ურწმუნო ერისმთავრის სასჯელი: დიდებული ქართული ტაძრის ისტორია

© Pixabay / maxbenidzeმცხეთის ჯვრის ტაძარი
მცხეთის ჯვრის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრის სახელი და ზუსტად არც ისაა ცნობილი, როდის აიგო ეს დიდებული ტაძარი.

ვანო სულორი

მცხეთის ჯვრის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში თავისი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობით. ტაძრის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ — იქ იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ აღმართა IV საუკუნის დასაწყისში (ამიტომ ეწოდა ტაძარს ეს სახელი. ეს ჯვარი ტაძრის აგებისას მის შიგნით მოექცა და ამჟამად მხოლოდ ძველი კვარცხლბეკიღაა დარჩენილი). ხის დიდ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველნი, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. ამ სიწმინდის გამო მონასტრიდან წინამძღვრის კურთხევის გარეშე კენჭის წაღებაც არ შეიძლება.

VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით მცირე ეკლესია ააგო. მაგრამ რადგან ეს ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა და მრევლს ვეღარ იტევდა, საჭირო გახდა უფრო დიდი ზომის სალოცავის აგება. ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისმთავარმა გადაწყვიტა მის გვერდით აეგო დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი, რომელიც აბსოლუტურად შეეფერებოდა იმ ეპოქის მოთხოვნებსა და გემოვნებას. 

დავითგარეჯა - Sputnik საქართველო
„გულთმისანი“ ალბანელები, ანუ რატომ ვერ იქნება დავით-გარეჯა ალბანური კულტურის ძეგლი

ქართველი მემატიანე ჯუანშერი სტეფანოზ I-ს უარყოფითად ახასიათებს:

„ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში, არა ემსახურა ღმერთსა, არა მატა სჯულსა და ეკლესიათა“.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია – სწორედ ამ „ურწმუნო“ ერისმთავრის ქტიტორობით (თაოსნობითა და დაფინანსებით) აიგო უბრწყინვალესი ტაძარი. საქმე კი ასე იყო:

უმძიმესი დრო იდგა მაშინ. VI–VII საუკუნეთა მიჯნაზე მართლმადიდებლური ბიზანტია დასუსტების გზას ადგა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის ერისმთავრის, გუარამ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ „დაჯდა ძე მისი სტეფანოზ მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერისთავთა მთავრად ხადოდეს“. ანუ სტეფანოზმა მეფის ტიტულის მიღება ვერ გაბედა და ერისმთავრობას დასჯერდაო.

ის არ იყო დამოუკიდებელი მმართველი — თავდაპირველად ბიზანტიის სამეფო კარის მოხელე გახლდათ და მავრიკე კეისრისგან პატრიკიოსის ბიზანტიური საკარისკაცო წოდება ჰქონდა მიღებული. მაგრამ კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე გახშირებულმა გადატრილებებმა დაასუსტა ეს უზარმაზარი იმპერია, რითიც ისარგებლა აღმავლობის გზაზე დამდგარმა ირანმა და ბიზანტია ამიერკავკასიიდან გააძევა.

ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ სტეფანოზის დროს:

„იქმნა შფოთი საბერძნეთს, რამეთუ მავრიკ კეისარსა განადგა ფუკას მხედარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი, და დაიპყრა საბერძნეთი ფუკა მხედარმან. მაშინ სიძემან კეისრისმან, სპარსთ მეფემან ქასრე, იწყო ძღუნად და ძებნად სისხლისა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესულად და ტყუენვად საბერძნეთისა. განძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინააღუდგა  ფუკას კეისარი: ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა სპარსთ მეფესა და განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა“.

სხვა გზა არც ჰქონდა სტეფანოზ I-ს, ის დამორჩილდა შაჰს და აღიარა მისი უზენაესობა. სპარსთა ბატონობამ ქართლში მაზდეანური რჯულისა და წეს-ჩვეულებების გავრცელებას შეუწყო ხელი. 

მართლმადიდებლობა დიდ განსაცდელში ჩავარდა. ქართლის ერისმთავარი, ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დადგომოდა ქრისტეს მსახურთ, გულგრილად შესცქეროდა, თუ როგორ იკავებდა საქართველოში ქრისტიანობის ადგილს ცეცხლთაყვანისმცემლობა. რაც ქრისტეს მსახურთა დიდ გულისწყრომას იწვევდა.

Историческое сражение. Меч, воткнутый в землю после битвы - Sputnik საქართველო
ქართველთა წინაპარი ხალიბები, მაგიური ხმალი და უძველესი ბრიტები: დამთხვევა თუ...

ერთ დღესაც სტეფანოზი ბართლომე კათალიკოსთან ერთად ეწვია შიომღვიმის მონასტერს. ბერები კათალიკოსს უფრო დიდი პატივით მიეგებნენ, ვიდრე ქართლის ერისმთავარს, რამაც სტეფანოზის გულისწყრომა გამოიწვია. და განრისხებულმა ერისმთავარმა შიომღვიმის მონასტერს ფარსმან მეფისგან მინიჭებული ორი აგარაკი „მისტაცა“.

ღამით სტეფანოზს წმინდა შიო გამოეცხადა და მონასტრისათვის წართმეულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ქართლის ერისმთავარმა არად ჩააგდო ეს ხილვა. მაგრამ წმიდა შიო მეორე და მესამე ღამესაც გამოეცხადა და რომ ვერაფერი შეასმინა, გაჯიქებულ სტეფანოზსა და მის ცოლ-შვილს თვალისჩინი წაართვა და გონება დაუბნელა. ერისმთავრის ცოლ-შვილი ცოფიანებით იქცეოდნენ, ყვიროდნენ და ერთმანეთზე საკბენად იწეოდნენ. დიდებულებმა ისინი შიომღვიმის მოსანტერში გაკოჭილები მიიყვანეს. მონატრის წინამძღოლმა შიოს საფლავიდან აღებული მტვერი ჩაყარა სასმისში და ჯერ სტეფანოზს დაალევინა, მერე კი მის ცოლ-შვილს. გონება ყველას მაშინვე დაუბრუნდა, მაგრამ არა თვალისჩინი. მაშინ ერისმთავარმა შიომღვიმის ბერებისგან შენდობა ითხოვა და იქვე უკარნახა მათ ქარტია, რომლის ძალითაც მონასტერს არათუ წართმეული დაუბრუნა უკან, არამედ ახალი მიწებიც დაუმატა. ამის შემდეგ საბუთი წმიდა შიოს საფლავზე დადეს, ხოლო მონასტრის წინამძღვარმა წმიდა შიოს კვერთხი წყალში ამოავლო და ამ წყლით მობანა თვალები სტეფანოზსა და მის ცოლ-შვილს. სასწაულმა არ დაახანა — მყის ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი.

ამ სასწაულის შემდეგ გახდა სტეფანოზი „კაცი ესე ამპარტავან და ბოროტთა შურითა აღსავსე და ეკლესიათა ფრიად ძვირისა მყოფელი“ მორწმუნე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან მცხეთის ჯვრის დიდებული ტაძრის აგება.  

სამწუხაროდ, მატიანეს არ შემოუნახავს ამ დიდებული ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი და არც მისი აგების ზუსტი თარიღია ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0