ინტეგრაციული მედიცინა: „მჟონავი ნაწლავი“

© Pixabay / geraltადამიანის ანატომია
ადამიანის ანატომია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გაინტერესებთ გაერკვეთ, რა „საიდუმლოს“ ფარავს თქვენი ორგანიზმი, ანუ გსურთ გაიგოთ, მაგალითად, რა გავლენას ახდენს ნაწლავთა სისტემა ტვინის განვითარებაზე ან თქვენ განწყობაზე და სხვა, ადევნეთ თვალყური სამედიცინო სვეტს Sputnik-ზე

ნაწლავები ადამიანის ორგანიზმის ყველაზე საინტერესო სისტემაა. ის ჩვენი ჯანმრთელობის უნიკალური, საოცარი და ფუძემდებელი ღერძია.

ზრდასრული ადამიანის ნაწლავის სიგრძე 8 მეტრს აღწევს, ხოლო გაშლილი ნაწლავების ფართობის შედარება ჩოგბურთის კორტთანაც შეიძლება. ნაწლავებში ბინადრობს რამდენიმე ათასი სახეობის ცოცხალი მიკროორგანიზმი, რომელიც ქმნის მიკროფლორას. მისი წონა 3 კილოგრამს აღწევს, ნაწლავის მიკროფლორის გენომი კი ადამიანის გენომს 10-ჯერ აღემატება.

„მომხიბლავი ნაწლავი. როგორ გვმართავს ყველაზე მძლავრი ორგანო“ — სწორედ ასე დაასათაურა თავისი ამასწინანდელი ბესტსელერი ჯულია ენდერსმა. და თუ ნაწლავი თავის პატრონს ომს გამოუცხადებს, შედეგები ამ უკანასკნელისთვის სავალალო იქნება. 

კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი - Sputnik საქართველო
ინტეგრაციული მედიცინა — მომავლის მედიცინა

„მჟონავი ნაწლავის სინდრომი“ (Leaky Gut) ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს და ტერმინის ფორმულირებაც შემოგვთავაზეს, თუმცა ოფიციალურ მედიცინაში, განსაკუთრებით ევროპაში, მას დღემდე არ აღიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს სინდრომი ინტეგრაციული მედიცინის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

ბოლო დროს გლუტენის შემცველი პროდუქტების დიდი ოდენობით მოხმარების გამო ადამიანი სულ უფრო ხშირად აწყდება ნაწლავის კედლების მთლიანობის, მისი სიმჭიდროვის რღვევის პრობლემას. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ნაწლავის კედლების მეშვეობით მიეწოდება ჯანმრთელ ორგანიზმს სიცოცხლისა და ტვინის განვითარებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები.

ჯანმრთელი ნაწლავის კედლები, ასე ვთქვათ, „ჩინეთის დიდი კედლის“ როლს ასრულებს, რომლის გადალახვაც მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეუძლიათ. ასეთი ორმაგი ფუნქცია განპირობებულია ნაწლავის კედლების თავისებური სტრუქტურით, რომელიც ძალიან წმინდა ცხაურს წააგავს. მის უწვრილეს ნასვრეტებში თავისუფლად აღწევს სასარგებლო ნივთიერებების უმცირესი მოლეკულები, ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების მსხვილი მოლეკულებისთვის კი „შესვლა აკრძალულია“ — ისინი ვერ ეტევიან ცხაურში. შესაბამისად, იწყებენ ბრმად მოძრაობას წვრილი ნაწლავიდან მსხვილი ნაწლავისკენ და საბოლოოდ გამოიდევნებიან ორგანიზმიდან. 

Мозговая активность - Sputnik საქართველო
მოულოდნელი აღმოჩენა: თავის ტვინში ნაწლავური ბაქტერიები ბუდობენ

თუმცა ყოველი მომდევნო თაობა, განსაკუთრებით, ბავშვები სულ უფრო მოწყვლადი ხდება გარე (ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, უმარტივესები) თუ შიდა (როდესაც აუტოიმუნური პროცესები მტრად აღიქვამენ ნაწლავის უჯრედებს და უტევენ მათ) გამღიზიანებლების მიმართ. ეს კი ნაწლავების კედლებში ხანგრძლივი ქრონიკული ანთებითი პროცესების პროვოცირებას იწვევს. შედეგად, ჩვენი ჯადოსნური „ცხაური“ შეიძლება გადაგვარდეს და უკუღმა დაიწყოს მუშაობა. ანუ ტოქსინების მსხვილმა მოლეკულებმა ახალი, უფრო მსხვილი ნასვრეტების მეშვეობით დაუბრკოლებლად შეაღწიონ სისხლში, მოედვნენ მთელ ორგანიზმს და ბოლოს ბავშვის ტვინში აღმოჩნდნენ. მართალია, ტვინს ჰემატოენცეფალური ბარიერი იცავს და მავნე ნივთიერებებს არ ატარებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, ისიც დაზიანდეს სხვადასხვა მიზეზით (ეს ცალკე თემაა).

მეორე მხრივ, გადაგვარებული ცხაური აჩქარებს ნაწლავებში საკვების გადაადგილების ტემპს და, შესაბამისად, მისი მუშაობის რიტმსაც. საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვეღარ ასწრებს სისხლში გადასვლას (განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხაურში ახალი მსხვილი ნასვრეტი დროებით ტოქსინითაა ამოვსებული) და გასასვლელისკენ მიექანება. 

პარკინსონი - Sputnik საქართველო
სენსაციური აღმოჩენა: პარკინსონის დაავადება ტვინში ნაწლავებიდან აღწევს

შედეგად, „მჟონავი ნაწლავი“ ამცირებს ბავშვის ორგანიზმისა და ტვინის სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგებას. სამაგიეროდ სისხლის მეშვეობით სისტემატურად გადააქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში მავნე ნივთიერებები, რაც ორგანიზმისა და ტვინის ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს.

შედეგები, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სავალალოა.

თავდაპირველად თავს იჩენს ადამიანის ემოციური ფონის ცვლილება: შფოთვა, პანიკური შეტევა, ემოციური გაუწონასწორებლობა და უმართავი ქცევა, მუდმივი დაღლილობა და სხვა მსგავსი სიმპტომები, რომელთა მკურნალობასაც ფსიქიატრები თუ ფსიქონევროლოგები ყველა ცნობილი საშუალებით ცდილობენ.

ტვინის გრძელვადიანმა ინტოქსიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს განვითარების სხვადასხვა, მათ შორის, უხეში დარღვევა, რაც ახალ თაობებში, განსაკუთრებით, ბავშვებში პანდემიის სისწრაფით ვრცელდება.

მომავალში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს — დაიწყოს ახალი ანთებითი პროცესები ტვინის გარსში (ენცეფალიტები), რასაც შესაძლოა მოჰყვეს ნეიროდეგენერაციული დაავადებები თანმდევი შედეგებით.

ხოლო რა შეიძლება მოხდეს, ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც ნაწლავებისა და სხვა სისტემების ყველა ძირითად ურთიერთკავშირს გავარკვევთ.

მომდევნო თემა ნაწლავი და იმუნიტეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0