დამწვარი ალბომი და გადარჩენილი აკვანი

CC0 / Pixabay / სურათების ალბომი
სურათების ალბომი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგებაშვილის ქუჩაზე ნათესავები გვყავდა. ავეკიდებოდი მამას და ავუყვებოდით აღმართს... ბავშვობაში სულ მეგონა, რომ რამდენიმე ნაბიჯსაც თუ გადავდგამდით, უკვე ფუნიკულიორზე ვიქნებოდით.

არაფრით მესმოდა მამის ნათქვამი:

– ასე ჩანს, თორემ შორია!

– შორი ზღვა არის, მა, იმიტომ რომ ის საერთოდ არ ჩანს. – ვუპასუხებდი მეც.

ისე მიყვარდა ის პატარა იტალიური ეზო და ორი პაწუა ოთახი. კარადაში დამწყვდეული წიგნები და ჭურჭელი. ჩაის მომზადებამდე იწყებოდა ყველაზე სასიამოვნო წუთები ჩემთვის.

– სურათები დაათვალიერეო, – მეტყოდა ოჯახის დიასახლისი და ძლივს გადმოიღებდა კარადიდან ალბომს.

ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
მანძილი სამოთხემდე: ჯოჯოხეთს ნახევარი ბეღურაც ჰყოფნის

აკანკალებული ხელით გამოვართმევდი და მოვიკალათებდი მყუდროდ. ყდაზე ოქროსფერი ასოებით რომელიღაცა წელი იყო ამოტვიფრული. სასოებით ვშლიდი თითოეულ გვერდს.

სადაც ჯარისკაცების ფოტოები იყო, რუსულად ეწერა ამა თუ იმ ქალაქის სახელი. დანარჩენს: ბორჯომი, აბასთუმანი, საირმე, ბახმარო... ყოველთვის ფერადი იყო სოხუმის, გაგრის, ბზიფის, ახალი ათონის სურათები.

ჩერდებოდა ერთი კონკრეტული წამი, ცოცხლდებოდნენ ადამიანები ჩემ წარმოსახვაში და ყველას საკუთარ ისტორიას ვუგონებდი:

– ეს ულვაშა ვერ დაბრუნდა ალბათ ჯარიდან, ეს გოგონა ლამაზი კაბით ოჯახის ნათესავი იქნება, კაცი თეთრი ხალათით – ექიმია. ძაღლთანაც გადაუღია მასპინძელს სურათი, მერე გაუჩუქებია „მარად მოსაგონებლადო“, – მიუწერია, ახლა ისევ მის ალბომშია.

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ჩვეულებრივი დილა თბილისში და თითქოს უჩვეულო ამბავი

და დიასახლისის ხმაც გამომაფხიზლებდა:

– ჩაი მზადაა...

ფაიფურის წითელი ჭიქები ხომ გახსოვთ – გაბერილები, თეთრი კოპლები რომ ჰქონდა. ძლივს გამოვუჩენდი ფსკერს ამ პატარა ქვევრებს. ახლაც ჩამესმის ყურში, მამა რომ შაქარს ჩაიყრიდა, როგორ აწკარუნებდა მელქიორის კოვზს ჭიქაში.

პირველი ვდგებოდი სუფრიდან და ალბომს ვუბრუნდებოდი.

ისევ ჩემ თითებსა და თვალებს შუა ცოცხლდებოდნენ ადამიანები.

– მა, ჩვენ რატომ არ გვაქვს ასე დიდი ალბომი, მე როგორი ვიყავი პატარა, შენც გეცვა ჯარისკაცის ფორმა? – ვეკითხებოდი მამას.

– აფხაზებს მოკითხე, ვის ეცალა სურათებისთვის, დაწვეს ალბათ...

მარია გვედაშვილის ფოტო - Sputnik საქართველო
ენგურსგაღმელის ჩანაწერები - საიდა

– სულ ყველაფერი დაწვეს? არაფერი დამრჩა ბავშვობიდან?

– სულ ყველაფერი, გარდა აკვნისა.

– და აკვანი რატომ არა?

– ასეთი ტრადიცია აქვთ აფხაზებს – არ წვავენ, და დიდხანს ეგდო, თურმე, ეზოში შენი აკვანი.

სიგარეტს მოუკიდა მამამ.

ალბომს რაღას ერჩოდნენ ნეტავ, გულში ვფიქრობდი, და მეც მინდოდა ასე დიდი ალბომი, ფოტოებით სავსე...

 

ყველა ახალი ამბავი
0