა დიდი რაზმი სეპუჰ მუშელის სარდლობით ქართველებს გაჰყვა და ბოლომდე მათთან ერთად ებრძოდა დამპყრობლებს.

ვახტანგ გორგასალს სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლები არ შეუწყვეტია, ამიტომ 484 წლის გაზაფხულზე პეროზ შაჰმა სარდალ მიჰრანის დასახმარებლად ახალი სადამსჯელო ლაშქარი გამოგზავნა.

სპარსელები დიდუბის ველზე დაბანაკდნენ. ჭარმანიანის ველზე გამართული ბრძოლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვახტანგმა გაშლილ ველზე ბრძოლაში ჩაბმაზე უარი თქვა და აქტიური თავდაცვის ტაქტიკა აირჩია.

ჯუანშერის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებები ქართლში ოთხი თვე მიმდინარეობდა. ომი მოულოდნელად შეწყდა 484 წლის ზაფხულის მიწურულს. ჰაზარავუხტს ირანიდან მოციქული ეახლა და საშინელი ამბავი აუწყა: ჰეფთალებს (ჰუნებს) სპარსთა არმია გაენადგურებინათ და შაჰ პეროზი მოეკლათ. შეშფოთებულმა ჰაზარავუხტმაც ირანის დედაქალაქს მიაშურა, სადაც ტახტზე პეროზის ძმა ვალარში (ბალაში) ავიდა.

ჰაზარავუხტის რჩევით, ახალმა შაჰმა შეცვალა პეროზის ძალისმიერი პოლიტიკა ამიერკავკასიაში და მისი მმართველობა უფრო ლმობიერი გახდა.

სპარსელებმა საპატიო ზავი შესთავაზეს ვახტანგ გორგასალსაც, რომლის მოკვლაც აგრერიგად ეწადათ. ახალი შაჰი ბალაში იძულებული გახდა, ამ დათმობაზე წასულიყო, ვინაიდან მის იმპერიას აღმოსავლეთიდან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ჰუნები და ამიტომ დასავლეთით ომი არანაირად არ აწყობდა. დათმობაზე წასვლა მოუხდა გორგასალსაც, რომელმაც აღიარა შაჰის უზენაესობა, თუმცა შეინარჩუნა ტახტიცა და ქვეყანაც.                                                                                  

 

ყველა ახალი ამბავი
0