ძმადნაფიცების ხელით მოკლული ფშაველი ვაჟკაცი და შურისმაძიებელი და

© courtesy of Shota Qacanashviliფშავი, მათურხევი
ფშავი, მათურხევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხას დამ მანამ არ მოისვენა, სანამ ძმის მკვლელ გარსევანიშვილს ბოლო არ მოუღო. ქალმა მისი მკურნალი ექიმი მოისყიდა და მოაწამლინა. ხოლო შირაქში გაქცეულ მარცვალაშვილს ხელაშვილის ძმადნაფიცმა გოგია ჭიჭოშვილმა აუგო წესი...

ვანო სულორი

იშვიათია ქართველი, რომელსაც ერთხელ მაინც არ სმენია ფშაველი მელექსის მიხა ხელაშვილის „ლექსო, აღმოგთქომ ოხერო“, „ბინდისფერია სოფელი“ თუ სხვები. სწორედ ეს ფშაველი ვაჟკაცია ავტორი საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონებისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხალხურად მიიჩნეოდა... 

© National Library of Georgiaმიხა ხელაშვილი
ძმადნაფიცების ხელით მოკლული ფშაველი ვაჟკაცი და შურისმაძიებელი და - Sputnik საქართველო
მიხა ხელაშვილი

მიხა ხელაშვილი კარგი მოსაუბრე და მოსიმღერე, მიმზიდველი გარეგნობისა და დახვეწილი ქცევის კაცი ყოფილა. ტყეში გასულს ორი-სამი დღეც რომ ეშიმშილა, საჭმელს არავის სთხოვდა, მწყემსები თუ მგზავრები თვითონ აწვდიდნენ თურმე საკვებს.

აღნაგობითა და ძალ-ღონით, ჩუბინობითა და მოლექსეობით გამორჩეულმა დიაკვანმა თავისდაუნებურად დაჩრდილა ახალგაზრდა ჩარგლელები და მოქიშპეებიც გაიჩინა.

მაღაროსკარში იმხანად კომისრად ალექსი მისრიაშვილი მსახურობდა, მიხას კარგი მეგობარი. იმას არაერთხელ გაუფთხილებია ხელაშვილი ჩარგლელებისგან მოსალოდნელი ღალატის თაობაზე, მაგრამ არ დაუჯერა მიხამ, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ბოლოს...

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა სოფლის ახალგაზრდა დიაკვნის ბედი, რომ არა საქართველოს გასაბჭოება. მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა და ტყეში გავარდნილიყო ყაჩაღად. ამის საბაბი კომისარ კოლა ჯაგნელიძესთან შეჯახება გამხდარა.

ერთ დღეს მილიციელებს ყორუღის მახლობლად ადგილობრივ ქალებთან ლაზღანდარობა დაუწყიათ. მიხა გამოსარჩლებია დედაკაცებს, კომისრისთვის უთქვამს, შენ და შენი მილიციელები წესრიგის დაცვის მაგივრად უწესობას შვრებით, ქალებთან რა ხელი გაქვთ უცხო ხალხსო.

ამ ამბავს ვაჟა-ფშაველას შვილი ლევან რაზიკაშვილი შესწრებია და სწორედ მისი ძალისხმევით სისხლი არ დაღვრილა. მაგრამ ჯაგნელიძე ცუდად გადაჰკიდებია ფშაველ დიაკვანს. მილიციელების რაზმით მიხას სოფელს დასხმია თავს, მისი ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა და გამწარებულს სოფელი დაურბევია. დიაკვანსაც „მაუზერი“ აუღია და ტყისთვის შეუფარებია თავი. 

ერთხანს მარტო იყო, მერე ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმს შეუერთდა და სიკვდილამდე არ შეუწყვეტია ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლებასთან. 
ერთ დღეს ყოფილი დიაკვანი ჩარგლის სოფლის საბჭოში შეიჭრა და კედელზე აკრულ მილიციელს იარაღი მოუღერა, კაბინეტის კარი გამიღეო. ის კიდევ ისე დამფრთხალა, ხელები აჰკანკალებია და ვერა და ვერ მოურგია გასაღები ბუდისთვის. მაშინ მიხას კარი შეუმტვრევია, კარადები გადაუყირავებია, ლენინის სურათი ჩამოუგდია და ფეხით გაუთელია, მერე საბჭოს შენობის სახურავზე ასულა და დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი დროშა აუფრიალებია.
ვერც იმ ჯერზე მოიხელთეს „ყაჩაღი“, მისი ოჯახი კი არაერთხელ დაარბიეს და დააწიოკეს. ისინიც აიყარნენ და მშობლიური სოფლიდან გაიხიზნენ.

მაგრამ მილიციელებს ხელაშვილებზე ნადირობა არ შეუწყვეტიათ. მიხას დასა და სიძეს ვერსად მიაგნეს, დედას კი ხოდისკენ მიმავალს გადააწყდნენ და დაუნდობლად გაუსწორდნენ — წამებით მოკლეს მოხუცი ქალი.

აბრაგის მეგობარმა, მაღაროსკარის კომისარმა ალექსი მისრიაშვილმა ძმადნაფიცს შეატყობინა, ჯაგნელიძე 60 მილიციელით გიპირებს თავდასხმას და მანდაურობას გაერიდეო. მაგრამ მიხა ხელაშვილი კი არ გაერიდა, იქით მიუხტა ჯაგნელიძეს.

სოფელი დიკლო თუშეთში - Sputnik საქართველო
დიაოხიდან დიკლომდე: ამბავი ქართული ნამუსით შეძრული მტრისა

გამთენიისას მდინარე მაღაროულაზე პირის დასაბანად ჩასულ კომისარს თავს წადგომია და კიდევ დამდევო, შეუძახია. დაგდევ და კიდევაც დაგცემო, უთქვამს ჯაგნელიძეს და „მაუზერისკენ“ წაუღია ხელი. მაგრამ გააბრაგებულ დიაკვანს დაუსწრია და ტყვია დაუჭედებია შუბლში.

