რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში ძაღლებს

© photo: courtesy of Nika Melnikovნიკა მელნიკოვი
ნიკა მელნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქუჩის ძაღლები... ისინი თითქმის ყველა უბანში გვხვდებიან, მოწყენილი თვალებით, მშიერი გამომეტყველებით და უსიცოცხლო იერით. არიან ადამიანები, რომლებსაც მათთვის მხოლოდ აგრესია ემეტებათ და არიან ადამიანები, რომელთა ყოველდღიურობა მათზე ზრუნვაა. სენაკელი ახალგაზრდები ნიკა მელნიკოვი და დანიელ ჯანაშია წლებია მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან.

ნინი რაზმაძე  

– ნიკა, რამდენი ხანია რაც მიუსაფარ ძაღლებს უვლით?

– მიუსაფარ ძაღლებს დაახლოებით ოთხი წელია რაც ვეხმარებით. მე და დანიელი თავიდან ცალ-ცალკე ვცდილობდით ძაღლების დახმარებას, დაახლოებით ერთი წლის წინ ქალბატონმა ნონა ნაკაშიძემ გაგვაცნო ერთმანეთი და იმის შემდეგ ერთად ვართ.  შეიძლება ითქვას ჩვენ ცხოველების სიყვარულმა დაგვაკავშირა ერთმანეთს. მათი  დახმარება დიდი სტიმულია ჩვენთვის. მე და დანიელი თითქმის მთელ დღეს მათთან ვატარებთ. ზოგი გვეთამაშება,  ზოგი კი უკან მოგვყვება, ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც მხიარულად გვხვდებიან, გველაქუცებიან და გვეთამაშებიან. ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა ძაღლს ვუვლით. ვცდილობთ ყველა მიუსაფარ ცხოველს დავეხმაროთ.  

© photo: courtesy of Nika Melnikovქუჩის ძაღლი, რომელსაც ნიკა მელნიკოვმა და დანიელ ჯანაშიამ უმკურნალეს
რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში ძაღლებს - Sputnik საქართველო
ქუჩის ძაღლი, რომელსაც ნიკა მელნიკოვმა და დანიელ ჯანაშიამ უმკურნალეს

 – თქვენთვის დიდი პასუხისმგებლობა არ არის ამდენი ძაღლის მოვლა?

– რა თქმა უნდა,  ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი დაბრკოლება გვხვდება. არიან ადამიანები, რომლებიც მათ ცუდად ეპყრობიან,  ცემენ, კლავენ კიდეც... ჩვენი საქმის დაწყება არ იყო მარტივი, ცხოველებთან მიმართებაში ბევრი მოძალადე ადამიანი გვხვდება. სირთულეებს რაც შეეხება,  ზოგჯერ  ძალიან გვიჭირს ცხოველების დაპურება, საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა... თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და მათი გვერდში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

– გაქვთ  სივრცე,  სადაც ძაღლებს უვლით?

– სამწუხაროდ არ გვაქვს.  დახმარების თხოვნით მივმართეთ  სენაკის გამგეობას, მაგრამ უარი გვითხრეს. თავშესაფრის მოსაწყობად ფართის გამოყოფას ვითხოვდით, მაგრამ უშედეგოდ ჩაიარა ჩვენმა მცდელობამ. ქუჩაში ვუვლით ყველა ძაღლსმ მათ კი სენაკში თითქმის ყველგან დაინახავთ... 

© photo: courtesy of Nika Melnikovნიკა მელნიკოვი
რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში ძაღლებს - Sputnik საქართველო
ნიკა მელნიკოვი

– როგორია  საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც ხედავენ რომ ძაღლებს უვლით?

– საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი საქმიანობა მოსწონთ და პირიქით,  რომლებსაც ქუჩის ძაღლები ძალიან აღიზიანებთ და აგრესიით ექცევიან.  ბულინგის მსხვერპლიც ვყოფილვართ,  ზოგი გვეუბნება გაძვალტყავებულ ძაღლებზე დახმარებას  გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარეთო.

