22:31 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
წერილები ფრონტიდან

დახეული ჯინსების ეპოქაში მოთხრობილი ფოსტალიონის ეპოქის სიყვარულის ისტორია

© Sputnik / Shota Nozadze
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
44360

დრო და ადამიანები... რა როლს ასრულებდნენ ისტორიული ქარტეხილები ადამიანთა ბედისწერაზე... ამ წერილში გვინდა ჩვეულებრივ ადამიანებზე გიამბოთ, რომელთა ცხოვრება სწორედ ისტორიულმა უკუღმართობამ დააბზრიალა...

სიყვარულის ისტორია, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ზღაპარია თანამედროვეობაში, ამიტომ მეც იმ სიტყვებით დავიწყებ, როგორც მეზღაპრე ზღაპარს:

იყო და არა იყო რა, გასული საუკუნის 30-იან წლებში სოფელ საჭილაოში ერთი გოგონა ცხოვრობდა, სახელად ტერეზია. გოგონა სოფელში წერილებს არიგებდა და მეზობლები მოფერებით „მფრინავ ფოსტასაც“ ეძახდნენ.

დაჰქონდა გოგონას კონვერტში გახვეული საიდუმლოებები, არიგებდა სათქმელს, ისტორიებს, სიკეთით სავსე ამბებს და დროის სიდუხჭირიდან მოტანილ მწუხარებებს. ზოგს აცინებდა, ზოგსაც აფიქრებდა და ასე გადიოდა დრო.

ყველა ზღაპრის გმირის ცხოვრებაში იწყება ის გარდამავალი პერიოდი, როდესაც სიახლეები სასწაულებრივად ხდება. ეს პერიოდი ტერეზიასთვის მარიამობის ჯარიანობისას თეთრი ხალათის ჯიბეში ნაპოვნი კონვერტი აღმოჩნდა, რომელსაც ეწერა: ტერეზიას!

წერილები ფრონტიდან
© Sputnik / Shota Nozadze
ჭიჭიკოს წერილები

ლამაზ ქალს, სანამ ახალგაზრდაა, ვერაფრით გააკვირვებ, ავტორმა კი მისი გაკვირვება ერთი უბრალო წერილით შეძლო:

„ძვირფასო ტერეზია!
მე ბოდიშს ვიხდი, შეიძლება არც კი გაინტერესებთ ამ წერილის წაკითხვა, მაგრამ დამავალეთ და დამითმეთ ხუთიოდე წუთი. რა ვქნა, რომ ვიცოდე ჩემი ხართ, მაშინ ბედნიერად ჩავთვლიდი ჩემ თავს. ახლა კი თუმცაღა ვწერ წერილს თავო ჩემო, მაგრამ გემუდარებით: თუკი ჩემი სიყვარული თქვენთვის უბედურება არაა – მიმიღეთ... და თუ ეს ასე არაა, მაშინ იმდენად კრეტინი არა ვარ, ჩემით უბედური გაგხადოთ. ამას ვწერ, მაგრამ არ ვიცი გავხდები კი ბედნიერი? სხვა რა მოგწერო, მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ჩემ ნაღვლიან სახეს... და თუ არ გწამს ჩემი ალერსი, მაშინ ეს დედინაცვლის სიმღერა გამოვა. ველი პასუხს, როგორიც არ უნდა იყოს.
პატივისცემით, ჯერ უცნობი“.

„აბა სიყვარული რა ასახსნელია“, – გაიფიქრა ტერეზიამ, გაიღიმა, წერილი დაკეცა და ისევ თეთრი ხალათის ჯიბეში შეინახა…

ჯიუტი მიჯნური, რომელიც ცხრაწლიანი სიყვარულის შემდეგ მისი მეუღლე გახდა, მაშინ 21 წლის პოლიკარპე (ჭიჭიკო) იყო. მისი მეგრული ოდა იმავე სოფელ საჭილაოში იდგა – ცხენისწყლის და რიონის შესართავთან, ტერეზიას სახლიდან ორი კილომეტრის მოშორებით. გულანთებული ახალგაზრდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფილებაში მუშაობდა.

შეუღლდნენ და მიიღეს დალოცვა იმ მრავალი დაპირების თანახმად, რომელსაც ისინი უფალს დაჰპირდნენ… პირობა სიყვარულმაც შეასრულა. ახლად გაბედნიერებული ოჯახის ისტორიას კიდევ ერთი ზღაპრის გმირი შეემატა, როცა მათ ოდაში თოფი გავარდა და პირველი ვაჟის ტირილი გაისმა – მათი სიყვარულის ხმა. ცოლ-ქმარი მშობლები გახდნენ. ვაჟს ბაბუის სახელი გიორგი დაარქვეს.

იზრდებოდა გიორგი და იზრდებოდა მშობლების სიყვარულიც.

თუმცა, ტერეზიას პირველი გულის აჩქარება დიდხანს ბედნიერად არ გაგრძელებულა...

როდესაც პატარას ორი წელი შეუსრულდა, მშობლებმა შვილი დასასვენებლად კეჩხობში წაიყვანეს. ამბობენ, იმ ზაფხულს „ტროცკისტებმა“ სასმელი წყალი მოწამლესო. ეს, რა თქმა უნდა, დანამდვილებით არავინ იცის, ან კი რაღა აზრი აქვს მტყუან–მართალის გარჩევას... ზღაპრულ ცხოვრებაში დადგა ის ავადსახსენებელი პერიოდი, როდესაც ტერეზიამ ძაძები ჩაიცვა და პოლიკარპე ერთ დღეში გაჭაღარავდა...