მიცვენილან სროლის ხმაზე მილიციელები, მაგრამ მიხას მათთვისაც აუყრია იარაღი და დამფრთხლებს გაქცევით უშველიათ თავისთვის. 

1922 წლის შემოდგომაზე მიხა ხელაშვილი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის რაზმს შეურთდა. ქაქუცას გამორჩეულად ჰყვარებია ფშაველი დიაკვანყოფილი და მელექსე, ძალიან ენდობოდა თურმე.

ორი წელი დაჰყო მიხა ხელაშვილმა „შეფიცულებში“. მერე კი, როცა დამარცხებული ქაქუცა თანამოაზრეებთან ერთად საზღვარგარეთ გადაიხვეწა, მიხა და ლევან ხავაზური კახეთში დარჩნენ — სამშობლოში სიკვდილი ამჯობინეს უცხოობაში სიცოცხლეს. ერთხანს შირაქსა და ცივგომბორს აფარებდნენ თავს, მერე მიხას ჩარგლისკენ გაუწია გულმა, მცირე ხნით იქ წასვლა გადაწყვიტა.

ცოლ-შვილი ენატრებოდა აბრაგს, მაგრამ ვერ ნახულობდა დაჭერისა და მოკვლის შიშით. ერთხელაც მიხას შეუთვლია ცოლისთვის, ბავშვი ნახნავში დასვი და მე დურბინდით შევხედავ, როგორი გვყავსო. ქალსაც გაუყვანია ბავშვი, ნახნავში დაუსვამს და თავად ცოტა ხნით გარიდებია. ასე გაუცვნია მიხას საკუთარი შვილი. ერთხანს უყურებია, მერე, გული რომ უჯერებია შორიდან ლაციცით, წასულა და მას შემდეგ თვალიც აღარ მოუკრავს ოჯახისთვის. 

გლობუსი და საწერი მოწყობილობა სამუშაო მაგიდაზე - Sputnik საქართველო
ავანტურისტი და თაღლითი ქართველი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა

მთავრობამ დიდი ჯილდო დააწესა მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის — კარგი იარაღი, სამსახური, 100 მანეთი და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლება. მაგრამ ვინ გაბედავდა, გზად გადაღობებოდა სახელგანთქმულ ჩუბინს? როცა ამ მეთოდმა არ გაჭრა, მთავრობამ ციხის შიგნიდან გატეხვის ხერხს მიმართა და ხელაშვილის „ერთგულ მეგობარს“, ჩარგლელ ლუკა მარცვალაშვილს გაურიგდნენ.

1925 წლის 25 იანვარი იყო, მიხას დაბადების დღე. მეორე დილით მთიულეთის გავლით ჩეჩნეთში უნდა გადასულიყო ხელაშვილი და ძმაკაცებმა გამოსამშვიდობებელი ქეიფი მოუწყვეს. მიხასაც დაულევია და დასაძინებლად მალე წასულა – ხვალ ადრე უნდა დავადგე გზასო. მარცვალაშვილს ძმადნაფიცი სახლიდან მოშორებით, საბძელში დაუწვენია, აქაოდა, სახლს თუ დაეცემიან თავს, გაქცევას მოასწრებო. მოკლედ, მიხას მოსაკლავად ყველაფერი კი უღონია, მაგრამ მაინც ვერ მოუკლავს. მაშინ საქმეში მეორე ძმადნაფიცი ლევან გარსევანიშვილი ჩარეულა და მძინარე კაცი მუხანათურად გამოუსალმებია სიცოცხლისთვის. ამ მკვლელობაში მონაწილეობა კიდევ ერთ ჩარგლელს ვახტანგ რაზიკაშვილსაც მიუღია.

მეორე დღეს მიხა ხელაშვილის ცხედარი მარხილზე დადეს და დუშეთში ჩაიტანეს, მილიციის შენობის წინ დააგდეს ხალხისთვის საჩვენებლად და დასაშინებლად. რამდენიმე ხანს იქვე დატოვეს, შემდეგ კი თხრილში გადააგდეს. არავის ანებებდნენ მის დაკრძალვას. მიხას დამ და სიძემ ხევსური მილიციელის დახმარებით მოიპარეს მიხას ლამის ბოლომდე გახრწნილი ნეშტი, ჩარგალში აიტანეს და ფარულად დამარხეს დედის საფლავის თავთით, წმიდა გიორგის ეკლესიის გალავანში…

მთავრობამ მიხას მკვლელებისთვის ჯილდო ვეღარ გაიმეტა, დაპირებული 100 მანეთი არ გადასცა. მხოლოდ თოფი აჩუქეს ლევან გარსევანიშვილს, ეს იყო და ეს, დანარჩენები მშრალზე დატოვეს...

მიხას დამ მანამ არ მოისვენა, სანამ ძმის მკვლელ გარსევანიშვილს ბოლო არ მოუღო. ქალმა მისი მკურნალი ექიმი მოისყიდა და მოაწამლინა. ხოლო შირაქში, ტარაბანაში გაქცეულ მარცვალაშვილს ხელაშვილის ძმადნაფიცმა გოგია ჭიჭოშვილმა აუგო წესი — მან აიღო მიხას სისხლი. რაც შეეხება მესამე გამყიდველს ვახტანგ რაზიკაშვილს, წამებად იქცა მისი სიცოცხლე — ავადმყოფობით გამწარებულს სიკვდილი გაუხდა სანატრელი...  

ყველა ახალი ამბავი
0