– არიან ადამიანები,  რომლებიც ძაღლებისადმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან...

– რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრნი არიან. ზოგადად, ათასობით მიუსაფარი ცხოველია ჩვენს ირგვლივ. ამ მხრივ რაიონებში განსაკუთრებით რთული ვითარებაა.  ხშირად ვხვდებით გადაგდებულ პატარა ლეკვებს, ნაცემ ძაღლებს, რომლებიც პატრონებმა მოიძულეს და მოიშორეს თავიდან. ერთი შემთხვევა მახსოვს, რამდენიმე წლის წინ  მამაკაცმა ძაღლი ხეზე  ფეხებით ჩამოკიდა  და ხის მორი იქამდე ურტყა, სანამ არ მოკლა.  ეს რომ ეხლა მომხადარიყო, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩებოდა.  ძალიან აქტუალურია ავტომობილით გატანილი ძაღლების პრობლემაც, ძაღლების ჩხუბიც ძალადობაა, ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დიდ სიამოვნებას განიჭებდეს ძაღლების ჩხუბის ყურება. თუმცა, არიან ცხოველთა მოყვარულები, რომლებიც მათ ყოფას უმსუბუქებენ. 

© photo: courtesy of Nika Melnikovდანიელ ჯანაშია
რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში ძაღლებს - Sputnik საქართველო
დანიელ ჯანაშია

 ჩვენს ქალაქში ძაღლების მდგომარეობა მწვავედაა, თითქმის ყოველ მეორე ძაღლს დემოდეკოზი სჭირს, ზოგი სოკოთი დაავადებულია, ზოგს კი გაურკვეველი დაავადება სჭირს, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის მხოლოდ ძაღლებში. ადამიანები კი განსაკუთრებული სისასტიკით და სიძულვილით ავადმყოფ ძაღლებს ექცევიან. 

– ალბათ,  ყველას აინტერესებს რამდენად უსაფრთხოა ქუჩის  ძაღლებთან ურთიერთობა?

– ქუჩის ძაღლებთან ურთიერთობა ზოგისთვის საფრთხეს წარმოადგენს,  ზოგისთვის არა. რამდენიმე დღის წინ ქალმა ძაღლს ფეხი დაარტყა, რადგან შეეშინდა ბავშვისათვის არ ეკბინა.  ასეთ ადამიანებს  ვერ დააჯერებ,  რომ  ძაღლებთან ურთიერთობა საფრთხეს არ წარმოადგენს. 

© photo: courtesy of Nika Melnikovნიკა მელნიკოვი
რატომ ტოვებენ ადამიანები ქუჩაში ძაღლებს - Sputnik საქართველო
ნიკა მელნიკოვი

– რატომ იმეტებენ ადამიანები ქუჩისთვის ძაღლებს?

– ჩემი აზრით,  ადამიანები იმიტომ ტოვებენ ძაღლებს ქუჩაში,  რომ ბეზრდებათ მათი სიახლოვე, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ძაღლის პატრონობა ჰქვია. არადა ეს ოთხფეხა მეგობრები ყველაზე ერთგულები, ჭკვიანები და მგრძნობიარენი არიან. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოველები უყვართ, მაგრამ მათი რჩენა არ შეუძლიათ. საზოგადოებას ვეტყვი, რომ ყველაზე მთავარია ცხოველს სიყვარული აგრძნობინო, დაანახო რომ ზრუნავ მასზე. ძაღლებს ყველაზე მეტად ეშინიათ  არ მიატოვონ, ქუჩაში არ გააგდონ. თუ ერთხელ მაინც ჩაგიხედავთ ქუჩის ძაღლისთვის თვალებში, დიდ სევდას დაინახავთ, მათი თვალები ხომ ცრემლებით სავსე აქვთ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ყველა ქუჩის ძაღლს თავი მოვუყარო და მოვუარო.

 

ყველა ახალი ამბავი
0