სიყვარულის ისტორია გაზაფხულზე გრძელდება სამი წლის და ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მათი შემდეგი შვილი ლონდა დაიბადა.

მიჯნურებმა ახალ სიცოცხლესთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყეს და მწუხარების ცრემლები ბედნიერებაში გადაცვალეს.

იზრდებოდა ლონდა და იზრდებოდა მშობლების სიყვარულიც.

მაშინ ვერავინ იფიქრებდა წყეული მეორე მსოფლიო ომი, რეპრესიები და სისხლისღვრა რომ ახლოვდებოდა...

ისევ ტირილი...

მეორე შვილის შეძენიდან ცოტა ხანში ტერეზიას სიძე დაუხვრიტეს და სიყვარული წაართვეს…

მეორე სამამულო ომი დაიწყო...

ერთ თვეში პოლიკარპე ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, მურმანსკში გადაისროლეს... მას შემდეგ ტერეზიასთვის ამინდი არ შეცვლილა... არც ლონდასთვის.

ერთნაირად გადიოდა დრო მურმანსკშიც, ომშიც და ოდაშიც...

ზამთრის ერთ საღამოს ტერეზია შეშის ღუმელზე ლონდასთვის საჭმელს ამზადებდა, როცა ოდის კარზე კაკუნი გაისმა...

– მხოლოდ წერილი მოვიდა...

წერილები ფრონტიდან
წერილები ფრონტიდან

ფოსტალიონმა წერილი გადასცა ტერეზიას, თუმცა ამჯერად კონვერტს ეწერა: ლონდას!

ეს არ იყო კონვერტის გახსნა, ეს იყო ზამთრის სიცივეში გათოშილი ხელებით, გულის კანკალით გამალებული, დაღლილი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება... წერილში ეწერა:

სალამი ძვირფასო შვილო ლონდა!

უპირველესად გისურვებ სულ კარგად და ჯანმრთელად ყოფილიყო ჩემო მომკითხაო გოგონა, როგორა ხარ მამი, ხომ კარგად ბრძანდები? გპირდები მე მალე ჩამოვალ, ნუ გეშინია ნურაფრის. გკოცნი ათიათასჯერ შენს წელიწადსა და ოთხი თვის უნახავ თითებზე, აბა შენ იცი როგორი ჭკვიანი გოგო დარჩები.
                                                                        შენი მამა ჭიჭიკო.

პოლიკარპემ, როგორც მამამ და როგორც მეუღლემ პირობა ვერ შეასრულა...

ზოგი ამბობდა, პოლიკარპე მაშინ დაიღუპა, როცა გერმანელებმა მურმანსკი დაბომბესო, ომიდან ჩამოსული თითო-ოროლა კაცი იჩემებდა – დაჭრილი გამოვიყვანე ფრონტიდან და ექიმის მოსვლამდე დაიღუპაო... ზოგი ამბობდა, დახვრიტესო... გაიქცაო... მაგრამ ვინ დააჯერებდა ტერეზიას თავისი ცხოვრების სიყვარულის დაკარგვას... იმედი უბედურთა მეორე სულია. თქვენ დაიჯერებდით?

წერილები ფრონტიდან
© Sputnik / Shota Nozadze
ამბობდნენ პოლიკარპე მურმანსკის დაბომბვისას დაიღუპაო...

ასეთი მოგონებებისთვის სიცოცხლე ღირს. ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს...

მას შემდეგ მრავალი ზამთარი გავიდა… ვერავინ გაბედა ტერეზიას ხელის თხოვნა...

ქვრივი თავის ოდაში დუმილს არ არღვევდა, მოგონებებს მიწიერი ამაოებით ჩირქს არ სცხებდა.

ასე გალია ტერეზიამ ცარიელ სარეცელზე უკანასკნელი საღამოც – წართმეული სიყვარულის დაბრუნების მოლოდინში.

მომაკვდავის უკანასკნელი სურვილი სიცოცხლის შემდეგ მეუღლის გვერდით დასაფლავება იყო. სურვილი, რომელიც ვერავინ შეუსრულა, რადგან არავინ იცის, სად მიაბარეს მიწას მისი ჭიჭიკო.

ვინ იცის, მიჯნურების ისტორია ალბათ გაგრძელდა, მაგრამ არა ამ ცხოვრებაში...

ძალიან მინდოდა ეს ისტორია ისე დამემთავრებინა, როგორც მეზღაპრეები ზღაპარს ამთავრებენ: ჭირი იქა, ლხინი აქა… მაგრამ ეს იმ ამბის ტყუილი დასასრული იქნებოდა, რაც ტერეზიას და პოლიკარპეს 78 წლის შვილმა ლონდამ გაიხსენა და მომიყვა.

წერილები ფრონტიდან
© Sputnik / Shota Nozadze
წერილები ფრონტიდან

მინდოდა, რომ თქვენც გცოდნოდათ. გისურვებთ სიყვარულით გეცხოვროთ და დღევანდლობაში, დახეული ჯინსების ეპოქაში, ზღაპრად არ მოგჩვენებოდეთ ასეთი სიყვარულის ისტორია...

 

მთავარი თემები